სქესის დადგენა ბეჭდის მეთოდით - მითი თუ რეალობა?
უკვე მრავალი თაობის განმავლობაში ცოცხლობს ბავშვის სქესის წინასწარმეტყველების ხერხები, რომლებიც იმ დროს შეიქმნა, როცა ტექნოლოგიები არ იყო განვითარებული და ნაყოფის სქესის დადგენის სხვა გზა არ არსებობდა. ერთ-ერთი ასეთი წინასწარმეტყველური მეთოდი ბეჭდის ტესტია. ეს მეთოდი, რა თქმა უნდა, არ არის მეცნიერული და არ არსებობს მისი სისწორის გარანტია.
როგორ შევასრულოთ ბეჭდის ტესტი?
ამისთვის დაგჭირდებათ თქვენი ნიშნობის ბეჭედი:
• მიაბით ბეჭედი ძაფს.
• დაწექით და ძაფზე მიბმული ბეჭედი დაიჭირეთ მუცლის ზემოთ.
• შეგიძლიათ პარტნიორს სთხოვოთ, დაიჭიროს ბეჭედი თქვენი მუცლის ზემოთ.
• დაელოდეთ ბეჭდის მოძრაობას - არ მოახდინოთ მასზე არავითარი ზეწოლა და არ გაანძრიოთ.
ამ ტესტის შესრულების სხვა ვარიანტებიც არსებობს:
• ძაფის მაგივრად გამოიყენეთ თმის ღერი.
• ნიშნობის ბეჭდის მაგივრად გამოიყენეთ ნემსი.
• დაიჭირეთ ბეჭედი მაჯის ზემოთ - მუცლის ნაცვლად.
• მოიქციეთ ბეჭედი მუჭში ცოტა ხნით და შემდეგ დაიჭირეთ ის ხელის გულის ზემოთ.
• დადექით და ბეჭედი მუცლის წინ დაიჭირეთ.
შედეგების ინტერპრეტაცია:
• თუ ბეჭდის მოძრაობა წრიულია, ესე იგი გოგოს ელოდებით,
• თუ ბეჭედი წინ და უკან მოძრაობს, ესე იგი ბიჭის დედა გახდებით.
რამდენად ზუსტია ბეჭდის მიერ ნაწინასწარმეტყველები სქესი?
ბეჭდის ტესტის მოქმედების მექანიზმი არავინ იცის, ის ფოლკლორის ნაწილია და მეცნიერულ ტესტებთან საერთო არაფერი აქვს. თუმცა, თუ ვეცდებით ამ საკითხს პრაქტიკულად მივუდგეთ, ბეჭდის მოძრაობა შეიძლება განპირობებული იყოს არაცნობიერი აზრებისა და იდიომოტორული მოძრაობების მიერ. იდიომოტორული მოძრაობები კუნთების ნატიფი მოძრაობებია, რომლებიც ცნობიერი ძალისხმევის გარეშე ხორციელდება და გარეგანი სტიმულების შედეგია.
არის რაიმე კვლევა ჩატარებული ბეჭდის ტესტის სიზუსტის შესაფასებლად?
1999 წელს ჩატარდა კვლევა ბეჭდის ტესტის შედეგების შესაფასებლად და გაირკვა, რომ 104 ქალისგან, რომლებმაც კვლევაში მიიღეს მონაწილეობა, მხოლოდ მათ 55%-ს გაუმართლდა ბეჭდის წინასწარმეტყველება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტესტის შედეგს დაახლოებით ისეთივე წარმატების ალბათობა აქვს, როგორც უბრალოდ გამოცნობას.
რასაკვირველია ბავშვის სქესის დასადგენად უფრო სასურველია ჩაიტაროთ ულტრაბგერითი გამოკვლევა, როგორც პრენატალური მეთვალყურეობის შემადგენელი პროცედურა.