რა სიამოვნებს პატარას ყველაზე მეტად მუცლად ყოფნის დროს?

07-01-2022

დედასა და შვილს ორსულობის პერიოდშივე უყალიბდებათ ძლიერი კავშირი. ბავშვს მუცლად ყოფნის პერიოდშივე უვითარდება გემოვნება: მას რაღაცები მოსწონს, რაღაცები კი - არა. ამას დედები ინსტინქტურად გრძნობენ. დედასა და ნაყოფს შორის უნიკალური საკომუნიკაციო ენა ყალიბდება, რომლის გაგებაც მხოლოდ მათ შეუძლიათ. ჩვენ შემოგთავაზებთ მცირე ჩამონათვალს იმისა, თუ რა მოსწონთ ყველაზე მეტად პატარებს, როცა ჯერ კიდევ დედის მუცელში ცხოვრობენ:

1. ყველანაირი ტკბილეული

ხშირად ორსულობისას დედებს აქვთ ტკბილეულის მოთხოვნილება. ნამცხვრის ან ნაყინის მირთმევის შემდეგ შეიძლება იგრძნოთ ბავშვის გააქტიურებული მოძრაობა. ამის მიზეზი ის არის, რომ ბავშვს მუცლად ყოფნის დროს სანაყოფე წყლების მეშვეობით შეუძლია იმ საკვებს გემოს შეგრძნება, რომელსაც დედა იღებს. პატარებს ძალიან მოსწონთ ტკბილი გემო და ყველაზე ნაკლებად მოსწონთ ცხარე საკვების არომატები.
2. თბილი აბაზანა

ორსულობა დამღლელია, განსაკუთრებით კი მისი ბოლო ტრიმესტრი. ამ პერიოდში თავს დასვენების საშუალება უნდა მისცეთ. დასვენებისა და რელაქსაციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა თბილი შხაპის მიღებაა ან აბაზანაში ჩაწოლა. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ცხელმა წყალმა შეიძლება ბავშვს დისკომფორტი შეუქმნას. უმჯობესია, თუ თბილ წყალში იბანავებთ. წყლის სასურველი ტემპერატურის შესახებ დაეკითხეთ ექიმს.

3. მუცელზე ნაზი შეხება

რამდენჯერ შეგიმჩნევიათ, რომ მუცელზე ხელის გადასმისას, ბავშვი მოძრაობით გეხმიანებათ? ალბათ, საკმაოდ ხშირად. მუცლად ყოფნის დროს ნაყოფი გარე სტიმულებზე რეაგირებს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ ეს სტიმულები დედისგან მოდის. პატარას ძალიან სიამოვნებს დედის შეხება.
4. დედის ხმა

ნაყოფის სასმენი აპარატის განვითარება მერვე კვირიდან იწყება. ამ პერიოდიდან პატარას უკვე აქვს ხმების აღქმის უნარი. ერთ-ერთი პირველი ხმა, რომელსაც ბავშვი ისმენს, დედის ხმაა. ნაყოფის პასუხი დედის ხმაზე ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე მისი რეაქცია ნებისმიერ სხვა ხმაზე. დედის ხმის მოსმენა პატარებს მუცლად ყოფნის პერიოდში და მის შემდეგაც, ყველაზე მეტად უყვართ.
5. სასიამოვნო მუსიკა

მიუხედავად იმისა, რომ გარემოში არსებული ხმები საშვილოსნომდე სრული ჟღერადობით ვერ აღწევს, პატარას შეუძლია გაარჩიოს სასიამოვნო, ჰარმონიული და შემაწუხებელი ხმები ერთმანეთისგან. ბავშვი შეიძლება კონკრეტული ტიპის მუსიკის მიმართ მოწონებასაც კი ამჟღავნებდეს. ასე რომ, შეგიძლიათ თქვენი საყვარელი მუსიკა ჩართოთ დაბალ ხმაზე, რათა მაღალმა ხმამ ბავშვი არ შეაწუხოს, და დატკბეთ თქვენს პატარასთან ერთად.
6. დედის სიცილი
როცა დედა ბედნიერია - ბავშვიც ბედნიერია. მუცლად ყოფნის დროს ნაყოფი დედის სიცილზე ისევე რეაგირებს, როგორც დედის შეხებასა და ხმაზე. სიცილის დროს ორგანიზმში დადებითი ემოციების გამომწვევი ჰორმონები გამოიყოფა, რომლებიც ნაყოფზეც ახდენენ გავლენას და მის განწყობასაც ამაღლებენ. ამ ყველაფერთან ერთად დედის სიცილის ხმის გაგონება პატარასთვის სასიამოვნო ბონუსია.