ბავშვის დაბადებამდე უამრავი საკითხია მოსაგვარებელი - ბავშვის ოთახი მოსამზადებელი, საჭირო ნივთები შესაძენი, სახლი დასასუფთავებელი და მრავალი სხვა. თქვენ ალბათ უკვე დიდი ხანია შეეჩვიეთ საოჯახო საქმეების დამოუკიდებლად გაძღოლას, მაგრამ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში სასურველია მხედველობაში მიიღოთ, რომ გარკვეული საოჯახო საქმეებით დაკავება თქვენი და თქვენი პატარის ჯანმრთელობისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.
საწმენდი საშუალებების უმრავლესობა, როგორც წესი, გაჯერებულია უამრავი ქიმიური ნივთიერებით და ტოქსინებით. ამ ტოქსინების კანზე მოხვედრამ შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. ქალთა დიდ ნაწილს ორსულობის დროს კანის სენსიტიურობა მომატებული აქვს. ამ დროს შეიძლება ზოგადად ნაკლებად ალერგიულმა ნივთიერებებმაც კი, რომლებზეც რეაქცია ორსულობამდე არ გქონიათ, გამოიწვიოს ალერგია და დაზიანება. ასევე არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც არ არის სასურველი, ქალმა ორსულობისას სახლის დალაგება საკუთარ თავზე აიღოს: დალაგებისას ხშირად საჭიროა დახრა, რამაც შეიძლება საჯდომი ნერვის გაღიზიანება და ანთება გამოიწვიოს. ორსულობის დროს მყესები და იოგები სუსტდება და ეშვება, რის შედეგადაც ამგვარი ფიზიკური აქტივობა მტკივნეული და დისკომფორტის შემცველი ხდება.
თქვენ შეგიძლიათ უწინდებურად ჩაეხუტოთ, მოეფეროთ და ეთამაშოთ თქვენს კატას, მაგრამ სასურველია მისი ტუალეტის გაწმენდა ოჯახის სხვა წევრს მიანდოთ. კატებში ცოცხლობს და მრავლდება პარაზიტი, ტოქსოპლაზმა, რომელიც შეიძლება გადაეცეს ადამიანს კატის განავალთან შეხების გზით. შედეგად ვითარდება ინფექცია, რომელიც საზიანოა ნაყოფისთვის და ორსული ქალისთვის. თუ თქვენ გარდა ვერავინ შეძლებს კატის ტუალეტის გასუფთავებას, მაშინ ამის გაკეთებამდე აუცილებლად ჩაიცვით ხელთათმანები და გაიკეთეთ პირბადე, სასურველია, თუ ტანსაცმლის ზემოთ დამცავ ფენასაც დაიმატებთ. გასუფთავების შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები.
საპირფარეშოს და სააბაზანოს გასუფთავებისას განსაკუთრებით ძლიერი და დიდი დოზის ქიმიური ნივთიერებების შემცველი საწმენდი საშუალებები გამოიყენება და მათთან ექსპოზიცია ორსული ქალისთვის უსაფრთხო სულაც არ არის. საწმენდი საშუალებების გამონაბოლქვში არსებული ქიმიური ნივთიერებები საზიანოა ბავშვისთვის. ორსულ ქალებს განსაკუთრებით მომატებული აქვთ მგრძნობელობა სუნების მიმართ. მაშინაც კი, როცა საპირფარეშოს სხვა ადამიანი წმენდს, დარწმუნდით, რომ ის სივრცე, სადაც თქვენ იმყოფებით, კარგად ნიავდება, გააღეთ ფანჯრები და კარი, რათა რაც შეიძლება მცირე რაოდენობის ტოქსინები ჩაისუნთქოთ.
თუკი ორსულობის პერიოდში ახალ სახლში გადადიხართ ან სახლის ინტერიერის შეცვლით ხართ დაკავებული, გახსოვდეთ, რომ თქვენი საქმე მხოლოდ მითითებების მიცემაა და არა ავეჯის გადაადგილება. მძიმე ნივთების აწევა, ისევე როგორც ხშირად დახრა, დიდ ზეწოლას აყენებს წელის კუნთებს, რამაც შეიძლება ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს. თქვენ ექიმი, სავარაუდოდ, უკვე გაგაფრთხილებდათ, რომ მძიმე ნივთების აწევა თქვენთვის არ არის რეკომენდებული.
ეს საქმიანობები საფრთხის შემცველია ყველასთვის, არა მხოლოდ ორსული ქალისთვის, რადგან ყოველთვის არსებობს კიბიდან გადმოვარდნის და წონასწორობის დაკარგვის რისკი. ორსულობისას ეს რისკი გაორმაგებულია, რადგან ორსულ ქალს უფრო მეტად უჭირს წონასწორობის შეკავება, რაც განპირობებულია მუცლის გაზრდით, ზურგის კუნთებზე მომატებული ზეწოლით და სხეულის სიმძიმის ცენტრის ცვლილებით.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასურველია, რომ ჩამოთვლილი საოჯახო საქმიანობები ორსულმა ქალმა არ შეასრულოს, თუმცა, გასაგებია, რომ ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად ეცადეთ შეიძინოთ ეკოლოგიურად სუფთა საწმენდი საშუალებები, რათა გაუფრთხილდეთ თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობას.