თუ სპონტანური აბორტი ორსულობის პირველ ტრიმესტრში (პირველი სამი თვის განმავლობაში) განვითარდა, მისი გამომწვევი მიზეზი ყველაზე ხშირად ნაყოფის განვითარების პრობლემებია. სპონტანური აბორტების უმრავლესობა სწორედ ამ პერიოდში ხდება (ყოველი 4 აბორტიდან - 3).
თუ სპონტანური აბორტი ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ ხდება, მისი მიზეზი უხშირესად დედის ჯანმრთელობის პრობლემაა.
ხშირად მუცლის მოშლა ორსულობის გვიან პერიოდში სანაყოფე სითხის დაინფიცირების შედეგია, რის გამოც ამნიონური პარკის მთლიანობა ირღვევა და სანაყოფე სითხე მშობიარობის დაწყებამდე იღვრება. ხანდახან კი სპონტანურ აბორტს საშვილოსნოს ყელის ზედმეტად ადრე გახსნა იწვევს.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში მუცლის მოშლის მიზეზი შეიძლება ნაყოფის ქრომოსომული ანომალია გახდეს.ქრომოსომა დნმ-ის მოლეკულის შემადგენელი სტრუქტურაა. ის ინახავს ინსტრუქციების კოდებს, რომლებიც უჯრედის ცხოველმოქმედების მრავალ ფაქტორს განსაზღვრავს და საერთო ჯამში ორგანიზმის ფუნქციონირების ყველა საფეხურს განაგებს.
ზოგჯერ ჩასახვის მომენტში ქრომოსომების ნაკრების გადანაწილების დროს შეცდომები ხდება და ნაყოფს ქრომოსომების ზედმეტი ან ნორმაზე უფრო ნაკლები რაოდენობა აქვს. ამის შედეგად ხშირად ნაყოფის სრულად განვითარება ვერ ხერხდება და რომელიმე ეტაპზე ორსულობა წყდება.
ქრომოსომული ანომალიები სხვადასხვა ორსულობის დროს იშვიათად მეორდება და როგორც წესი, ბიოლოგიურ მშობლებს თავად ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ.
პლაცენტა ნაყოფისთვის უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ის ნაყოფს სისხლს და საკვებ ნივთიერებებს აწვდის დედის ორგანიზმიდან. პლაცენტის ანომალია ხშირად იწვევს სპონტანურ აბორტს.
ადრეული ორსულობის პერიოდში სპონტანური აბორტის რისკზე გავლენას ახდენს დედის ასაკი:
• 30 წლის ასაკამდე ორსულ ქალებში, 10-დან 1 შემთხვევაში ხდება სპონტანური აბორტი.
• 35-39 წლის ასაკში შემთხვევები იზრდება და 10 ორსულობიდან 2 სრულდება მუცლის მოშლით.
• 45 წელზე ზევით კი ორსულობის შემთხვევათა ნახევარში დგება სპონტანური აბორტი.
ასევე ორსულობა შესაძლებელია დასრულდეს მუცლის მოშლით, თუ ქალი:
• მწეველია
• იღებს ნარკოტიკულ ნივთიერებებს
• იღებს დიდი რაოდენობით კოფეინს
• სვამს ალკოჰოლს
• აწუხებს სიმსუქნე
ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები:
დედის ქრონიკული დაავადებები საგრძნობლად ზრდის ორსულობის მეორე ტრიმესტრში მუცლის მოშლის რისკს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათი ეფექტური მკურნალობა ვერ ხერხდება.
ამ დაავადებებს მოიცავს:
• დიაბეტი (ცუდად კონტროლირებული)
• ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა
• სისტემური წითელი მგლურა
• თირკმლის დაავადებები
• ჰიპერთირეოიდიზმი
• ჰიპოთირეოიდიზმი
• ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი
შემდეგი ინფექციები ზრდიან სპონტანური აბორტის რისკს:
• წითურა
• ციტომეგალოვირუსი
• ბაქტერიული ვაგინოზი
• აივი
• ქლამიდია
• გონორეა
• სიფილისი
• მალარია
საკვებით მოწამვლა ორგანიზმში პათოგენური აგენტების მოხვედრას იწვევს და შეიძლება მუცლის მოშლის მიზეზი გახდეს. საკვებით მოწამვლისას შეიძლება განვითარდეს:
• ლისტერიოზი - უმეტესად რძის პროდუქტებიდან, მაგალითად, ლურჯი ყველიდან.
• ტოქსოპლაზმოზი - არასაკმარისად მომზადებული ხორცპროდუქტებიდან.
• სალმონელოზი - არასაკმარისად მომზადებული კვერცხისგან.
სპონტანური აბორტის რისკს ზრდის შემდეგი მედიკამენტები:
• მიზოპროსტოლი - კუჭის წყლულის სამკურნალოდ
• რეტინოიდები - ეგზემის და აკნეს სამკურნალოდ
• მეტოტრექსატი - რევმატოიდული ართრიტის და მონათესავე დაავადებების სამკურნალოდ
• არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი - ტკივილის და ანთების სამკურნალოდ.
ორსულობისას ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე ნებართვა აიღეთ ექიმისგან.
საშვილოსნოს ანომალიებმა შეიძლება ორსულობის მეორე ტრიმესტრში სპონტანური აბორტი გამოიწვიოს. საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება იყოს:
• არასიმსივნური წანაზარდები საშვილოსნოში
• საშვილოსნოს ანომალური აგებულება
ზოგ შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის კუნთები ძალიან სუსტია. ამ მდგომარეობას საშვილოსნოს ყელის სისუსტე ან უკმარისობა ეწოდება.
საშვილოსნოს ყელის სისუსტის გამომწვევი შეიძლება გახდეს ამ მიდამოში ადრე მიღებული დაზიანება, ჩვეულებრივ ეს არის საშვილოსნოზე წარმოებული ქირურგიული ჩარევა. საშვილოსნოს ყელის უკმარისობისას ის იმაზე უფრო ადრე იხსნება, ვიდრე ორსულობის ამ ეტაპისთვისაა მოსალოდნელი და შედეგად ვითარდება სპონტანური აბორტი.
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომის დროს საკვერცხის ზომა ნორმაზე უფრო დიდია. ამ სინდრომს საკვერცხის ჰორმონების დისბალანსი იწვევს. პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი უშვილობის ყველაზე ხშირი მიზეზია, რადგან ამ დროს ფერხდება ოვულაციის პროცესი. ასევე, დამტკიცებულია მისი კავშირი სპონტანურ აბორტთანაც.
სპონტანური აბორტის რისკის ზრდა არ არის დაკავშირებული:
• ორსულობისას დედის ემოციურ მდგომარეობასთან, სტრესთან ან დეპრესიასთან.
• ძლიერ შიშთან ან შოკთან.
• ვარჯიშთან - მაგრამ რჩევა ორსულობისას უსაფრთხო ვარჯიშის ტიპების შესახებ მიიღეთ თქვენი ექიმისგან.
• სიმძიმეების აწევასთან ან გადაძაბვასთან
• ორსულობისას მუშაობასთან - ან ისეთი სამუშაოს შესრულებასთან, რომელიც დიდი ხნით ჯდომას ან დგომას მოითხოვს
• ორსულობისას სექსთან
• თვითმფრინავით მგზავრობასთან
• ცხარე საკვების მირთმევასთან
თუ წარსულში სპონტანური აბორტი გქონდათ, ბუნებრივია, რომ მომავალი ორსულობისას იმავეს განმეორების შიში გქონდეთ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სპონტანური აბორტი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება. 100-დან მხოლოდ 1 ქალს აქვს განმეორებითი სპონტანური აბორტი (რაც გულისხმობს ერთმანეთის მიყოლებით 3-ჯერ ან მეტჯერ მუცლის მოშლას) და მათ შორისაც კი უმრავლესობას მომავალში წარმატებული ორსულობა და მშობიარობა აქვს.
წყარო: www.nhs.uk