როგორ გამოიყურება ორსულობა პანდემიის დროს

05-12-2021

დღეს 14 კვირის გავხდი, სქესი კარგად არ ჩანს, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ გოგონაა. ტელევიზორს არ ვუყურებ და არც სტატისტიკის ამსახველ საიტებს ვათვალიერებ, ძალიან მინდა, ჩემს გარშემო კედელი ავღმართო და აქ არაფერი იყოს საშიში, არც ჩემთვის და არც ჩემი პატარასათვის. 
გუშინ ერთ სოფელში ექვსი თვის ორსული გოგონა გარდაიცვალა, ვინერვიულე და უფრო განვამტკიცე თავში ის აზრი, რომ გარეთ არ უნდა გავიდე, სახლში მაღაზიიდან მოტანილ ნივთებს არ შევეხო იქამდე, სანამ არ გაასტერილებენ სპირტით, ამასობაში ჩემი ორსულობის უცნაურობები თავს იჩენენ და საშინლად მიყვარდება სადეზინფექციო ხსნარის სუნი. ზოგჯერ ჩემი მეუღლის ქურთუკს ვასხავ, ვცდილობ არ დამინახოს, იფიქრებს, რომ გავგიჟდი, მაგრამ მეშინია. სახლი სავსეა პირბადეებით და ფარებით. მხოლოდ საღამოს ვსეირნობთ მანქანით და ტყეში გადმოვდივარ სასეირნოდ. იქ არ მეშინია, იქ უსაფრთხოა. 
დედაჩემი არ მინახავს დიდი ხანია და მენატრება, არავისთან მივდივართ და არავინ მოდის ჩვენთან. სერიალების ყურებაში გამყავს დრო. არადა, როგორ მინდოდა ორსულთა იოგა, წინა სამშობიარო მოსამზადებელი კურსები, ეჰ, კიდევ რამდენი რამე მინდოდა. მაგრამ არა უშავს, ეს პანდემია მალე დამთავრდება. მთავარია, მსოფლიო გადარჩეს... 
•  * *
...დღეს 18 კვირის გავხდი, მართალს ვამბობდი, გოგოა! ექოზე კარგად ვერ დავინახე, ფარში სრულიად ვერაფერს ვხედავ, ფოტო წამოვიღე და სულ ვუყურებ. ზოგჯერ მინდა, იქ მყოფ ორსულებს დაველაპარაკო, ვკითხო, ჩემსავით აუტანელი ტოქსიკოზი ხომ არ აქვთ, და მათაც ხომ არ ეზიზღებათ საკუთარი ქმრები, მაგრამ ისინიც და მეც შორიშორ ვსხედვართ, ჩვენს-ჩვენს ნაჭუჭებში. 
•    * *
ყველაფერს ისტერიულად ვსპირტავ. ნეტავ შეიძლება ამდენი სპირტი? დღეს 26 კვირის გავხდი, მუცელი უკვე მეტყობა, ტელევიზორი სულ არაა საჭირო, რომ ძალიამ ბევრი ნეგატივი იგრძნო, ხალხი პანიკაშია, ნეტავ გადავრჩებით? ხშირად მირტყამს ფეხებს, მამამისის შეხებაზე ჩერდება, სულ მძინავს და ხშირად მესიზმრება, რომ პირბადის გარეშე სადღაც წავედი, დამემართა ეს საშინელება და საავადმყოფოში მოვხვდი, მერე სულ ოფლიანს მეღვიძება... 
•    * *
დღეს 34 კვირის გავხდი, დათბა და სულ სეირნობა მინდა, მაგრამ დღეში 400 შემთხვევაა და ძალიან საშიშია გარეთ სიარული. ნეტავ სამშობიაროში როგორ ვიქნები? ჩემს მეუღლეს შემოუშვებენ? ძალიან მინდა, ჩემ გვერდით იყოს. დღეს ექოსკოპიაზე ვიყავი, ექიმს პირბადე არ ეკეთა და სულ აკანკალებული გამოვედი იქიდან, ვიცი, ვაჭარბებ, მაგრამ ორსულობა მიათმაგებს ყველანაირ შფოთვას. პატარა ძალიან კარგადაა, მომწიფებაა ცოტა ნაადრევიო ასე მითხრა. 
•    * *
დღეს 36 კვირის გავხდი, ღამის 1-ელ საათზე ტკივილი და სისველე ვიგრძენი, ჩემმა მეუღლემ დაუფიქრებლად ჩამსვა მანქანაში და წავედით. ცარიელ ქალაქში, კომენდანტში, მე თითქმის ცხრა თვის ორსული… გვაჩერებს პატრული და იმ იმედით, რომ მალე წავალთ, მე მანქანიდან გადმოვდივარ... დამინახეს თუ არა, მაშინვე გაგვიშვეს... 
ცრუ განგაში იყო, წოლითი რეჟიმი და სიმშვიდე დამინიშნეს. 
•    * *
დღეს 38 კვირის გავხდი, სამი დღეა ბარგი ჩალაგებული მაქვს სამშობიაროსათვის, ნეტავ როდის დაიბადება ჩემი სიყვარული? სადეზინფექციო ხსნარები, პირბადე და ფარი არ მავიწყდება, ღმერთს ვთხოვ, ჩემი მეუღლე შემოუშვან მშობიარობაზე. 

•    * *
დღეს 40 კვირის გავხდი და დილის ცხრა საათზე ვიგრძენი, რომ ეს დღე დადგა! უკვე მომზადებულები წავედით სამშობიაროში, ჩემს მეუღლეს არ უშვებენ და მე კანკალი მიტანს, არ მინდა, მარტო ვიყო ამ დროს. ექიმის მხოლოდ თვალებს ვხედავ, მგონი მიღიმის და თან ვეცოდები, ზუსტად 20 წუთი, ამბობს ამ სიტყვებს და შევყავარ ბლოკში. ვაშა, მამიკოც აქაა!! სუნთქვა მიჭირს და დაჟინებული თხოვნით, რომ პირბადე მოვიხსნა ვიხსნი, სხვას ყველას უკეთია ჩემ გარდა, აქ უსაფრთხოდ ვარ, აქ არაფერი გვემუქრება, ჩემი აკვიატებები და შფოთვები ცოტა ხანი გვერდით იწევს და მესმის ნანატრი ხმა. 
ჩემი მზის სხივი დაიბადა! და ჩვენ გადავრჩით... 
•    * *

ახლა ჩემი გოგონა 2 წლის ხდება, პანდემია ისევ არ დასრულებულა, მეშინია, როცა ვასეინრებ და ვინმე ახლოს მოდის, თან არ მინდა ვაგრძნობინო ბავშვს რომ სხვა ბავშვებთან ურთიერთობა საფრთხეა და თან ვფიქრობ, იქნებ ამ პატარას მამა, დედა ან ბებია, ან ვინმე ახლობელი.... ისევ ისე მეშინია, დღემდე ვატარებ პირბადეს, დღემდე ისტერიულად ვსპირტავ ყველაფერს, ზოგჯერ ბავშვსაც ვასხამ ხელებზე, ვიცი არ შეიძლება... 
თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ კოვიდთან? ეს ჩემი ისტორიაა.