ამქვეყნად ახალი სიცოცხლის მოვლინება ერთ-ერთი ყველაზე აღმაფრთოვანებელი გრძნობაა დედისთვის. დედობა ადამიანის ცხოვრებას ისეთ მოტივაციასა და მიზანდასახულობას სძენს, რომლის გადმოცემაც სიტყვებით რთულია. ყველა ორსულობა უნიკალური მოვლენაა. მეორე შვილზე ორსულობის დროს და მისი დაბადების შემდეგ შეიძლება ისეთი მოულოდნელობები შეგხვდეთ, რომელთა შესახებ თქვენთვის არავის მოუყოლია:
1. დანაშაულის გრძნობა: მეორე შვილის დაბადების მოახლოებასთან ერთად დედებს დანაშაულის გრძნობა და წუხილი იპყრობთ ხოლმე, რომ პირმშოს ყურადღებას მოაკლებენ. დედები ასევე შიშობენ, რომ პირველ შვილს ემოციურად დაშორდებიან. თუმცა, ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს - თქვენ ორივე შვილი ძალიან გეყვარებათ და ორივეზე ერთნაირად იზრუნებთ.
2. მეორე შვილის აღზრდა განსხვავებულია: ამ შემთხვევაში თქვენ დამატებითი გამოწვევები შეგხვდებათ, რადგან ერთდროულად ორი ბავშვის მოვლა მოგიწევთ. ჰორმონების მოჭარბებულ დონესთან, გუნებ-განწყობის ცვალებადობასთან და ორ ბავშვთან გამკლავება ერთად მოგიწევთ - თქვენი ცხოვრება შეიძლება მეტად ქაოსური გახდეს. ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადოთ ორი ბავშვის მოვლისთვის.
3. მეტი თავდაჯერებულობა: თქვენ უკვე გამოცდილება გექნებათ და გეცოდინებათ, რას ელოდოთ ბავშვის დაბადებამდე და დაბადების შემდეგ. მეორე მშობიარობის შემდეგ დედებს შფოთვის დონე ნაკლები აქვთ. ახლა უკვე გამოცდილი მშობელი იქნებით და გეცოდინებათ, როგორ მოუაროთ ბავშვს და როგორ მოემზადოთ მისი დაბადებისთვის.
4. მშობიარობა იქნება უფრო ხანმოკლე: მეორე მშობიარობისას ჰორმონების დონე უფრო დაბალანსებულია, ორგანიზმისთვის მშობიარობა უცხო აღარ არის. მართალია, შეიძლება მშობიარობა ნაკლებად მტკივნეული არ იყოს, მაგრამ ის უფრო სწრაფად პროგრესირებს და უფრო მალე მთავრდება.
5. დროის სიმცირე: საკუთარი თავისთვის ფაქტობრივად დრო აღარ დაგრჩებათ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პირველი შვილი ბაგა-ბაღში ან საბავშვო ბაღში არ გყავთ მიბარებული. თუმცა, ესეც არ გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თავის განებივრებას და მოვლას შეძლებთ. შეიძლება ზოგჯერ მოგინდეთ სააბაზანოში მარტო ჩაიკეტოთ, რათა ცოტაოდენი დრო მაინც გქონდეთ საკუთარ თავთან გასატარებლად და ეს სრულიად ბუნებრივია. ოჯახის წევრებს ან ძიძას თუ დაიხმარებთ ეს პრობლემაც მარტივად მოგვარდება.
6. თქვენ უფრო მოდუნებული იქნებით: ის, რაც პირველი შვილის მოლოდინში გააკეთეთ, შეიძლება მეორე ორსულობისას აღარ მოიმოქმედოთ. მეორე ბავშვს არ ერგება ხოლმე მისთვის სპეციალურად არჩეული საგანმანათლებლო სათამაშოები, ახალთახალი ტანისამოსი და ა.შ.
7. დავიწყება: თქვენ შეიძლება ჩვილი ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული ბევრი დეტალი არ გახსოვდეთ, როგორიცაა ახალშობილის ბანაობა, ჩაცმა, ძუძუთი კვების სწორი ტექნიკები და ა.შ.
8. დედმამიშვილებს შორის ჩხუბი: ხშირად პირველად დაბადებული შვილები თავიანთ მცირეწლოვან და-ძმაზე ეჭვიანობენ და ეპაექრებიან მათ. ძირითადად, მათ შორის ჩხუბი სათამაშოების ან თქვენი ყურადღების გამო გაჩაღდება.
9. სარეცხი: თქვენ ვერც წარმოიდგენთ ,რამდენად სწრაფად აივსება სარეცხების კალათა.
10. თქვენ მეორე შვილის შეძენის შემდეგ არაჩვეულებრივი გამოცდილება გელით. შეიძლება თქვენი შვილები თავიდან ვერ უგებდნენ ერთმანეთს, მაგრამ როცა წამოიზრდებიან, ისინი ერთმანეთს ძალიან შეიყვარებენ, ერთად ითამაშებენ და გაერთობიან. ისინი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები და დასაყრდენი იქნებიან. ასე,რომ სირთულეებთან ერთად მეორე ბავშვის გაჩენას ძალიან ბევრი ბენეფიტი ახლავს თან.