არის თუ არა უსაფრთხო ლაზერული ეპილაცია ორსულობისას?

16-03-2022

ლაზერული ეპილაცია არასასურველი თმის მოშორების პოპულარული მეთოდია. ბევრი ექიმი ურჩევს ორსულ ქალებს, თავი შეიკავონ ლაზერული ეპილაციისგან. ჩვენ აგიხსნით, რატომ შეიძლება ლაზერული ეპილაცია ორსულობისას არაეფექტური იყოს და ინფორმაციას მოგაწვდით უფრო შესაფერისი მეთოდების შესახებ.

რა მექანიზმით მოქმედებს ლაზერული ეპილაცია?
ექიმი ან ლაზეროთერაპევტი ლაზერის სხივს ანათებს იმ უბანს, სადაც კლიენტს თმის მოშორება სურს. ლაზერის სხივი რეაგირებს თმის მუქ პიგმენტზე, აღწევს თმის ფოლიკულის სიღრმემდე და გადასცემს მას სითბოს. სითბოს გადაცემის შედეგად ფოლიკული ზიანდება. მისგან შეიძლება თმა მომავალში ისევ გაიზარდოს, მაგრამ ის თავდაპირველზე უფრო თხელი და სუსტი იქნება.

ორსულობისას მრავალი ჰორმონის დონე იცვლება. ესტროგენებისა და ანდროგენების დონის მომატებამ შეიძლება თმის ჭარბი ზრდა გამოიწვიოს, სხეულის იმ უბნებშიც კი, სადაც თმა მანამდე არასდროს გქონიათ. შეიძლება მოულოდნელად თმა შეამჩნიოთ მუცელზე, სახეზე, კისერზე, მკერდზე და მკლავებზე. ორსულობისას თმის ჭარბი ზრდა ძალიან გავრცელებული მოვლენაა და, საბედნიეროდ, მხოლოდ დროებითია - მშობიარობის შემდეგ ყველაფერი ნორმაში ჩადგება.
ორსულობისას ჰორმონები გავლენას ახდენენ არა მხოლოდ თმის ზრდის ზონებზე, არამედ ამოსული თმის სიხშირესა და თმის სასიცოცხლო ციკლზეც. როგორც წესი, სხეულზე უფრო ხშირი და სქელი თმა იწყებს ამოსვლას. მშობიარობის შემდეგ კი ჰორმონები ნორმალურ დონეს უბრუნდება და თმის ჭარბი ზრდა წყდება. ამასთან ერთად, თმის ცვენაც უფრო ინტენსიური ხდება. ასე რომ, ის ზედმეტი თმა, რისი მოშორებაც გსურთ, მშობიარობის შემდეგ შეიძლება თავისით დაგცვივდეთ.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ორსულობისას ლაზერული ეპილაცია არ არის სასურველი
პირველ რიგში, ლაზერული ეპილაციის გავლენა ორსულობაზე სათანადოდ არ არის შესწავლილი. არსებობს ძალიან მწირი რაოდენობის კვლევა, რომლებიც სარწმუნო მონაცემებს ვერ იძლევიან.
ამ თემაზე კვლევებისა და ექსპერიმენტების ჩატარება ძალიან რთულია, რადგან მეცნიერებს არ სურთ დედების და ბავშვების პოტენციურად საზიანო გამოსხივებასთან ექსპოზიცია. 
ექიმთა უმრავლესობა ორსულ ქალებს ურჩევს ჩაიტარონ რაც შეიძლება ცოტა ჩარევა ორსულობის დროს და თუ რომელიმე პროცედურა სავალდებულო არ არის, მისგან თავი შეიკავონ.

დამატებითი მიზეზები თუ რატომ უნდა შეიკავოთ თავი მშობიარობამდე ლაზერული ეპილაციისგან?
ერთ-ერთი მოსალოდნელი ცვლილება ორსულობის დროს ჰიპერპიგმენტაციის გამო კანის გამუქებაა. ლაზერული ეპილაცია ყველაზე ეფექტური მაშინაა, როცა მოსაშორებელ თმის ფერსა და კანის ფერს შორის მაღალი კონტრასტია. ორსულობის დროს მიმდინარე ჰიპერპიგმენტაცია კი ლაზერულ ეპილაციას ნაკლებ ეფექტურს ხდის.ასევე, ლაზერული ეპილაცია უნდა შესრულდეს თმის ზრდის აქტიურ ფაზაში. მაგრამ ორსულობისას თმის ზრდის ფაზები იცვლება და თმის ზრდის აქტიური ფაზის ზუსტად დადგენა საკმაოდ რთულია. ასევე ორსულობისას გაზრდილია კანის მგრძნობელობა. ლაზერული ეპილაციის პროცედურა ამ დროს შეიძლება ჩვეულებრივზე უფრო არასასიამოვნო იყოს. გამოიწვიოს ფიზიკური ტკივილი, რაც არასასურველია. 

ლაზერული ეპილაციის ალტერნატივა
თმის მოშორების დროებითი მეთოდები, როგორიცაა გაპარსვა, ცვილით ეპილაცია, თმის პინცეტით ან ძაფით მოშორება ორსულობისას სრულიად უსაფრთხოა. 
მიუხედავად იმისა, რომ დეპილატორის გამოყენება უსაფრთხოდ ითვლებოდა, სინამდვილეში, არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მასში შევამალი ქიმიური ნივთიერებები (ბარიუმის სულფიდი, თიოგლიკოლი და სხვა) ორსულ ქალზე ან ნაყოფზე.

მშობიარობიდან რამდენ ხანშია შესაძლებელი ლაზერული ეპილაციის პროცედურის ჩატარება?

მშობიარობის შემდგომი პროცესი ხანგრძლივია და ამ პერიოდში ექიმთან მუდმივი კომუნიკაცია უნდა გქონდეთ. თქვენს სხეულში ბევრი ცვლილება მოხდება და საჭიროა ექიმმა შეაფასოს ეს ცვლილებები და ნება დაგრთოთ გაიკეთოთ კანზე რაიმე ჩარევა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა ჩაიტარეთ და ეპილაციის ზონა განაკვეთის უბანს ემთხვევა.

წყარო: healthline.com