როდის იგრძნობთ ნაყოფის მოძრაობას და როგორ შეიძლება მისი მონიტორინგი?
ნაყოფის მოძრაობის პირველად შეგრძნება ძალიან ემოციური და ამაღელვებელი მომენტია. დედებს იმ მომენტში ავიწყდებათ ყველა ის სტრესი და დისკომფორტი, რაც ორსულობის პერიოდს ახლავს თან. დედები მოუთმენლად ელიან პატარას მოძრაობის შეგრძნებას, განსაკუთრებით პირველი ორსულობის დროს.
როდის არის შესაძლებელი ნაყოფის მოძრაობის პირველად შეგრძნება?
გესტაციის 16-22 კვირის ვადაზე უნდა ელოდოთ ნაყოფის მოძრაობის ფაქიზ შეგრძნებას. ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება მოწმობს იმას, რომ ის ჯანმრთელი და ძლიერია და მისი ზრდის პროცესი სათანადოდ მიმდინარეობს.თავიდან ბავშვის მოძრაობას მხოლოდ დედა გრძნობს, მაგრამ ორსულობის უფრო გვიან ვადებში ამას სხვაც შეძლებს, დედის მუცელზე ხელის დადებით.
როგორ შეგრძნებებს იწვევს ბავშვის საშვილოსნოში გადაადგილება?
შეიძლება ამან მოგაგონოთ ძლიერი აღფრთოვანების დროს მუცლებში პეპლების შეგრძნება. დედები კარგად ასხვავებენ ნაწლავებში გაზების გადაადგილების და ნაყოფის მოძრაობის შეგრძნებებს ერთმანეთისგან. თავიდან ბავშვის მოძრაობის შეგრძნება ნაზია, შემდეგ კი მისი ინტენსივობა იზრდება. ამ დროს ბავშვი ან კიდურს ადებს საშვილოსნო კედელს, ან ტრიალებს, ან გვერდს იცვლის.
ნაყოფის მოძრაობა პირველ ტრიმესტრში
პირველი ტრიმესტრის ბოლოს ბავშვის თითქმის ყველა ორგანო ფორმირებულია. ამ პერიოდში ბავშვის მოძრაობა ისე შეიგრძნობა, როგორც მეორე ან მესამე ტრიმესტრის დროს. პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ზოგი დედა ვერ გრძნობს ნაყოფის მოძრაობას. ამ შემთხვევაში მოთმინების გამოჩენა და რამდენიმე კვირით მოცდა მოგიწევთ
ნაყოფის მოძრაობა მეორე ტრიმესტრში
ამ პერიოდში ნაყოფის მოძრაობის სხვადასხვა პატერნი შეიძლება დააფიქსიროთ. ბავშვი ყველაზე ხშირად ასრულებს შემდეგ მოძრაობებს: თავის უკან გადაწევა, სხეულის შემობრუნება, სახის და ხელების მოძრაობა, პირის მოძრაობა (წოვა და ყლაპვა), კიდურების მოძრაობა.
ნაყოფის მოძრაობა მესამე ტრიმესტრში
ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში ბავშვი თითქმის სრულად არის ანატომიურად განვითარებული და უფრო აქტიურია. ამ პერიოდში ბავშვის სენსორული აპარატიც იწყებს მოქმედებას, მას შეუძლია ხმების გაგონება და შეხების შეგრძნება. ბავშვი ბევრს მოძრაობს და საშვილოსნოზე ბიძგებს აკეთებს. რეკომენდებულია რომ დედამ დაითვალოს ნაყოფის ბიძგები, რათა შეაფასოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მესამე ტრიმესტრში დედები ამჩნევენ ნაყოფის მოძრაობის ჩამოყალიბებულ პატერნებს. ბავშვი ხშირად უფრო აქტიურია ღამით, ვიდრე დღისით, ასევე შეიძლება შეამჩნიოთ 45-წუთიანი მშვიდი პერიოდები, როცა ბავშვს სძინავს. ეს მოსვენებისა და ძილის პატერნები ბავშვს დაბადების შემდეგაც გაჰყვება.
ბავშვი ასევე მოძრაობს გარკვეული ხმების ან დედის მიერ პოზიციის შეცვლის საპასუხოდ. ორსულობის დასასრულს, 36-ე კვირიდან, ბავშვი მოთავსდება სამშობიარო პოზიციაში თავით მენჯის ღრუს გასავლისკენ.
როდის შეძლებენ სხვა ადამიანები ნაყოფის ბიძგის შეგრძნებას?
ყველა ორსულობა უნიკალურია, მაგრამ, სავარაუდოდ, თქვენი მეუღლე და ოჯახის წევრები ბავშვის მოძრაობის შეგრძნებას 24-ე კვირის ვადიდან შეძლებენ, ან თქვენ მიერ მოძრაობის პირველად შეგრძნებიდან 2 კვირის შემდეგ.
რამდენად ხშირად უნდა გრძნობდეთ ნაყოფის მოძრაობას?
ნაყოფის მოძრაობის პირველად შეგრძნების შემდეგ დროთა განმავლობაში ის ხშირდება და უფრო ინტენსიური ხდება. ბავშვის თავისებურებიდან გამომდინარე ის შეიძლება შედარებით უფრო აქტიური ან პასიური იყოს. მეორე ტრიმესტრის ბოლოს თქვენ უკვე გეცოდინებათ, როგორია თქვენი შვილის აქტივობის დონე. მოძრაობების პატერნების დამახსოვრება და ბიძგების დათვლა მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის, თუ რომელიმე მონაცემში ცვლილებას შეამჩნევთ, ექიმს უნდა შეატყობინოთ.
როგორ გავუწიოთ მონიტორინგი ნაყოფის მოძრაობას?
ჩვენ შემოგთავაზებთ რჩევებს ბავშვის მოძრაობის და ბიძგების დასათვლელად:
1. მიირთვით რაიმე საკვები ან სასმელი, სანამ დათვლას დაიწყებთ.
2. დაწექით თქვენს საწოლზე, სიწყნარეში, გვერდზე. ჩაინიშნეთ დრო.
3. დაადეთ ხელები მუცლის იმ უბანს, სადაც ყველაზე ხშირად გრძნობთ ბიძგებს და ეცადეთ იგრძნოთ ნაყოფის მოძრაობა.
4. დაიწყეთ თვლა და დაინიშნეთ დრო, სანამ ათ მოძრაობას იგრძნობთ.
5. გახსოვდეთ, რომ ბავშვი ყოველ ორ საათში ათჯერ მაინც უნდა მოძრაობდეს.
რა იწვევს ნაყოფის მოძრაობის შემცირებას?
ორსულობის ბოლო პერიოდში დედები ნაყოფის შემცირებულ აქტივობას გრძნობენ. ამის მიზეზი ის არის, რომ ნაყოფი უკვე სრულად არის განვითარებული და სამოძრაოდ ადგილი არ ჰყოფნის. მოძრაობის შემცირების სხვა მიზეზებიც შეიძლება არსებობდეს:
1. როცა ბავშვი პოზიციას იცვლის თქვენ შეიძლება ბიძგები ვეღარ იგრძნოთ იმ უბანში, სადაც ჩვეულებრივ გრძნობდით.
2. წონაში ჭარბი ნამატის გამო შეიძლება გაგიჭირდეთ ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება.
3. ამნიონური სითხის მოცულობის გაზრდის შემთხვევაში გაგიჭირდებათ ნაყოფის მოძრაობის დაფიქსირება.
4. პლაცენტის პოზიციის შეცვლის შემთხვევაში.
5. მოწევის შედეგად შეიძლება ნაკლებად მგრძნობიარე იყოთ ნაყოფის მოძრაობის მიმართ.
6. შეიძლება ბავშვის ძილის პატერნის ცვლილების გამო ვეღარ გრძნობდეთ ბიძგებს ჩვეული სიხშირით.
7. თუ სტრესის ქვეშ ხართ, შეიძლება გაგიჭირდეთ ბავშვის მოძრაობის შეგრძნება.
ზემოჩამოთვლილი მიზეზები ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხეს არ წარმოადგენენ. დალიეთ ჭიქა წყალი, დაწექით მშვიდ ადგილას და ეცადეთ მოძრაობების დაფიქსირება. თუ ნაყოფის მოძრაობის შეგრძნებას ჩვეული სიხშირით მომავალ დღესაც ვერ მოახერხებთ, დაუკავშირდით ექიმს.
როდის უნდა დაუკავშირდეთ ექიმს?
თუ ორი საათის განმავლობაში ნაყოფის მოძრაობას ვერ გრძნობთ, დაუკავშირდით ექიმს. ექიმი ჩაგიტარებთ გამოკვლევებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას გადასამოწმებლად.
1. რატომ არის ბავშვის მოძრაობა უფრო ხშირი ღამის საათებში?
ზოგი ბავშვი ღამით უფრო აქტიურია, ეს სრულებით ნორმალურია. შესაძლოა ღამით უფრო გრძნობდეთ ნაყოფის მოძრაობას, რადგან ამ დროს თქვენი სხეული და გონება მოსვენებულია. დღისით სხვადასხვა საქმეზე კონცენტრირება შეიძლება ხელს გიშლიდეთ ნაყოფის მოძრაობის შეგრძნებაში.
2. შესაძლებელია ნაყოფის მოძრაობის ორსულობის მე-11 კვირის ვადაზე შეგრძნება?
უმეტესწილად ორსული ქალები მეორე ტრიმესტრამდე ვერ გრძნობენ ნაყოფის მოძრაობას, მაგრამ ყველა ორსულობა უნიკალურია. შეიძლება გესტაციის 11 ან 12 კვირის ვადაზეც შეძლოს დედამ ნაყოფის გადაადგილების შეგრძნება.
3. რას მიანიშნებს, როცა ბავშვი ძალიან აქტიურია?
ბავშვის მაღალი აქტივობა საშვილოსნოში მის კარგ ჯანმრთელობაზე მიანიშნებს. ის შეიძლება ხშირად იცვლიდეს პოზიციას. მნიშვნელოვანია მაინც ჩაინიშნოთ ბავშვის აქტივობის პატერნები.
4. ჭარბი წონის შემთხვევაში უფრო რთულია ნაყოფის მოძრაობის შეგრძნება?
დიახ. ჭარბწონიანობის შემთხვევაში მუცლის კედელი უფრო სქელია. შეიძლება ნაყოფის მოძრაობების შეგრძნება გესტაციის უფრო გვიან ვადაზე შეძლოთ და აღქმული მოძრაობების ინტენსივობა და სიხშირეც ნაკლები იყოს.