შეიძლება, რომ ორსულად იყოთ? ამის მტკიცებულება ორსულობის ტესტია. მაგრამ მენსტრუაციის გადაცდენის შემდეგ თქვენ შეიძლება ეჭვი ან იმედი გქონდეთ, რომ ორსულობა დადგა. გაიგეთ, რა არის ორსულობის პირველი ნიშნები და რა იწვევს მათ გამოვლენას.
თუ თქვენ რეპროდუქტიულ ასაკში ბრძანდებით და ერთი კვირით ან მეტით დაგვიანდა ციკლი, ეს შეიძლება ორსულობის ნიშანი იყოს. თუმცა, ეს ნიშანი ნაკლებად სარწმუნოა, თუ არარეგულარული მენსტრუაცია გაქვთ.
ორსულობის დასაწყისში ჰორმონული ცვლილებების შედეგად მკერდი მტკივნეული და მეტად მგრძნობიარე ხდება. ეს დისკომფორტი რამდენიმე კვირაში გაივლის, მას შემდეგ, რაც ორგანიზმი ჰორმონულ ცვლილებებს შეეგუება.
დილის „ტოქსიკოზი“, რომელიც შეიძლება დღისით ან ღამითაც დაგეწყოთ, ძირითადად დაორსულებიდან ერთი თვის შემდეგ ჩნდება. თუმცა ზოგი ქალი გულისრევას უფრო ადრე უჩივის, ზოგი კი - საერთოდ არა. ორსულობის ტოქსიკოზის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, მასაც ჰორმონული ცვლილებები იწვევს.
შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ნორმაზე უფრო ხშირად შარდავთ. ორსულობის დადგომის შემდეგ თქვენს ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის მოცულობა იზრდება, რაც თირკმლებზე გაზრდილ დატვირთვას და შარდის მოცულობის გაზრდას იწვევს.
დაღლილობაც ხშირია ორსულობის დასაწყისში. ამ დროს ჰორმონ პროგესტერონის დონე მკვეთრად მატულობს, რაც ძილიანობას და დაღლილობის შეგრძნებას იწვევს.
ორსულობის პირველი ტრიმესტრისთვის დამახასიათებელი სხვა, უფრო ნაკლებად აშკარა, სიმპტომები და ნიშნებია:
ჰორმონების ნაკადი ორსულ ქალს უფრო ემოციურს ხდის, მომატებულია ემოციების ცვალებადობა და ტირილი.
ორსულობის დასაწყისში მუცლის შებერილობასაც ჰორმონული ცვლილებები იწვევს. ეს დაახლოებით მენსტრუაციის დროს განცდილ შეგრძნებებს ჰგავს.
ზოგჯერ ორსულობის პირველი ნიშანი მცირედი ვაგინალური გამონადენია. ეს მოვლენა იმპლანტაციის სისხლდენის სახელითაა ცნობილი და ხდება მაშინ, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი საშვილოსნოს კედელში ჩაშენდება, განაყოფიერებიდან 10-14 დღის შემდეგ. იმპლანტაციის სისხლდენა ხშირად მოსალოდნელი მენსტრუაციის პერიოდს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ეს სიმპტომი ყველა ორსულ ქალში არ ვლინდება.
ზოგიერთ ორსულს ორსულობის დასაწყისში საშვილოსნოს მსუბუქი შეკუმშვები აქვს.
ჰორმონული ცვლილებების გავლენით საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა ნელდება, რაც ყაბზობას იწვევს.
ორსულობის პერიოდში შეიძლება სხვადასხვა სუნის ან გემოს მიმართ უფრო სენსიტიური გახდეთ.
ჰორმონების გაზრდილი დონე და სისხლის გაზრდილი მოცულობა ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ცხვირის გაჭედვას და სურდოს იწვევს, რის შემდეგაც ის შრება და შეიძლება სისხლდენაც წარმოიშვას.
სამწუხაროდ, ბევრი ეს ნიშანი მხოლოდ ორსულობისთვის არ არის დამახასიათებელი. ზოგი მათგანი შეიძლება მიანიშნებდეს, რომ მოიწამლეთ ან მალე მენსტრუაცია უნდა დაგეწყოთ. ამასთან ერთად, შეიძლება ორსულად იყოთ და ეს სიმპტომები სულაც არ გამოგივლინდეთ. და მაინც, თუ თქვენ მენსტრუაცია გადაგიცდათ და ზოგ ამ ნიშანს და სიმპტომს შეამჩნევთ, უმჯობესია ორსულობის ტესტი გაიკეთოთ ან მიაკითხოთ ექიმს. რაც უფრო მალე დაადგენთ ორსულობას, მით უფრო მალე ჩაერთვებით პრენატალური მეთვალყურეობის პროცესში, რაც თქვენი და თქვენი პატარას ჯანმრთელობის საწინდარია.
წყარო: mayoclinic.org