იმ წამიდან, როცა მომავალი დედა სასიხარულო ამბავს შეიტყობს, გონებაში უამრავი კითხვა ებადება, მაგალითად, როგორ გრძნობს მისი პატარა თავს საშვილოსნოში? როგორ ვითარდება? როდის იგრძნობს პირველ ბიძგს? იღებს თუ არა ბავშვი საკმარის საკვებ ნივთიერებებს? შეუძლია თუ არა მისი ხმის გაგონება? და მრავალი სხვა. ბუნებრივია, დედას ყველაზე მეტად ის აინტერესებს, როგორ არის მისი შვილი მუცლადყოფნის პერიოდში და როგორ მიდის მისი განვითარების პროცესი. სინამდვილეში პატარა მუცლადყოფნის პერიოდში ბევრ რამეს სწავლობს, ის ხომ ჩვენს სამყაროში საცხოვრებლად უნდა მოემზადოს. მოგიყვანთ რამდენიმე მაგალითს:
ბავშვს მუცლადყოფნის პერიოდში სუნთქვა არ სჭირდება, თუმცა ის მაინც ვარჯიშობს სუნთქვაში. ორსულობის პერიოდში დედა სუნთქავს ნაყოფისთვის და ჟანგბადით მდიდარ სისხლს აწვდის მას პლაცენტისა და ჭიპლარის საშუალებით. ჭიპლარით პლაცენტაში ჟანგბადით მდიდარი სისხლი შედის და ნახშირორჟანგით გამდიდრებული სისხლი გამოედინება. ნაყოფის ფილტვები სრულად ორსულობის 36-ე კვირის ბოლოს ვითარდება. სუნთქვის ვარჯიშის დროს ბავშვი შეისუნთქავს ამნიონურ სითხეს და მისი ფილტვები სითხით ივსება, რაც სრულიად ნორმალურია.
ორსულობის მე-20 კვირისთვის ნაყოფის ყურის აპარატი სრულიად განვითარებულია. დედის გარშემო არსებული ხმები აღწევს საშვილოსნომდე და ნაყოფსაც ესმის. ის ხმები, რომლებსაც ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდში ისმენს, გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე. ამის გამო დედები ხშირად ამჩნევენ, რომ ახალშობილები მათ ხმაზე დაბადებიდანვე რეაგირებენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვს საშვილოსნოდან დედის ხმა ესმის. ამასთან ერთად, ის დედის ხმის ყველა სხვა ხმაში გამორჩევას სწავლობს. პირველი ადამიანი, ვისთანაც ბავშვი ემოციურ კავშირს ამყარებს, დედაა. ცხადია, ეს არავის აკვირვებს.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ორსული ქალისთვის სტრესი ყველაზე არასასურველი მოვლენაა. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ დედის მიერ განცდილი სტრესი მუცლადმყოფ ნაყოფზეც ახდენს გავლენას და საზიანოა მისთვის. ამიტომ აუცილებელია, რომ დედაც და პატარაც მშვიდად იყვნენ.
ორსულობის 21-ე კვირის განმავლობაში ნაყოფი იძენს გემოს შეგრძნების უნარს. ამ პერიოდში ბავშვი ყოველდღიურად ამნიონური სითხის მცირე ულუფის გადაყლაპვას იწყებს. ამნიონურ სითხეს კი ყველა იმ საკვების გემო აქვს, რომლებსაც დედა მიირთმევს. შესაბამისად, ამ პერიოდიდან ბავშვი შეიგრძნობს ყველა იმ გემოს, რასაც დედა აგემოვნებს.
ბავშვებს მუცლადყოფნის პერიოდში შეხების შეგრძნება უვითარდებათ და თავიანთი გარე სამყაროს შესწავლას იწყებენ. ამ პროცესში კი საშვილოსნოში მოძრაობას იწყებენ. როცა თქვენ ბავშვისგან ბიძგს გრძნობთ, ის შეიძლება უბრალოდ თავის გარემოს ათვალიერებდეს და ერთი ადგილიდან მეორისკენ მიიწევდეს.
ბავშვის ცნობისმოყვარეობას დასაბამი მუცლადყოფნის პერიოდში უდევს. ის სწავლობს თავისი კიდურების კონტროლს, ეხება თავის სხეულს, დაბადების შემდეგ კი უკვე მზადაა ახალი სამყაროს აღმოსაჩენად და შესაგრძნობად.