20 რამ რაც უნდა იცოდეთ პირველი ორსულობის დროს

27-03-2022

დედობის ბედნიერება შეუდარებელია, მაგრამ მას თან უამრავი ახალი პასუხისმგებლობა და ემოციები მოჰყვება. ჩვენ მოგაწვდით მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც ახალბედა დედებს აუცილებლად გამოადგებათ. ცვლილებების მიმართ სენსიტიურობის გაზრდა ორსულობის დროს ნორმალურია. მოულოდნელმა ცვლილებებმა შეიძლება შფოთვა გამოიწვიოს, ამიტომ სასარგებლოა წინასწარ იცოდეთ იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოთ ორსულობის პერიოდში.

შემოგთავაზებთ 20 მნიშვნელოვან ფაქტს ორსულობის შესახებ რომლებიც ცოდნაც ამ პროცესს უფრო სასიამოვნოს და დასამახსოვრებელს გახდის:
1. ორსულობის ნიშნები:
მას შემდეგ, რაც მენსტრუაციის დაწყება დაგვიანდება, თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ შემდეგი სიმპტომები: გულისრევა, მსუბუქი წელის ტკივილი, გუნება-განწყობის ცვალებადობა, მკერდის შესივება და მგრძნობელობის მომატება, გარკვეული საკვები პროდუქტების ძლიერი მოთხოვნილება. ორსულობის დადგენის ერთ-ერთი გზა ორსულობის ტესტის გაკეთებაა. თუ სახლში გაკეთებული ტესტის პასუხი ბუნდოვანია, ორსულობის დასადგენად უნდა მიხვიდეთ გინეკოლოგთან. მნიშვნელოვანია, ორსულობის დადგენა რაც შეიძლება მალე მოხდეს.
2. ექიმთან ანტენატალური ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია:
ბევრი ადამიანი ორსულობის დაგეგმვის ფარგლებში დაორსულებამდე გადის კონსულტაციას გინეკოლოგთან, რათა დარწმუნდეს, რომ მისი ორგანიზმი მზადაა ორსულობისთვის. ექიმი ასევე აფასებს მოსალოდნელ გართულებებს. ორსულობის დადგომისთანავე მნიშვნელოვანია მოიძიოთ თქვენთვის სასურველი გინეკოლოგი და იაროთ მასთან ვიზიტებზე რეგულარულად. ეს აუცილებელია, რათა მთელი ორსულობის განმავლობაში დაცული იყოს დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობა.
3. ოჯახური სამედიცინო ისტორიის შეგროვება:
ოჯახური სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვანია ორსული ქალისთვის. ორსულობის დადგომისას რეკომენდებულია შეაგროვოთ ინფორმაცია თქვენი ოჯახის წევრი ქალების - დედის, ბებიის, დეიდის ორსულობის შესახებ. მნიშვნელოვანია იცოდეთ თქვენს ოჯახში გავრცელებული გენეტიკური პათოლოგიების შესახებ. ეს ინფორმაცია თქვენს ექიმს მისცემს საშუალებას  მოახდინოს სხვადასხვა პრობლემის პრევენცია.


4. ვაქცინაცია აუცილებელია:
ყოველი ანტენატალური ვიზიტისას ექიმი მოგაწვდით ინფორმაციიას იმ ვაქცინების შესახებ, რომელთა გაკეთება გჭირდებათ. მნიშვნელოვანია გაიკეთოთ ექიმის მიერ რეკომენდებული ყველა ვაქცინა. ვაქცინაცია დაგიცავთ ორსულობისას ავადმყოფობისგან. გახსოვდეთ, რომ ორსულობის ადრეულ პერიოდში ავადმყოფობამ შეიძლება სერიოზული ფიზიკური და მენტალური გავლენა მოახდინოს ნაყოფზე. არსებობს გავრცელებული მითი, რომ ორსულობისას აცრა ნაყოფისთვის საზიანოა. ამის დამამტკიცებელი არავითარი საბუთი არ არსებობს. ცოცხალი,აქტივისრებული ვაქცინა ორსულებისთვის არ არის რეკომენდებული და მისი მიღების შესახებ გადაწყვეტილებას თქვენი ექიმი მიიღებს, შეაფასებს რა პოტენციურ რისკებსა და სარგებელს.

5. გესტაციის ვადის დადგენა:
ორსულობის პერიოდს სამ ტრიმესტრად ყოფენ. თითოეული მათგანი სამი თვე გრძელდება. თითოეულ ტრიმესტრში ორგანიზმში ახალი ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს, იცვლება სისხლის არტერიული წნევა, ჰორმონების დონე, მეტაბოლიზმი და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებების მონიტორინგი დასაწყისშივე ხდებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია მშობიარობის სავარაუდო თარიღის ცოდნა, რაც უმეტესწილად დგინდება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან ათვლის შედეგად. მშობიარობა ნორმაში ორსულობის 37-40 კვირის პერიოდში დგება.

6. ორსულობისას სისხლდენა მოსალოდნელია:
როგორც წესი, ორსულობის დადგომის პირველი ნიშანი მენსტრუაციის შეჩერებაა, თუმცა ზოგ ქალს ორსულობის დასაწყისში აქვს სისხლდენა, რაც დაბნეულობას იწვევს.
სისხლდენას იწვევს კვერცხუჯრედის გადაადგილება ფალოპის მილიდან საშვილოსნოში და მისი საშვილოსნოს კედელში იმპლანტაცია. იმპლანტაციის სისხლდენის ამოსაცნობად საუკეთესო ხერხია მის ფერზე დაკვირვება. ის ხშირად ყავისფერი ან ღია ვარდისფერია, რაც მენსტრუაციის წითელ გამონადენს არ ჰგავს. მართალია, ეს ფაქტორი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მაგრამ სიფრთხილისთვის უმჯობესია ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

7. რა ითვლება ნორმალურ წონის ნამატად?
ორსულობის პერიოდში რეკომენდებული წონის ნამატი დამოკიდებულია სხეულის მასის ინდექსზე. ქალებს, რომლებსაც ორსულობის დადგომამდე ჭარბი წონა ჰქონდათ, ურჩევენ მიიღონ უფრო ნაკლები კალორიები, ვიდრე ნორმალური წონის მქონე ქალებს. მთავარია, ნაყოფს მიეწოდებოდეს საკმარისი საკვები ნივთიერებები, რათა სრულფასოვნად განვითარდეს. 
8. რისი მირთმევა შეიძლება და რისი არა:
ვიტამინებისა და საკვები დანამატების მიღების გარდა აუცილებელია, ორსულ ქალს ჰქონდეს ჯანსაღი და დაბალანსებული კვების რაციონი. ექიმები ხშირად აწვდიან ორსულებს საკვები ნივთიერებების ცხრილს. უმჯობესია იკვებოთ ხშირად და მცირე ულუფებით, უნდა მოერიდოთ ალკოჰოლს, კოფეინს და თამბაქოს. ეს პროდუქტები ზრდიან ნაადრევი მშობიარობის, ბავშვის გონებრივი უნარშეზღუდულობის და მცირე წონის ახალშობილის დაბადების რისკებს.
9. ფიზიკური აქტივობა აუცილებელია:
ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს თქვენი ორგანიზმის სრულფასოვან ფუნქციონირებას. გახსოვდეთ, რომ მშობიარობა ფიზიკურად ძალიან დამტვირთველია და მოითხოვს შესაბამის მომზადებას. მშობიარობის ყველა სტადიის წარმატებით გავლისთვის საჭიროა ჯანმრთელი სხეული. ყოველდღიური ვარჯიში ასევე ამსუბუქებს ორსულობასთან დაკავშირებულ ჩივილებს და დისკომფორტს. კვლევები აჩვენებს, რომ დედის რეგულარული ვარჯიში ხელს უწყობს ნაყოფის ორგანოთა სისტემების სრულფასოვან ჩამოყალიბებას.
10. ორსულობის პერიოდს შეიძლება თან ახლდეს დისკომფორტი:
ორსულობის პერიოდი ორგანიზმისთვის მარტივი არ არის. გარკვეული აქტივობები თქვენთვის აკრძალული ან რთული შესასრულებელი იქნება, როგორიცაა დიდი ხნით დგომა ან ჯდომა. გულისრევა, ღებინება და ყაბზობა შეიძლება დისკომფორტის მთავარი წყარო იყოს და ენერგია წაგართვათ. ჯანსაღი კვება და დასვენება ზოგიერთ დისკომფორტს შეამსუბუქებს.
11. მოგზაურობა ორსულობის დროს:
მოგზაურობის მხრივ შეზღუდვები ნაკლებად ეხება ორსულობის ადრეულ პერიოდს, თუმცა მოგზაურობა სულ უფრო სარისკო ხდება, რაც უფრო უახლოვდებით მშობიარობის თარიღს. თუ მოგზაურობა აუცილებელია კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან რათა მიიღოთ საჭირო უსაფრთხოების ზომები. ზოგიერთ შემთხვევაში მოგზაურობისთვის ექიმის ნებართვას საჭირო. ექიმმა შეიძლება გირჩიოთ, თავი აარიდოთ მგზავრობას შემდეგი გარემოებების დროს:
•    ნაადრევი მშობიარობის ან თვითნებური აბორტის ისტორია
•    ორსულობა ტყუპებზე
•    სისხლის მაღალი არტერიული წნევა
•    პლაცენტის ანომალიები
•    გესტაციური დიაბეტი
•    საშვილოსნოს ყელის უკმარისობა
•    სისხლდენის ისტორია
•    პრეეკლამფსიის ან ექტოპიური ორსულობის ისტორია
ექიმები უმეტესად ორსულ ქალებს ურჩევენ, არ იმოგზაურონ პირველ და მესამე ტრიმესტრში.
12.მნიშვნელოვანია გქონდეთ სწორი განწყობა:
შეინარჩუნეთ პოზიტიურობა. პოზიტიური განწყობა გაგაძლიერებთ და გაგიადვილებთ ორსულობასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვას. ფსიქოლოგების ცნობით დედის მენტალურ მდგომარეობას ნაყოფზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია. მოემზადეთ მშობიარობისთვის და დაგეგმეთ ყველაფერი წინასწარ.
13. გვერდზე გადადეთ კარიერასთან დაკავშირებული წუხილები:
შეიძლება დარდობდეთ თქვენი კარიერის მომავალზე შვილის გაჩენის შემდეგ. შეეცადეთ შეუსაბამოთ ის დედობის ახალ როლს. ასევე შეგიძლიათ ხელახლა გააცოცხლოთ თქვენი კარიერული ცხოვრება, როდესაც ბავშვები წამოიზრდებიან და უფრო დამოუკიდებლები გახდებიან.
14. გამოყავით დრო დასვენებისთვის:
ორსულობა ძალიან დიდ დატვირთვას აყენებს თქვენს ორგანიზმს. ეცადეთ სამსახურში სტრესი შეამციროთ და გამოყოთ დრო დასვენებისთვის.
15. აირჩიეთ სამშობიარო:
აირჩიეთ სამშობიარო, რომელიც ყველაზე ხელსაყრელი იქნება თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. არჩევისას მთავარი კრიტერიუმები უნდა იყოს ექიმების გამოცდილება და კომპეტენცია, ჰიგიენის დონე, დაშორება სახლიდან, მისი შემოგარენი და ა.შ.
16. როგორია სამშობიარო ტკივილი?
მშობიარობის დადგომამდე დაგეწყებათ სამშობიარო ტკივილი. მნიშვნელოვანია ექიმმა აგიხსნათ, რას ნიშნავს მშობიარობის დაწყება. მშობიარობის დაწყების ყველაზე უტყუარი ნიშანია ხშირი, რეგულარული ტკივილები, რომლის სიხშირე და ინტენსივობა პროგრესულად იმატებს. ბევრი ქალისთვის ამ პერიოდში სიარული შვების მომგვრელია.
17. მშობიარობის შიშმა შეიძლება ის გაახანგრძლივოს:
ქალებს, რომლებსაც მშობიარობის შიში აქვთ, მშობიარობა საათ-ნახევრით უფრო მეტად უგრძელდებათ, ვიდრე ქალებს, რომლებსაც ნაკლებად ეშინიათ. შიში და შფოთვა ზრდის სისხლში კატექოლამინების კონცენტრაციას, რაც ასუსტებს საშვილოსნოს შეკუმშვებს. ექიმსა და მშობიარე ქალს შორის არასათანადო კომუნიკაცია ასევე შეიძლება აღმოჩნდეს მშობიარობის გახანგრძლივების მიზეზი. შიშის შესამცირებლად და მშობიარობისთვის მოსამზადებლად სასარგებლოა პრენატალურ გაკვეთილებზე დასწრება.
18. წინასწარ შეიძინეთ ბავშვისთვის საჭირო ნივთები:
არ მოიტოვოთ რაიმე საქმე ბოლო მომენტისთვის. ყველაფერი, რაც მშობიარობის შემდეგ დაგჭირდებათ, მოამზადეთ მშობიარობის დაწყებამდე. ბავშვის ტანსაცმელი, საბანი, კვებისთვის საჭირო მოწყობილობა, თქვენი ტანისამოსი ჩაალაგეთ და გაამზადეთ მშობიარობის სავარუდო თარიღამდე.
19. ბავშვის მოვლის სწავლა:
ბევრი მშობლისთვის რთულია ახალ პასუხისმგებლობებთან შეგუება. ჰკითხეთ რჩევა თქვენს მეგობრებს, ნათესავებს, რომლებიც გამოცდილი მშობლები არიან. წაიკითხეთ ინფორმაცია ბავშვის მოვლის და აღზრდის შესახებ, რათა ახალ პასუხისმგებლობებს უფრო მომზადებული შეხვდეთ.
20. ორსულობამ შეიძლება მეხსიერება გაგიუმჯობესოთ:
კანადელმა მეცნიერებმა ონტარიოს უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვით ორსულობა ტვინის რუხი ნივთიერების აქტივობას ზრდის, რათა დედა ახალი გამოწვევებისთვის მოემზადოს. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ დედები ტესტს უკეთ აბარებდნენ, ვიდრე ის ქალები, რომელებსაც შვილები არ ჰყავთ.

დამატებითი რჩევები და ინფორმაცია ორსული ქალებისთვის:

•    იძინეთ დღის განმავლობაში.
•    ატარეთ ტანზე ნაკლებად მომდგარი ტანსაცმელი.
•    ორსულობისას შეიძლება დაიწყოთ ხვრინვა, რაც ცხვირის ღრუს ლორწოვანის შეშუპებით არის გამოწვეული.
•    ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხე კავდება. ხშირად აწიეთ ფეხები მაღლა და დალიეთ მეტი წყალი.
•    ორსულობის დროს ჩვეულია ვაგინალური გამონადენი. საშიში არაფერია, თუ გამონადენი არ არის სქელი, მწვანე შეფერილობის, სისხლიანი, ან არ აქვს არასასიამოვნო სუნი.
•    ორსულობის დროს იზრდება მეტაბოლიზმის სიჩქარე, რაც იწვევს წამოხურებებს და მომატებულ ოფლიანობას.
•    ორსულობისას კანი იჭიმება, რამაც შეიძლება მუცლის არეში ქავილის შეგრძნება გამოიწვიოს.
•    თქვენი სუნი შეიცვლება. ორგანიზმში ახალი ნივთიერებების მოჭარბება სხეულის სურნელს უფრო თბილს და მიმზიდველს ხდის.
•    თქვენი ლიბიდო შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს, გაძლიერდეს ან შესუსტდეს. თუმცა ეს ცვლილებები დროებითია.
•    თქვენი ხმა ყველაზე სასიამოვნოა მუცლად მყოფი ბავშვისთვის. უმღერეთ მას სიმღერები ან წაუკითხეთ წიგნი.
•    მზად იყავით ხასიათის უცნაური ცვალებადობისთვის, ეს არ ნიშნავს იმას რომ გიჟდებით და მხოლოდ ჰორმონების ცვლილებითაა გამოწვეული.
•    თუ გყავთ შინაური ცხოველები მოაწესრიგეთ მათი ჰიგიენა და ჯანმრთელობა და ასწავლეთ როგორ მოიქცნენ ახალშობილთან.
•    წინასწარ მოიძიეთ ბავშვის მოვლისთვის დამხმარე ადამიანი, როცა თქვენ სამსახურს დაუბრუნდებით ან რეაბილიტაციისთვის დასვენება დაგჭირდებათ.
•    წინასწარ გადაწყვიტეთ, ვინ გინდათ დაესწროს მშობიარობას.