ნაყოფის გულისცემის მოსმენა მომავალი მშობლისთვის ძალიან ამაღელვებელი მომენტია.
ნაყოფის გულისცემის პირველად მოსმენა ექოსკოპიისას შესაძლებელია ორსულობის 5 ½ - 6 კვირის ვადაზე. ამ დროს შესაძლებელია განვითარებადი ემბრიონის ვიზუალიზაცია.
მაგრამ, 6 ½ - 7 კვირის ვადაზე გულისცემის უკეთ შეფასებაა შესაძლებელი.
რას უნდა ელოდოთ პირველი ექოსკოპიური კვლევის დროს?
ორსულობის დადებითი ტესტი შემდეგ ექიმმა ორსულობის დასადასტურებლად შეიძლება დაგინიშნოთ ადრეული ულტრაბგერითი გამოკვლევა 7 ½ - 8 კვირის ვადაზე. თუმცა, ზოგიერთი ექიმი 11-14 კვირამდე არ ნიშნავს ექოსკოპიას.
ორსულობის 6 კვირის ვადაზე ულტრაბგერითი კვლევის დანიშვნის მიზეზი შეიძლება იყოს შემდეგი:
•თქვენ გაწუხეთ რაიმე სამედიცინო პრობლემა.
•წარსულში გქონდათ თვითნებური აბორტის შემთხვევა.
•წარსულში გქონდათ პრობლემა ორსულობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.
პირველი ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ექიმი აკეთებს შემდეგს:
•ადასტურებს სავარაუდო ორსულობას, გამორიცხავს საშვილოსნოს გარე ორსულობის არსებობას.
•ამოწმებს ნაყოფის გულისცემას.
•ზომავს ჩანასახის კრანიო-კაუდალურ ზომას, რაც ორსულობის ზუსტი ვადის დასადგენად სჭირდება.
•გამორიცხავს ანომალურ ორსულობას
ნაყოფის გულისცემა
ნაყოფის გულისცემა 6-7 კვირის ვადაზე უნდა იყოს 90-110 დარტყმა წუთში. მეცხრე კვირისთვის კი - 140-170 დარტყმა წუთში.
რატომ შეიძლება, ვერ მოვისმინოთ ნაყოფის გულისცემა?
შეიძლება პირველ ულტრაბგერით გამოკვლევაზე ვერ შეძლოთ ნაყოფის გულისცემის მოსმენა. უხშირესად ეს იმის გამოა, რომ ორსულობის ძალიან ადრეულ ვადაზე ხდება კვლევის ჩატარება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რაღაც პრობლემაა.
ექიმმა შეიძლება ექოსკოპიაზე 1 ან 2 კვირის შემდეგ ისევ დაგიბაროთ.
სხვა შესაძლო მიზეზებია:
• გადახრილი საშვილოსნო.
• დიდი ზომის მუცელი.
• იმაზე უფრო ნაკლები ორსულობის ვადა, ვიდრე ნავარაუდები იყო.
ექიმი შეამოწმებს ნაყოფის ზომებს. თუ ჩანასახის ზომა 5მმ-ზე მეტია და გულისცემა არ მოისმინება, ამ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს რაიმე სამედიცინო პრობლემა.
თუ მეექვსე კვირის შემდეგ არ აღინიშნება სანაყოფე პარკი, ესეც შესაძლო ანომალიის მანიშნებელია. ექიმმა შეიძლება რამდენიმე დღეში ისევ დაგიბაროთ ექოსკოპიაზე.
შესაძლებელია ნაყოფის გულისცემის შიშველი ყურით მოსმენა?
ნაყოფის გულისცემის დაფიქსირება ძალიან რთულია, თუ არა შეუძლებელი, ადამიანის ყურისთვის. მაგრამ ზოგი ორსული აღნიშნავს, რომ ბავშვის გულისცემა მუცლიდან ესმის. ეს თეორიულად შესაძლებელია მეორე ან მესამე ტრიმესტრში.თუმცა, არ შეშფოთდეთ თუ შიშველი ყურით არ გესმით ნაყოფის გულისცემა.
თუ წუხართ თქვენი პატარას გულისცემის შესახებ, ყველაზე უსაფრთხო გადაწყვეტილებაა, მიმართოთ ექიმს.
შეიძლება ნაყოფის გულისცემის მოსასმენად აპლიკაციების გამოყენება?
ამჟამად ასეულობით აპლიკაცია არის შექმნილი იმისთვის, რომ მომავალმა მშობლებმა სახლის პირობებში შეძლონ ნაყოფის გულისცემის მოსმენა. მაგრამ, შეიძლება თქვენი ექიმი ამ აპლიკაციების გამოყენების წინააღმდეგი იყოს.ასეთი აპლიკაციები და მოწყობილობები სხვადასხვანაირია. შეიძლება მათ არასწორი მონაცემები გაჩვენოთ და ტყუილად შეგაშფოთოთ.
დაეკითხეთ ექიმს ასეთი მოწყობილობების და აპლიკაციების გამოყენებამდე. ის გეტყვით, რამდენად უსაფრთხოა მათი გამოყენება.
ნაყოფის გულისცემა მთელი ორსულობის განმავლობაში იცვლება
ნაყოფის გული მთელი ორსულობის განმავლობაში ვითარდება. ნაყოფის გულისცემა თავდაპირველად, ორსულობის პირველ კვირებში, დაახლოებით 90-110 დარტყმაა წუთში. ის გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 9-10 კვირის ვადაზე - 140-170 დარტყმა წუთში.
ამის შემდეგ ნაყოფის გულისცემის ნორმალური მაჩვენებელი გახდება 110-160 დარტყმა წუთში და ასე დარჩება მთელი მეორე და მესამე ტრიმესტრის განმავლობაში. გახსოვდეთ, რომ თქვენი პატარას გულისცემა შეიძლება ყოველ პრენატალურ ვიზიტზე განსხვავებული იყოს.
იმ შემთხვევაში, თუ ნაყოფის გულისცემა ძალიან ნელი, ძალიან სწრაფი ან არარეგულარულია, შეიძლება ექიმმა დამატებითი კვლევები დაგინიშნოთ
ექიმი ყოველ პრენატალურ ვიზიტზე შეამოწმებს ნაყოფის გულისცემას. თქვენ ნაყოფის გულისცემის მოსმენა ყველაზე ადრე ორსულობის 5- 6 კვირის ვადაზე შეგეძლებათ.
თუ დამატებითი კითხვები გაქვთ ნაყოფის გულისცემასთან დაკავშირებით, ესაუბრეთ თქვენს ექიმს. მას შეუძლია აწარმოოს ნაყოფის გულისცემის მონიტორინგი მთელი ორსულობის მანძილზე და მშობიარობისას.
წყარო: healthline.com