მზისგან დამცავი საშუალებების და ორსულობა

10-05-2022

მზის მცხუნვარე სხივებისგან თავის დაცვა ორსულობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს კანი ჩვეულებრივზე უფრო ნაზი და სენსიტიურია.
მზისგან დაცვის საუკეთესო ხერხი, რა თქმა უნდა, პრევენციაა. თუ ეს შესაძლებელია, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს დილის 11-12 საათიდან საღამოს 17-18 საათამდე პერიოდში (სეზონის მიხედვით). ამ დროს მზის გამოსხივება ყველაზე ძლიერია. ხოლო გარეთ ყოფნისას მიჰყევით შესაბამის რეკომენდაციებს, როგორიცაა მზისგან დამცავი კრემის წასმა. ჩვენ გირჩევთ, როგორი კრემი გამოიყენოთ ორსულობისას.

ორსულებისთვის უსაფრთხო მზისგან დამცავი საშუალებები 

სასურველია გამოიყენოთ ფართომასშტაბიანი მოქმედების მზისგან დამცავი კრემი, რომელიც იცავს ულტრაიისფერი გამოსხივების A და B ტიპის ტალღების მიმართ (UVA, UVB). ასევე დააკვირდით, რომ მზისგან დაცვის ფაქტორი, ანუ SPF, 30-ზე მაღალი იყოს. ორსული ქალებისთვის რეკომენდებულია იმ მზისგან დამცავი საშუალებების მოხმარება, რომელთა აქტიური ინგრედიენტი თუთიის ოქსიდი ან ტიტანის დიოქსიდია. მათ მინერალური ან ფიზიკური მზისგან დამცავი კრემები ეწოდება, რადგან არ შეიწოვება კანიდან, არამედ მხოლოდ თავსდება კანის ზედაპირზე. შეარჩიეთ წყალგამძლე კრემი იმის მიუხედავად, აპირებთ თუ არა წყალში ჩასვლას.
ეცადეთ, ძალიან დიდი ყურადღება არ გაამახვილოთ მზისგან დამცავი საშუალებების ცალკეულ ინგრედიენტებზე. თუ არ ხართ დარწმუნებული, ორსული ქალისთვის უსაფრთხოა თუ არა მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება, შეამოწმეთ ეტიკეტი და ჰკითხეთ თქვენს ექიმს. 

კიდევ ერთი რჩევა: არ გამოიყენოთ მზისგან დამცავი საშუალება, რომელიც შეიცავს მწერებისგან დამცავ ნივთიერებებს, რადგან ის ნაკლებად ეფექტურია. თუ მწერების რეპელენტის გამოყენება გსურთ, იყიდეთ ის ცალკე და წაისვით მზისგან დამცავი კრემის გამოყენების შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში მზისგან დამცავი კრემის ხელახლა წასმა უფრო ხშირად მოგიწევთ, რადგან მწერებისგან დამცავი სპრეი ამცირებს მზისგან დამცავი კრემის ეფექტურობას. 

რატომ არის მზისგან დამცავი კრემის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორსულობის დროს?

მზისგან დამცავი კრემი არა მხოლოდ კანის კიბოსგან დაგიცავთ, არამედ დაიცავს თქვენს კანს გაუფერულებისა და ორსულობასთან დაკავშირებული სხვა მდგომარეობების გამწვავებვისაგან.
იმის გამო, რომ თქვენი კანი უფრო მგრძნობიარეა, მელაზმა და კანის სხვა ტიპის ჰიპერპიგმენტაციების - ლაქები, წერტილები ან ხაზები - გაჩენის რისკი უფრო მაღალია მზეზე ყოფნის დროს. 

მზეზე ყოფნისას დამცავი უსაფრთხოების ზომები ორსულებისთვის:

თუ გეგმავთ ღია ცის ქვეშ დიდი დროის გატარებას, დაიცავით თავი მზის საზიანო გამოსხივებისგან შემდეგი ნაბიჯებით:
•    შეეცადეთ დარჩეთ შენობაში იმ პერიოდში, როცა მზე ზენიტშია, დილის 11-12 საათიდან საღამოს 17-18 საათამდე (სეზონის მიხედვით).
•    შეძლებისდაგვარად შეაფარეთ თავი დაჩრდილულ ადგილებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მზის გამოსხივება ყველაზე მძლავრია. 
•    წაისვით მზისგან დამცავი კრემი გარეთ გასვლამდე მინიმუმ 15 წუთით ადრე. საფუძვლიანად გაინაწილეთ კანზე. ხელახლა წაისვით ყოველ ორ საათში. 
•    გამოიყენეთ SPF 30 ან მეტი დაცვის მქონე ტუჩის საცხი.
•    მაქსიმალურად დაფარეთ კანის ზედაპირი ტანსაცმლით და შეარჩიეთ ღია ფერის, ბუნებრივი ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელი, სასურველია იყოს მჭიდროდ ნაქსოვი. 
•    ატარეთ ფართოფარფლიანი ქუდი და მზის სათვალე, სასურველია ისეთი, რომელიც ბლოკავს UVA და UVB სხივების 99 პროცენტს. 
•    მოერიდეთ გადახურებას - ორსული ქალები უფრო მგრძნობიარენი არიან მზის დაკვრის განვითარების მიმართ, ასე რომ, თუ თავბრუსხვევა ან გაბრუება შეგაწუხებთ, დაუყოვნებლივ დალიეთ წყალი, მოშორდით მზის სხივებს და მოიძიეთ კონდიციონერი, რათა გაგრილდეთ. 
დაიმახსოვრეთ, არ არის აუცილებელი სახლში გამოიკეტოთ მხოლოდ იმიტომ რომ ორსულად ხართ. უბრალოდ აქციეთ მზისგან დაცვა თქვენს პრიორიტეტად. 

წყარო:whattoexpect.com