ორსულობის პერიოდი განსაკუთრებული დროა ქალის ცხოვრებაში. ამ დროს ყველაზე მეტს ჩვენს პატარაზე ვფიქრობთ. ორსულ ქალებს ურჩევენ, შეასრულონ რაც შეიძლება ნაკლები სამუშაო და დღის უმეტესი ნაწილი დაუთმონ დასვენებას, თუმცა შეიძლება ეს ცოტა ხანში მოსაბეზრებელი გახდეს. შემოგთავაზებთ ორსულობის შესახებ გადაღებული ფილმების სიას, რომლებიც გაგართობთ და დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.
1. რას უნდა ელოდო, როდესაც ორსულად ხარ
“რას უნდა ელოდო, როდესაც ორსულად ხარ” ვარსკვლავებით დახუნძლული ფილმია, სადაც როლებს ასრულებენ კამერონ დიასი და ჯენიფერ ლოპესი. ფილმი ქალებზეა, რომლებიც ორსულობის გავლენით ჰორმონულ ცვლილებებს განიცდიან. ფილმში მოთხრობილია ორსულობის მრავალი სხვადასხვა ისტორია: უპრობლემო ორსულობა, შემთხვევით დაორსულების ამბავი, ბავშვის გაშვილების ისტორია, ორსულობა, რომლის დროსაც დედას ტოქსიკოზი ტანჯავს და ა.შ. ყველა ეს ამბავი გადმოცემულია იუმორით.
ფილმის განმავლობაში აუცილებლად იცინებთ და შეიძლება ცრემლებიც კი დაღვაროთ. ეს ფილმი ძალიან კარგად წარმოაჩენს ორსულობის ემოციურ მხარეს.
2. ცხრა თვე
“ცხრა თვე”, სადაც მთავარ როლებს ჰიუ გრანტი და ჯულიანა მური ასრულებენ, 1995 წელს გადაღებული რომანტიკული კომედიაა, რომელიც მოგვითხრობს საიმონის და რებეკას ამბავს. წყვილს 5-წლიანი იდეალური ურთიერთობა ჰქონდა, სანამ შეიტყობდნენ, რომ რებეკა ორსულადაა. საიმონს უჭირს მომავალ, მამის როლთან შეგუება და ამ პროცესში ძალიან უხერხულად და სასაცილოდ იქცევა. ფილმს ბედნიერი დასასრული აქვს და წყვილი იმ დასკვნამდე მიდის, რომ ორსულობა არა ცხოვრების დასასრული, არამედ ახალი ცხოვრების დასაწყისია.ფილმში აღწერილი მშობიარობის სცენა განსაკუთრებით სასაცილოა და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი რუსი გინეკოლოგია, რომლის როლსაც რობინ უილიამსი თამაშობს.
3. მშობიარობის თარიღი
რობერტ დაუნი უმცროსის მიერ განსახიერებული პერსონაჟი, პიტერ ჰაიმენი, 5 დღეში პირველად გახდება მამა. მას მიეჩქარება თავის ცოლთან, რათა დაესწროს მშობიარობას, თუმცა გამგზავრებაში ხელს ექსცენტრიკული მსახიობი, ითან ტრემბლი, შეუშლის. პიტერი იძულებული გახდება ითანთან ერთად “ჰიჩჰაიქით” ჩააღწიოს დანიშნულების ადგილამდე, რაც მისი ნერვებისთვის ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდება. მათ თავს ბევრი თავგადასავალი გადახდებათ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მშვენიერ დროს გაატარებენ.
4. უმცროსი
“უმცროსი” გვიყვება სამედიცინო მკვლევარის, დოქტორ ჰესის (არნოლდ შვარცენეგერი) ისტორიას, რომელიც საკუთარ თავს დააორსულებს თავისივე გამოგონილი ნაყოფიერების წამლით, რომლის დანიშნულება სარისკო ორსულობის მქონე ქალებისთვის ნაყოფის შენარჩუნებაა. ამის შემდეგ კომიკური სცენარი ვითარდება. ფილმის ბოლოს არნოლდ შვარცენეგერი სამშობიარო ბლოკშია და საკეისრო კვეთისთვის ემზადება. ეს ფილმი სახალისო საყურებელია მეუღლესთან ერთად.
5. გზაში
“გზაში” არის ფილმი ბერტისა და მისი ორსული შეყვარებულის, ვერონას შესახებ, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სამოგზაუროდ გაემართებიან, რათა ბავშვის აღსაზრდელად იდეალური ადგილი იპოვონ. წყვილი სტუმრობს თავიანთ მეგობრებს სხვადასხვა ქალაქში. მოგზაურობაში გაარკვევენ, რომ სახლი იქაა, სადაც სიყვარულია.
ფილმში ბევრი კომედია, დრამა და საინტერესო პერსონაჟია. ასევე ნაჩვენებია მშობლებისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპები. ძალიან ბევრი ტიპის მშობელს გაიცნობთ და ბევრ ისტორიას მოისმენთ.
6. პატარას დედიკო
თუ გსურთ კარგ ხასიათზე დადგეთ უყურეთ “პატარას დედიკოს”. ფილმი მოგვითხრობს ქეითის შესახებ. ქეითი კარიერაზე ორიენტირებული, დამოუკიდებელი ქალია, რომელსაც შვილის ყოლა სურს, თუმცა თავად ეს არ შეუძლია. დაიქირავებს თავქარიან ენჯის სუროგატ დედად. ისინი ერთად გადავლენ საცხოვრებლად და მუდმივად კამათობენ იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს ენჯის ორსულობა. მალე ქეითი აღმოაჩენს, რომ ენჯი ორსულად საკუთარ შვილზეა, რომელსაც ყოფილი ქმრისგან ელოდება. იმის ყურება, თუ როგორ ცდილობს პასუხისმგებლიანი ქეითი უდარდელი ენჯის კარგ დედად ჩამოყალიბებას, ძალიან სახალისოა.
7. დაბადების ამბავი
თუ აპირებთ, რომ ამ სიიდან მხოლოდ ერთი ფილმი აარჩიოთ, ბევრი აღარ იფიქროთ. “დაბადების ამბავი” არ ჰგავს ტრადიციულ რომანტიკულ კომედიებს. ის მაღალი ხარისხის ფილმია, რომელსაც ყველა ორსულმა ქალმა უნდა უყუროს. “დაბადების ამბავი” დოკუმენტური ფილმია, რომელიც მოგვითხრობს ორსული ქალების გამოცდილებების შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მასში ნაჩვენებია საკეისრო კვეთა, ბუნებრივი მშობიარობა, ეპიდურული ანესთეზია, სახლში მშობიარობა, მშობიარობის ინდუქცია, დულას მომსახურება და მრავალი სხვა. ეს ფილმი ძალიან ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით მშობიარობის შესახებ.
8. პატარძლის მამა 2
მათთვის, ვისაც ამავე დასახელების პირველი ნაწილი უყვარს, “პატარძლის მამა 2 ” იდეალური არჩევანია. ფილმი გვიყვება ჯორჯის ისტორიას, რომელიც ემზადება, რომ გახდეს მამა მესამედ და ბაბუა პირველად. ფილმის მთავარი აზრი არის ის, რომ რთულ დროს ოჯახი ერთად უნდა შეიკრას. ის ასევე მშობიარობისა და ორსულობის რეალისტურ სურათსაც ხატავს.
9. ბავშვები
“ბავშვები” დოკუმენტური ფილმია, რომელიც ოთხი სხვადასხვა ეროვნების ბავშვის ისტორიას მოგვითხრობს. ისინი არიან იაპონიიდან, მონღოლეთიდან, ნამიბიიდან და კალიფორნიიდან. ფილმი აღწერს ბავშვების დაბადების შემდეგ მათი ზრდა-განვითარების ეტაპებს და გვაჩვენებს, როგორ აღიქვამენ ისინი სამყაროს. ფილმში დიალოგები არ არის და გვაჩვენებს, რომ ეროვნება და რასა ბავშვებს არაფრით განასხვავებს ერთმანეთისგან.
10. მშობიარობის ტკივილები
თეა, ამპარტავანი რედაქტორის დაუდევარი მდივანი, ორსულობას გაითამაშებს, რათა სამსახურიდან გაგდებას თავი დააღწიოს. მისი გეგმა გაამართლებს და ის სამსახურს შეინარჩუნებს. ახლა ის გეგმის შემდეგ ნაწილზე ფიქრობს - მას ძალიან მოსწონს ზედმეტი ყურადღება და მზრუნველობა, რასაც ცრუ ორსულობის გამო თანამშრომლებისგან იღებს.
11. ბიჭებთან ერთად მანქანით სეირნობა
“ბიჭებთან ერთად მანქანით სეირნობა” მარტოხელა დედის ცხოვრებაზეა, რომელიც ყველა დაბრკოლებას გადალახავს და მიზანს მიაღწევს - მაგისტრის ხარისხს აიღებს სასურველ დარგში. მთავარ როლში დრუ ბერიმორია. ეს ფილმი არც ისე მსუბუქია. მასში განხილულია ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემა, დამსხვრეული ოცნებები, განქორწინება. მაგრამ ფილმში ასახული კავშირი მთავარ პერსონაჟსა და მის ვაჟს შორის განსაკუთრებულია. ფილმი ძალიან ამაღელვებელი და ემოციურია. თუ მოგინდებათ, რომ ისტორიას უკეთ გაეცნოთ, შეგიძლიათ იმავე სახელწოდების წიგნი წაიკითხოთ.
12. ჯუნო
“ჯუნო” ნამდვილად არ უნდა ნახოთ მაშინ, როცა ჰორმონების და ემოციების მოჭარბება გაქვთ, რადგან შეიძლება ძალიან ბევრი ცრემლი დაღვაროთ. “უნო” სკოლის მოსწავლე გოგონაზეა, რომელიც მას შემდეგ, რაც აღმოაჩენს, რომ ორსულადაა, გადაწყვეტს ბავშვი გააშვილოს და მისთვის საუკეთესო მშობლების ძებნას იწყებს.
“ჯუნომ” ძალიან დიდი პოპულარობა მოიხვეჭა გამოსვლისთანავე, 2007 წელს. ფილმში გადმოცემულია თინეიჯერობის ასაკში ორსულობის ყველა სირთულე. მაგალითად, უნოს არავინ პატიჟებს ბანკეტზე, თანატოლები მუდმივად მასზე ჭორაობენ და გოგონა მათგან გარიყულია. უნო გამორჩეული პერსონაჟია, თავისი სარკაზმით და გონებამახვილური რეპლიკებით. ამ ფილმის ყურებისას ბევრს იცინებთ, ბევრსაც იტირებთ და მოგინდებათ თავიდან მრავალჯერ უყუროთ.
13. ორსული
“ორსული” ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია მათთვის, ვისაც სურს ორსულობას იუმორით შეხედოს. კარენს და ბენს ერთი ღამის ურთიერთობა ჰქონდათ. მალე კარენი შეიტყობს, რომ ორსულადაა და ამ სიახლეს ბენს აცნობებს. კარენისთვის მარტივი გადაწყვეტილებაა ბავშვის დატოვება, თუმცა გამოდგება თუ არა ბენი მამად, ამის თქმა მისთვის რთულია.
ამ უჩვეულო წყვილის ისტორია ბევრ იუმორს შეიცავს. ფილმში ორსულობის არც ერთი ასპექტი არ არის გამოტოვებული. ასევე, ფილმის ბოლოს ძალიან რეალისტური მშობიარობის სცენაა.
14. მიმტანი
“მიმტანი” მოგვითხრობს ჯენაზე, წარუმატებელ ქორწინებაში მყოფ ქალზე, რომელიც ღვეზელის გამოცხობის შეჯიბრებაში იღებს მონაწილეობას, რათა ფული მოიგოს და შეძლოს ქმრის მიტოვება. მას თავისი გინეკოლოგი უყვარდება, რომელიც ასევე დაქორწინებულია. შეჯიბრისთვის მომზადების პერიოდში ჯენა შეიტყობს, რომ ორსულადაა.
ფილმში აღწერილია სენსიტიური საკითხი - ოჯახური ძალადობა. ამის მიუხედავად ის კარგ ხასიათზე დაგაყენებთ და გულს გაგითბობთ.
15. ის ბავშვს ელოდება
ბავშვის დაბადების მომენტში არა მხოლოდ ახალშობილი, არამედ კარგი მამები და ქმრებიც იბადებიან. ფილმში მთავარ როლს ჰიუ ჯეკმანი ასრულებს. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილის ისტორიას, რომელიც ცდილობს, ურთიერთობის პრობლემებს და ახალ გამოწვევებს გაუმკლავდეს.
16. ნახეთ ვინ ლაპარაკობს
მოლი ბუღალტერია, რომელიც მარტოხელა დედა გახდება მას შემდეგ, რაც შეყვარებული სხვა ქალის გამო მიატოვებს. ფილმის სიუჟეტი მიჰყვება მოლის ისტორიას, თუ როგორ ცდილობს ის შვილისთვის კარგი მამის პოვნას. მოლის ტაქსის მძღოლი სახელად მაიკი შეუყვარდება, რომელიც მისთვის უჩვეულო მეწყვილეა.ფილმში ახალშობილის პერსპექტივაც არის გადმოცემული და მისი ფიქრები გახმოვანებულია, რაც მას განსაკუთრებულ მხიარულებას მატებს.
17. ვიტოვებთ
“ვიტოვებთ” პირველი ფილმია, სადაც ასახულია თინეიჯერი გოგონას ორსულობის ისტორია. მთავარი პერსონაჟი, დარსი, შემთხვევით დაორსულდება კოლეჯში გამგზავრებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე. დარსის მშობლები მოუწოდებენ ქალიშვილს, უარი თქვას ბავშვის გაჩენაზე, მაგრამ დარსი და მისი შეყვარებული ბავშვის გაჩენას გადაწყვეტენ.
18. სათადარიგო გეგმა
“სათადარიგო გეგმაში”- მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი ასრულებს. ის დაღლილია იდეალური მამაკაცის ძიებით და გადაწყვეტს ხელოვნური განაყოფიერების გზით გააჩინოს შვილი. როდესაც დაორსულდება, მაშინ შეხვდება თავის ოცნების მამაკაცს და მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. ამ ფილმში თავმოყრილია ყველა კომპონენტი, რასაც რომანტიკული კომედიისგან ველით. როგორც მოსალოდნელი იყო, ფილმი წყვილის დაქორწინებით სრულდება.
19. მშობლობა
ფილმი მოგვითხრობს დიდი ოჯახის ისტორიას მშობლების მრავალფეროვანი გამოცდილებებით. მოქმედებები ერთი ზაფხულის განმავლობაში ვითარდება.
ფილმის მთავარი პერსონაჟი წუხს თავისი შვილების ნაკლოვანებების გამო და ამაში საკუთარ თავს ადანაშაულებს. მისი ოჯახის წევრები დამატებით სტრესს უქმნიან მას. ეს ფილმი ძალიან დიდი ინტერესით მიგაჯაჭვავთ ეკრანთან.
20. ბავშვის ბუმი
“ბავშვის ბუმი” არის ფილმი კარიერაზე ორიენტირებულ, წარმატებულ ქალზე, რომლის ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა მას შემდეგ, რაც ნათესავის შვილის აღზრდის ვალდებულება დაეკისრება. მას უჭირს დატვირთულ სამუშაო გრაფიკთან ბავშვის აღზრდის შეთავსება. მიატოვებს სამსახურს და ბავშვთან ერთად ვერმონტში გადადის საცხოვრებლად. იქ მას მოუვა იდეა, დააარსოს ბავშვის საკვების მწარმოებელი კომპანია. ფილმის მთავარი პერსონაჟისთვის დედის როლი ბუნებრივი არ არის, მაგრამ სწავლობს როგორ იყოს საუკეთესო დედა.
21. სამი მამაკაცი და ერთი ბავშვი
ამ ფილმს თქვენს მეუღლესთან ერთად უნდა უყუროთ. სამი მეგობარი ნიუ-იორკში ცხოვრობს. მათ კართან ჩვილ ბავშვს დაუტოვებენ. ერთ-ერთი მათგანი ბავშვის მამაა, თუმცა უცნობია - რომელი. კაცებს ძალიან უყვარდებათ ბავშვი. ბოლოს დედა მოდის მის წასაყვანად. ფილმი მრავალი ემოციით და იუმორითაა დატვირთული. ბევრი სასაცილო სცენაა, სადაც კაცები მოუხერხებლად და უიმედოდ ცდილობენ ბავშვის მოვლას.
22. ცხოვრება ისეთი, როგორსაც ვიცნობთ
“ცხოვრება ისეთი, როგორსაც ვიცნობთ” მოგვითხრობს ორი ადამიანის ისტორიას, რომლებსაც მეგობრების გარდაცვალების შემდეგ მათ შვილზე მეურვეობა ეკისრებათ. სახალისო სიტუაცია იქმნება, როცა ეს ორი ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთი ეჯავრებათ, იძულებული ხდება ბავშვი ერთად აღზარდონ.
ამ ფილმში ბევრი თბილი, რომანტიკული მომენტია, ბავშვი კი უსაყვარლესია.
23. მეგობრები ბავშვებით
“მეგობრები ბავშვებით” ეხება იმას, თუ რა ხდება წყვილის ცხოვრებაში ბავშვის დაბადების შემდეგ. ფილმში ორი საუკეთესო მეგობარი ერთად ბავშვის გაჩენას გადაწყვეტს. მათი განზრახვაა, რომ მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ და ბავშვი ერთად აღზარდონ.
მათ ნანახი აქვთ როგორ შეცვალა მათი მეგობრების ცხოვრება შვილის შეძენამ და არ სურთ მათაც იგივე დაემართოთ. თუმცა ცხოვრებას მათთვის უფრო დიდი გეგმები აქვს.
24. იქ სადაც გულია
“იქ სადაც გულია” არის ძალიან დამაფიქრებელი და ემოციური ფილმი 17 წლის ორსულ გოგონაზე სახელად ნოვალი. ნოვალი თავისი შეყვარებულისგან გარბის და მას მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ პოულობენ. ფილმი იწყება განვითარებული მოვლენებიდან 5 წლის დაშორებით. ნოვალი იხსენებს მომხდარს და დახმარებას იღებს ახლო მეგობრებისგან.
25. ბედნიერი მოვლენა
ნიკოლასი და ბარბარა ბედნიერი წყვილია. ერთადერთი, რაც მათ ცხოვრებას აკლია, ბავშვია. ბარბარა დაორსულდება და ეს მათ ურთიერთობაში პრობლემებს შემოიტანს. ის ერთდროულად განიცდის შიშს და სიხარულს.“ბედნიერი მოვლენა” ფრანგული ფილმია სიყვარულზე და იდენტობაზე. ფილმი დედის მიერ საკუთარი თავის აღმოჩენას ეძღვნება. მასში აღწერილია ორსულობის პროცესში განცდილი ბედნიერება და მწუხარება და ასევე მშობიარობის შემდგომი პრობლემები.
წარო: momjunction.com