მომავალი დედების 7 ძირითადი შიში

03-05-2022

ბავშვის გამო ნერვიულობა ორსულობის დროს აბსოლუტურად ნორმალური და ბუნებრივი პროცესია. მთავარია, შიშმა არ დაგიპყროთ და არ გმართოთ. როგორ უნდა დაძლიოს ორსულმა შიშები? ამის შესახებ პროფესიონალი გინეკოლოგები და ფსიქოლოგები გვესაუბრებიან.

მეშინია, რომ ორსულობა შეწყდება
ეს გრძნობა ხშირად უჩნდებათ ისეთ ქალებს, ვისაც ნანატრი ორსულობა აქვს ან ისეთებს, ვისაც მუცელი მოშლია. ასეთ პაციენტს აუცილებლად სჭირდება ძალიან ყურადღებიანი ექიმი. ქალმა უნდა იგრძნოს, რომ თუ პრობლემა შეექმნება, ის მარტო არ იქნება. ამ დროს ქალმა სასურველია გაისაუბროს ფსიქოლოგთან. პროფესიონალის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. 

მეშინია, რომ ბავშვი ჯანმრთელი არ დაიბადება
ბევრ ქალს უჩნდება ამის შიში პირველი ტრიმესტრის შემდეგ, როდესაც მიდის გამოკვლევებზე. გვინდა დავამშვიდოთ ფეხმძიმეები, რომ დღესდღეობით არის ისეთი ტექნოლოგიები, რომ შესაძლებელია ამა თუ იმ დაავადების ნაადრევ ეტაპზე აღმოჩენა და განკურნებაც კი. კარგად დაფიქრდით, კონკრეტულად რისი გეშინიათ და აქვს თუ არა ამ შიშს რეალური საფუძველი. ეცადეთ ამის შესახებ ინფორმაცია მოიძიოთ, გაწევრიანდეთ დედების ჯგუფებში, ესაუბროთ ვინმეს ამის შესახებ. ინფორმირება ამცირებს შიშს. 

ძალიან მეშინია მშობიარობის
ორსულ ქალს კარგად უნდა ესმოდეს, რომ მშობიარობა ბუნებრივი, მართვადი და რაც მთავარია, დროებითი პროცესია. არსებობს გაუტკივარების საშუალებები. გარდა ამისა, ყველა ქალი ინდივიდუალურია და წინასწარ არავინ იცის, ვის როგორი ტკივილები ექნება. პირველი ორსულობის დროს ფსიქოლოგები მომავალ დედებს ორსულთა კურსებზე ჩაწერას ურჩევენ. თუ შიში ძალიან ძლიერია, გირჩევთ მიმართოთ ფსიქოლოგს.

ვერ მოვასწრებ სამშობიარომდე მისვლას
ქალმა რომც არ იცოდეს, რა არის მშობიარობა და წინასამშობიარო ტკივილები, მის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს რამდენიმე ფაქტორი.  მაგალითად, უცნაური ტკივილები წელის არეში და ასევე უცნაური გამჭვირვალე გამონადენი. დიდ ქალაქებში მცხოვრებლებს საცობების ეშინიათ, თუმცა ტკივილები უფრო ხშირად ღამის საათებში იწყება ხოლმე, ამ დროს კი ქუჩები თავისუფალია.
პირველი მშობიარობა დაახლოებით 10-12 საათი გრძელდება.

მეშინია, რომ ახალშობილს ვერ გავუმკლავდები
ქალებს ჯერ ბავშვის გაჩენის ეშინიათ, შემდეგ კი ახალშობილის მოვლის. გვინდა დავამშვიდოთ ყველა ორსული და ვუთხრათ, რომ მსგავსი შიშები აქვს ყველა ახალბედა დედას, თუმცა თითოეული მათგანი მშვენივრად უმკლავდება ამ მოვალეობას. სანამ ბავშვი დაიბადება, შეეცადეთ წარმოიდგინოთ, როგორი დედა გინდათ, რომ იყოთ და ყველაფერი პრიორიტეტებად დაალაგოთ და დაგეგმოთ.
 
ჩემი ცხოვრება ძველებური ვეღარასდროს იქნება
დიახ, თქვენი ცხოვრება შეიცვლება, თუმცა დედების 99% გეტყვით, რომ დედობა უდიდესი ბედნიერებაა. თავი შეამზადეთ იმისათვის, რომ საკუთარი თავისთვის დრო სულ უფრო ნაკლები გექნებათ, მაგრამ ეს ნორმალურია.
 
გავსუქდები და ისეთი ლამაზი აღარ ვიქნები
საკუთარ სხეულზე ზრუნვა მშობიარობიდან რამდენიმე დღეში შეიძლება დაიწყოთ. ისეთი დიეტის შერჩევაც შეგიძლიათ, რომელიც მეძუძურმა დედამ შესაძლოა დაიცვას. 
ისიც გაითვალისწინეთ, რომ როგორც საკუთარი თავის მიმართ გულგრილობა არ ვარგა, ისე არ შეიძლება საკუთარ გარეგნობაზე ზედმეტად ზრუნვა. 

წაიკითხეთ როგორ მოქმედებს დედის ფიქრები მუცლადმყოფ პატარაზე - სტატია