ვიტამინები, კვებითი დანამატები და კვების რაციონი ორსულობის პერიოდში

09-04-2022

ორსულობის დროს ჯანსაღი და მრავალფეროვანი კვების რაციონი აუცილებელია, რათა ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის ვიტამინები და მინერალები მიიღოს.
დაორსულების შემდეგ ან ორსულობისთვის მომზადების პერიოდში რეკომენდებულია ზოგიერთი ვიტამინისა და კვებითი დანამატის მიღება. ერთ-ერთი აუცილებელი კვებითი დანამატი ფოლიუმის მჟავაა. 
ასევე საჭიროა D ვიტამინის დამატებით მიღება, ხოლო A ვიტამინის მომატებული რაოდენობის მიღება სასურველი არ არის და შეიძლება ნაყოფისთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს. ასე რომ, მულტივიტამინის ტაბლეტების მიღებისას დარწმუნდით, რომ მათ შემადგენლობაში A ვიტამინი, ანუ რეტინოლი არ შედის.

ფოლიუმის მჟავა
რეკომენდებულია ქალმა ორსულობის დადგომამდე დღეში 400 მიკროგრამი ფოლიუმის მჟავის მიღება დაიწყოს და განაგრძოს ორსულობის 12 კვირის ჩათვლით. ეს ნაყოფის განვითარების დეფექტების, განსაკუთრებით კი ნერვული მილის დეფექტის (spina bifida) განვითარების რისკს ამცირებს. ფოლიუმის მჟავას შეიცავს ფოთლოვანი მწვანილები, სპრედი და საუზმის ბურღულეული, თუმცა გახსოვდეთ, რომ მხოლოდ საკვებიდან ფოლიუმის მჟავის საჭირო რაოდენობის მიღება ძალიან რთულია. თუ ნაყოფის ნერვული მილის დეფექტის განვითარების მომატებული რისკი არსებობს, შეიძლება ექიმმა ფოლიუმის მჟავის უფრო მაღალი დოზა დაგინიშნოთ - 5 მილიგრამამდე.
ნერვული მილის დეფექტის მომატებული რისკი შეიძლება არსებობდეს, თუ:
•    თქვენ ან ბავშვის მამას აქვს ნერვული მილის დეფექტი.
•    თქვენს ან ბავშვის მამის ოჯახში არსებობს ნერვული მილის დეფექტის ისტორია.
•    წინა ორსულობისას შეგექმნათ ეს პრობლემა.
•    გაქვთ დიაბეტი.
•    იღებთ ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტებს.
•    იტარებთ აივ-ის საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსულ მკურნალობას.

D ვიტამინი
ორსულობისას თქვენ გჭირდებათ მიიღოთ დღეში 10 მიკროგრამი ოდენობის D ვიტამინი. ამ რაოდენობის D ვიტამინის მიღება აუცილებელია განსაკუთრებით სექტემბრისა და მარტის თვეებს შორის.
D ვიტამინი არეგულირებს ორგანიზმის მიერ ფოსფორისა და კალციუმის შეწოვას. D ვიტამინი ჩვენს კანში მზის სხივების ზემოქმედებით წარმოიქმნება. ზუსტად არ არის ცნობილი, მზეზე რა დროის გატარებაა საჭირო D ვიტამინის დღიური დოზის მისაღებად. გახსოვდეთ, რომ მზეზე ხანგრძლივი ექსპოზიციისას უნდა წაისვათ მზისგან დამცავი კრემი.
      D ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტებია:
•    ცხიმიანი თევზი (ორაგული, სარდინები, სკუმბრია, ქაშაყი)
•    კვერცხი
•    წითელი ხორცი
D  ვიტამინს, სამწუხაროდ, პროდუქტების მცირე რაოდენობა შეიცავს. ძალიან რთულია D ვიტამინის საჭირო მარაგის მხოლოდ საკვებიდან მიღება.
თუ თქვენ მუქი ფერის კანი გაქვთ ან ყოველთვის სამოსით გაქვთ კანი დაფარული, შეიძლება D ვიტამინის უკმარისობის განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ იყოთ. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია D ვიტამინი  მთელი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად მიიღოთ. რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

რკინა
რკინის ნაკლებობა ქრონიკულ დაღლილობას და ანემიას იწვევს. ფოთლოვანი მწვანილები, ხორცი, ხილის ჩირი და თხილი რკინის მარაგს შეიცავს. ასევე, ზოგი ბრენდის საუზმის ბურღულეული რკინით არის გამდიდრებული.

C ვიტამინი
C ვიტამინი აუცილებელია იმუნური სისტემისთვის. C ვიტამინის სრული მარაგის მიღება შესაძლებელია დაბალანსებული და ჯანსაღი დიეტისგან.
C ვიტამინის წყაროს წარმოდგენს შემდეგი საკვები პროდუქტები:
•    ფორთოხალი და ფორთოხლის წვენი
•    წითელი და მწვანე წიწაკა
•    მარწყვი
•    მოცხარი
•    ბროკოლი
•    ბრიუსელის კომბოსტო
•    კარტოფილი

კალციუმი
კალციუმი აუცილებელია ნაყოფის ძვლოვანი სისტემის და კბილების განვითარებისთვის. 
კალციუმის წყაროს წარმოადგენს:
•    რძე, ყველი და იოგურტი
•    მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა წიწმატი ან ისპანახი.
•    ტოფუ
•    სოიოს შემცველი სასმელები
•    პური, განსაკუთრებით თუ კალციუმით გაჯერებული ფქვილით არის დამზადებული.
•    თევზის სახეობები, რომელთა ფხების შეჭმა შეიძლება, მაგალითად სარდინები.

ვეგეტარიანელი, ვეგანი ან სპეციფიკურ დიეტაზე მყოფი ორსული ქალებისთვის.
თუ ვეგეტარიანული დიეტა კარგად დაბალანსებული და მრავალფეროვანია, ის მოგაწვდით ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას და ვიტამინს, მაგრამ რკინის და ბ12 ვიტამინის დამატებით მიღება მაინც მოგიწევთ.ხოლო თუ ვეგანი ხართ ან რაიმე ფერმენტის უკმარისობის ან სამედიცინო მდგომარეობის გამო იძულებული ხართ, შეზღუდული რაოდენობის საკვები პროდუქტები მიიღოთ, აუცილებლად მიმართეთ რჩევისთვის ექიმს.

წყარო:nhs.uk