ბებია-ბაბუის როლი ბავშვის აღზრდაში - ორივე თაობისთვის საკითხავი

04-10-2021

როდესაც სახლში პატარა ბავშვი ჩნდება, მშობელი უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ბებია-ბაბუა აუცილებლად გაუზიარებს მას საკუთარ გამოცდილებას ბავშვის გაზრდა-აღზრდასთან დაკავშირებით. ეს ძალიან კარგია და მათი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ უმეტესობა მათგანი მოძველებული იქნება, მათ ხომ ეს გამოცდილება სულ მცირე 20-30 წლის წინ მიიღეს, მას შემდეგ კი ბევრი დრო გავიდა, ტექნოლოგიები დაიხვეწა და ახალგაზრდა დედას საქმე ბევრად გაუმარტივდა. მას აქვს დიდი დახმარება, იქნება ეს სარეცხის მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ვიდეოძიძა, ისე ძიძა თუ სხვა რამ. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უფროსებს უნდა დავცინოთ და არ უნდა მოვუსმინოთ. რჩევების ის ნაწილი, რომელიც ჩვენთვის მისაღებია, მივიღოთ და გამოვიყენოთ, მოძველებული ნაწილი კი უბრალოდ მოვისმინოთ და მადლობა გადავუხადოთ.   
რაც შეეხება დახმარებას, საქმის მეტი რა არის - ბებიას შეუძლია მოამზადოს სადილი უფროსი ბავშვისთვის, წაიყვანოს ის სკოლაში, მოიყვანოს ბაღიდან, გაასეირნოს პატარა, რაც ასე კარგია როგორც ჩვილისთვის, ისე ბებიისთვის. 
დაიმხსოვრეთ, თუ უფროსი თაობა გიზიარებთ რჩევებს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე და ბევრი ეს რჩევა ტექნოლოგიების დახვეწიდან გამომდინარე მოძველებულია, თქვენც გეძლევათ შესაძლებლობა გაუზიაროთ უფროს თაობას თანამედროვე დედების რჩევები საქმის გამარტივებასთან დაკავშირებით და დარწმუნებულები ვართ, ბებიები და ბაბუები სასიამოვნოდ გაკვირვებულები და თავადაც კმაყოფილები დარჩებიან. ერთი სიტყვით, თქვენი მთავარი დევიზი უნდა იყოს მოდი, ვისწავლოთ ერთად!

ბებიისა და ბაბუის მნიშვნელოვანი როლის უარყოფა ბავშვის აღზრდაში ნამდვილად უაზრობა იქნება, მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც წყვილი ხშირად ადრეულ ასაკში ქმნის ოჯახს. ახალგაზრდა მშობლები უმეტეს შემთხვევაში არ არიან მზად აიღონ სრული პასუხისმგებლობა ახალ სიცოცხლეზე. გამომდინარე აქედან ლოგიკურია, რომ პასუხისმგებლობა ჩვილზე თავისთავად გადადის ბებია-ბაბუებზე, რომლებიც, უნდა აღინიშნოს, ხშირად საერთოდ არ არიან ხანდაზმულები, არიან ზრდასრული, ჩამოყალიბებული ასაკის ენერგიული ადამიანები გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილებით და თავისუფლად შეუძლიათ ბავშვის აღზრდის საკუთარ თავზე აღება, როგორც ფიზიკურად, ისე - ფინანსურად. ამ დროს წარმოიქმნება ხოლმე კიდევ ერთი პრობლემა, კერძოდ ბებიები ხშირად გადადიან ზღვარს და ჰგონიათ, რომ ეს ბავშვი მათია, ხდებიან მესაკუთრეები, სჯერათ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი უკეთ იციან და მშობლებს საერთოდ აღარ უსმენენ ხოლმე, რაც თავისთავად წარმოქმნის კონფლიქტს ორ თაობას შორის და ძალიან ხშირად წყვილის დაშორების მიზეზი სწორედ მშობლები ხდებიან ხოლმე. განაწყენებული სიდედრისთვის სიძე სულ უფრო მიუღებელი ხდება, დედამთილისთვის რძალი - სულ უფრო ზარმაცი და არაფრის მაქნისი. ჩხუბის დროს ხშირდება ისეთი ფრაზები, როგორიც არის, "დედაშენი", სხვადასხვა ბრუნვაში და საბოლოოდ ოჯახი იშლება. 

ამიტომ საჭიროა, რომ ორ თაობას შორის თავიდანვე გაივლოს მკაფიო ზღვარი  მოვალეობებთან დაკავშირებით და ბებიის მზრუნველობა გადაჭარბებული არ იყოს. მან უნდა გააცნობიეროს, ბავშვი მისი საკუთრება კი არ არის, მისი შვილის შვილია და ის უბრალოდ ეხმარება შვილს. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბავშვთან დაკავშირებით უნდა იღებდნენ ბავშვის მშობლები, დედა და მამა. მთავარი სხვაობა ახალგაზრდა მშობლებსა და ბებია-ბაბუას შორის გამოცდილებაა. ასე რომ, ბებიას თუ აქვს რესურსი დაეხმაროს შვილს, დაეხმარეთ პასიურად, ისე, რომ ძალიან არ ჩაერიოთ ახალგაზრდა წყვილის საქმეში, ნუ აიღებთ ყველა მოვალეობას საკუთარ თავზე და ამით აიძულებთ ახალგაზრდა მშობლებს, მეტად იფიქრონ საკუთარ ვალდებულებებზე. 
ბებია და ბაბუა ბავშვისთვის უნდა იყოს ბებია და ბაბუა და არა დედა და მამა. 

წყარო: ევგენი კომაროვსკი „ბავშვის სიცოცხლის პირველი წელი“