რატომ უნდებათ ფეხმძიმეებს  მჟავე კიტრი

02-05-2022

როდესაც ადამიანს უჩნდება დაუოკებელი სურვილი,  მიიღოს რომელიმე საკვები პროდუქტი, ეს იმას ნიშნავს, რომ მის ორგანიზმს რაღაც აკლია. 
ბევრ ფეხმძიმეს ჰქონია სიტუაცია, როდესაც შუა ღამით მონდომებია მაგალითად მარწყვი, ალუჩა, მჟავე კიტრი, ჩიფსი, პიცა და ა.შ., ან თუნდაც რაღაც უცნაური, მაგალითად - თიხა. ამ სურვილის კონტროლი თითქმის შეუძლებელია. რას ნიშნავს ეს შეტევა და რატომ იჩენს ხოლმე თავს?
ავსტრალიელმა სწორი კვების სპეციალისტმა, ექიმმა დიეტოლოგმა მაკ გრაისმა  აღნიშნული სურვილების გამოწვევის სამი ძირითადი მიზეზი დაასახელა. 
1.როდესაც გინდებათ მლაშე  - ე.ი. არ გყოფნით სითხე
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ თქვენ გინდებათ ტომატი, ჩიფსი ან სხვა მარილიანი რამ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაუწყლოება გაქვთ.
ფეხმძიმობის პერიოდში ორსული ქალის ორგანიზმს სითხის მოთხოვნილება 150 პროცენტით ეზრდება. ამიტომაც არის, რომ მესამე ტრიმესტრის ბოლოს ფეხმძიმე ქალებს ფეხები და ხელები უშუპდებათ. საქმე ისაა, რომ ორგანიზმმა მეტი სისხლი უნდა აწარმოოს, რათა გამოკვებოს ნაყოფი. ასევე უნდა გამოიმუშაოს სანაყოფე წყლები. ორსულთა უმეტესობა პირველ ტრიმესტრში ორ კილოგრამს მხოლოდ წყლის ხარჯზე იმატებს. 
მარილი ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს. სწორედ ამიტომ სვამენ სპორტსმენები ხანგრძლივი ვარჯიშის დროს ბევრ წყალს.  თუ არ იღებთ საკმარისი რაოდენობის წყალს, გინდებათ მარილიანი. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ჩიფსები და მარილიანი გინდებათ? უბრალოდ დალიეთ წყალი.  
2. როცა გინდებათ რაღაც უცნაური - ე.ი. ორგანიზმს აკლია რკინა
ორსულობის დროს ორგანიზმს აკლდება რკინა, განსაკუთრებით - მეორე ტრიმესტრში. რკინის უკმარისობა იწვევს მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას. 
რკინის დეფიციტის ერთ-ერთი გამოვლინება შესაძლოა იყოს რაიმე უცნაურის მირთმევის სურვილი, მაგალითად - თიხის, ცარცის, ნახშირის... თუ ასეა გირჩევთ, აუცილებლად გაიკეთოთ ანალიზები.
3. გინდებათ ტკბილი - არ იკვებებით რეგულარულად
საიდუმლო არავისთვის არის, რომ ორსულობის დროს ქალს მადა ემატება. უმჯობესია იკვებოთ ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა. ეცადეთ, არ მოგშივდეთ და რაიმეს მირთმევის მწვავე სურვილი არ შეგაწუხებთ. 
გაითვალისწინეთ, რომ ტკბილი საჭმელი სასარგებლო საერთოდ არ არის და წონის მატების მეტს არაფერს მოგიტანთ.