როგორ გამოვიანგარიშოთ ორსულობის კვირები და თვეები სწორად?
თქვენ შეიძლება უკვე სცადეთ ორსულობის ვადის სხვადასხვა მეთოდით გამოთვლა. შესაძლოა სხვადასხვა მეთოდით სხვადასხვა შედეგიც მიიღეთ. ექიმები გესტაციის ვადისა და მშობიარობის თარიღის დასადგენად სტანდარტულ მეთოდებს იყენებენ. ამასთანავე მშობიარობის სავარაუდო თარიღის დასადგენად განსხვავებული წესები არსებობს, თუ ქალს არარეგულარული მენსტრუაცია აქვს ან თუ ორსულობა ინვიტრო განაყოფიერებით დადგა.
როგორ ანგარიშობენ მშობიარობის თარიღს?
მშობიარობის სავარაუდო თარიღს ანგარიშობენ შემდეგნაირად: ბოლო მენსტრუაციის პირველ დღეს უმატებენ 40 კვირას (ანუ დაახლოებით 280 დღეს). ამ მეთოდით ანგარიშისას იგულისხმება, რომ ქალს 28-დღიანი მენსტრუალური ციკლი აქვს. მენსტრუაციასა და ოვულაციას შორის პერიოდი ითვლება ორსულობის პირველ ორ კვირად, რადგან ოვულაცია მენსტრუაციის პირველი დღიდან 2 კვირაში დგება. თუ ბავშვი ამ მეთოდით გამოანგარიშებულ თარიღზე დაიბადება, მისი ასაკი 38 კვირა იქნება და არა 40 კვირა.
როგორ გამოითვლება ორსულობის კვირები?
ორსულობის ვადის გამოთვლა იწყება ბოლო მენსტრუაციიდან. ორსულობის პირველი კვირა იწყება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ მეთოდით ორსულობის ვადის გამოთვლა ყველაზე კარგად შეესაბამება საჭირო სამედიცინო გამოკვლევების და ჩარევების ვადებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელოვნური განაყოფიერება არ მომხდარა და ზუსტად არ იცით, როდის მოხდა ჩასახვა, ეს მეთოდი ყველაზე ზუსტია ოვულაციისა და ჩასახვის დღის დასადგენად.
როგორ ითვლიან ექიმები ორსულობის კვირებს?
ექიმები ორსულობის კვირების დასათვლელად იყენებენ სტანდარტიზებულ სამეტაპიან მეთოდს. მასში შედის ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან დათვლა, ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგების მიხედვით დათვლა და ფიზიკური გასინჯვის მეთოდი.
1. ფიზიკური გასინჯვა:
ორსულობის ვადის დადგენა შესაძლებელია საშვილოსნოს ზომის მიხედვით. ექიმს ორსულობის 12 კვირის ვადიდან შეუძლია გაზრდილი საშვილოსნოს ფუძის გასინჯვა, რომელიც მენჯის ზემოთ არის გადანაცვლებული. მე-18 კვირის შემდეგ მანძილი (სმ-ში) ბოქვენის ძვალსა და საშვილოსნოს ფუძეს შორის შეესაბამება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან გადათვლილ კვირებს. 20 კვირის ვადაზე საშვილოსნოს ფუძე ჭიპის დონეზეა. შესაბამისად, საშვილოსნოს მდებარეობით შესაძლებელია ორსულობის ვადის მიახლოებით განსაზღვრა. თუმცა ეს მეთოდი ნაკლებად ხელსაყრელია ტყუპზე ორსულობის დროს, სიმსუქნის და საშვილოსნოს სიმსივნის არსებობის შემთხვევაში.
2. ულტრაბგერითი კვლევის მეთოდი:
ულტრასონოგრაფიული გამოკვლევის დროს ორსულობის ვადის დასადგენად ხელმძღვანელობენ გესტაციური პარკისა და ნაყოფის ზომებით. ეს მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ უცნობია ბოლო მენსტრუაციის პირველი დღე.
კვლევის დროს ექიმი ზომავს ნაყოფის თხემ-კუდუსუნის ზომას და ნაყოფის ზრდის სტადიის მიხედვით ადგენს ორსულობის ვადას.
თუ მენსტრუაციის მეთოდით განსაზღვრულსა და ულტრაბგერით დადგენილ ვადებს შორის განსხვავება 1 კვირაზე მეტია, ექიმი ულტრასონოგრაფიის მონაცემებით ხელმძღვანელობს.
ორსულობის ვადის განსასაზღვრად ულტრაბგერითი კვლევა ტარდება მე-6 და მე-13 კვირებს შორის პერიოდში.
რას წარმოადგენს ტრიმესტრები ორსულობისას?
ორსულობის პერიოდს ყოფენ სამ სეგმენტად, რომლებიც თავის მხრივ სამ თვეს მოიცავენ. ასეთი დაყოფით უკეთ არის შესაძლებელი ორსულობისას მიმდინარე ფიზიკური ცვლილებების აღწერა და მათზე დაკვირვება.
პირველი ტრიმესტრი: გრძელდება ორსულობის პირველი კვირიდან მე-13 კვირამდე. ამ პერიოდში ხშირია დაღლილობისა და გულისრევის შეგრძნება.
მეორე ტრიმესტრი: გრძელდება მე-14-დან 28-ე კვირამდე. ამ პერიოდში მუცელი საგრძნობლად იზრდება და ორსული ქალის თვითშეგრძნება უმჯობესდება, ორსულობის ადრეული სიმპტომები: თავის ტკივილი, გულისრევა, დაღლილობა, თავბრუსხვევა თანდათან მცირდება.
მესამე ტრიმესტრი: გრძელდება 29-ე კვირიდან მშობიარობამდე. ამ პერიოდში ორსულ ქალს სჭირდება ენერგიის მომარაგება მშობიარობისთვის მოსამზადებლად.
მართლაც 9 თვე გრძელდება თუ არა ორსულობა?
გააჩნია გამოთვლის წესს. 40 კვირა უტოლდება 9 კალენდარულ თვეს (30 ან 31 დღით) და ერთ კვირას.
მაგალითად, თუ თქვენი ბოლო მენსტრუაციის პირველი დღე იყო 1-ელ იანვარს, თქვენი მშობიარობის სავარაუდო თარიღი იქნება 7 ან 8 ოქტომბერი.
როგორ ხდება ორსულობის კვირების გამოთვლა ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ?
ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ჩასახვის შემდეგ უფრო ზუსტად არის შესაძლებელი მშობიარობის თარიღის დადგენა. ხელოვნური განაყოფიერების პროცედურა ემთხვევა ოვულაციის დღეს, ასე რომ, ამ დღიდან ათვლა უფრო ზუსტ შედეგს გვაძლევს. ამ შემთხვევაში განაყოფიერების დღეს ამატებენ 38 კვირას.
ზოგჯერ ამ გზით მიღებულ თარიღს, მეტი სიზუსტისთვის, აკლებენ ჩასახული ემბრიონის ასაკს დღეებში. მაგალითად, თუ ემბრიონი საშვილოსნოში გადატანამდე იყო სამი დღის, მიღებულ თარიღს აკლებენ სამ დღეს.
თუ ქალი, მაგალითად ორსულობის მეხუთე კვირაშია, რატომ უწოდებენ მას ოთხი კვირის ორსულს?
როდესაც ბავშვი ერთი წლის ხდება, ის ასრულებს თავისი ცხოვრების 12 თვეს და გადადის სიცოცხლის მეორე წელიწადში. იგივე პრინციპი მოქმედებს ორსულობის კვირებთანაც - როდესაც ორსულობის პირველი კვირა ჩაივლის, ქალი ერთი კვირის ორსულია და გადასულია ორსულობის მეორე კვირაში. თუ ორსულობის მესამე კვირაში ხართ, იწოდებით როგორც ორი კვირის ორსული და ასე შემდეგ.
რამდენად ზუსტია მშობიარობის თარიღის გამოანგარიშების მეთოდები?
ბავშვები ყველაზე ხშირად ორსულობის 37-41-ეკვირებში იბადებიან. 90%-ზე მეტ შემთხვევაში ნავარაუდებ დღეზე უფრო ადრე ან გვიან ხდება მშობიარობა. მშობიარობის სავარაუდო თარიღის და ორსულობის კვირების დათვლის დანიშნულებაა, რომ წარმოდგენა შევიქმნათ ორსულობის პროგრესირების ეტაპებზე.
ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა ორსულობა უნიკალურია, შესაბამისად მშობიარობის ზუსტი თარიღის წინასწარ გამოთვლა შეუძლებელია.