რა გავლენას ახდენს დედის ფიქრები ნაყოფზე?

19-02-2022

თქვენი მომავალი შვილის პიროვნებად ჩამოყალიბების დიდ ნაწილს თქვენი აზროვნება განსაზღვრავს. თუ ფიქრობთ, რომ ეს შეუძლებელია და მხოლოდ მოძველებული შეხედულებაა, შეიძლება გაოცებული დარჩეთ. ტყუილად არ ურჩევენ ორსულ ქალებს, პოზიტიურად იაზროვნონ, მხიარულად განეწყონ და სტრესს ერიდონ.

სხვადასხვა კულტურაში მრავალი რწმენა და მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენას ახდენს ორსული ქალის აზროვნების პროცესი ნაყოფზე. ელინური კულტურის წარმომადგენელ ჰიპოკრატეს თუ დავუჯერებთ, დედის ფიქრებს აქვთ ძალა, ბავშვი მრავალი გზით შეცვალოს. ლეონარდო და ვინჩის ნათქვამი აქვს, რომ რასაც დედა ორსულობის დროს ნატრობს, შვილს გადაეცემა და მომავალში მისი სურვილი ხდება, რადგან ერთი სხეული ორ სულს განაგებს და კვებავს.
აღმოსავლურ კულტურაშიც ვხვდებით მსგავს მოსაზრებებს. ინდური უძველესი სწავლების მიხედვით,  განვითარების მესამე-მეოთხე თვიდან ნაყოფი გრძნობს დედის პოზიტიურ და ნეგატიურ ენერგიებს, რომლებიც მის გონებაზე წარუშლელ კვალს ტოვებენ. ამან შეიძლება ბავშვის მუდმივი ტენდენციები და ქცევის მანერა განსაზღვროს. მეტაფიზიკურ სწავლებაშიც ბევრია ნათქვამი ნაყოფზე დედის ფიქრების და ემოციების გავლენის შესახებ.

მრავალი კვლევით დამტკიცდა კავშირი ნაყოფსა და დედის ფიქრებს შორის. დედის დადებითი ემოციები და ოპტიმიზმი კვებავს ნაყოფს, ხოლო ნეგატიური ფიქრები, ემოციები და სტრესი კი აზიანებს მას ფიზიოლოგიურადაც და ემოციურადაც.
კვლევებით დამტკიცდა, რომ ჩასახვიდან მალევე ემბრიონს უჩნდება საკუთარი ცნობიერი და ქვეცნობიერი. ქვეცნობიერის აქტივობის ზრდასთან ერთად ის ინახავს მიღებულ ინფორმაციას, რათა უცხო გარემოში გადასასვლელად მოემზადოს. მამის როლიც მნიშვნელოვანია ნაყოფის ქვეცნობიერის ჩამოყალიბების პროცესში.
მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს ესმის დედის ხმა და  მისი ტემბრის მიმართ რიტმულ მოძრაობებს აკეთებს საშვილოსნოში. თუ თქვენ თავს ბედნიერად გრძნობთ, ბავშვი ამას პასუხობს, ისევე როგორც თქვენს ნეგატიურ ემოციებს, ბრაზს და ყვირილს.

ერთ-ერთი კვლევების ფარგლებში მეცნიერები აკვირდებოდნენ ულტრაბგერითი კვლევის მონაცემებს, რომლებიც მაშინ გაკეთდა, როცა მშობლები ერთმანეთს უყვიროდნენ. ულტრაბგერით გამოსახულებაზე ამ დროს ბავშვი შეკუმშული და დაძაბული იყო. დიდი დოზით ნეგატიური ემოციების გარემოცვაში ყოფნა შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს ნაყოფისთვის. შეიძლება ამის ცოდნა გაშინებდეთ, თუმცა, სიმართლეა, რომ თქვენ თქვენი ნეგატიური ემოციებით კვებავთ შვილს. 

კვლევებით ასევე დადგინდა, რომ მშობლების ცუდმა ურთიერთობამ შეიძლება ნაყოფის ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაზიანების რისკი 3-ჯერ გაზარდოს.
სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი ბრუს ლიპტონი ამბობს, რომ გენის აქტივობაზე ყოველთვის ახდენს გავლენას გარემო ფაქტორები. შეუძლებელია, რომ ნაყოფის გენების ბიოლოგიურ აქტივობაზე გარემოში არსებული სოციალური ინტერაქციები არ ახდენდნენ გავლენას. შესაბამისად, ორსულობისას დედის ფიქრები განაპირობებენ ნაყოფის გენების ფიზიოლოგიურ აქტივობას და ფიზიოლოგიურ განვითარებას.

თანამედროვე შეხედულებით ყველა ცოცხალი ორგანიზმი დინამიკურ სისტემად განიხილება, რომელიც გენების აქტივობას და ქცევას გარემო პირობებს უთავსებს.
კიდევ ერთ საინტერესო კვლევაში ორსული ქალის ემოციების პლაცენტაზე გავლენას იკვლევდნენ, კერძოდ კი მისი დნმ-ის ცვლილებებს. ექსპერიმენტში მონაწილე პირები დაატრენირგეს, რომ ძლიერი ემოციების ნების ძალით გამოეწვიათ. მონაწილეებს ორგანიზმში შეუყვანეს პლაცენტის დნმ. შედეგების მიხედვით პლაცენტის დნმ ფორმას იცვლიდა თითოეული ემოციის საპასუხოდ. როცა მონაწილეები პოზიტიურ ემოციებს განიცდიდნენ, სიყვარულს, მადლიერებას, სიხარულს, დნმ ბუნებრივ ფორმაში იყო, მისი სტრუქტურა გახსნილი და ხელმისაწვდომი იყო. მაგრამ, როდესაც მონაწილეები ნეგატიურ ემოციებს განიცდიდნენ, შიშს, ბრაზს, სტრესს, იმედგაცრუებას, დნმ-ის სტრუქტურა მოკლდებოდა, მისი მრავალი კოდი ხელმისაწვდომი აღარ იყო და მათი შესაბამისი გენების აქტივობა მცირდებოდა ან წყდებოდა. როდესაც ცდისპირები ისევ დადებით ემოციებს უბრუნდებოდნენ, დნმ-ის სტრუქტურა და აქტივობა ისევ ნორმაში დგებოდა. 
ყველა ამ მტკიცებულების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დედის ემოციები და ფიქრები უდიდეს როლს თამაშობენ ბავშვის პიროვნების და აზროვნების ტიპის ჩამოყალიბების პროცესში. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედის დადებითი ემოციების დროს ბავშვის ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონი, ოქსიტოცინი ცირკულირებს, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს დნმ-ის ფუნქციონირებასთან.