10 რამ რაც ვისურვებდი მცოდნოდა სანამ დედა გავხდებოდი

22-12-2021

როგორც კი თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს შეატყობინებთ, რომ ორსულად ხარ,ყველა რჩევების მოცემას დაიწყებს, ისინიც კი, ვისაც შვილი არასოდეს ჰყოლია. უმეტეს შემთხვევაში ადამიანები მხოლოდ დედობის დადებით მხარეებზე საუბრობენ და გეუბნებიან ცნობილ ფრაზას - „ცხოვრება შვილის გაჩენის შემდეგ მთლიანად იცვლება“.
ორსულობის დადგომასთან ერთად დედები იწყებენ ინფორმაციის მოძიებას - კითხულობენ უამრავ სტატიას, წიგნებს, გადიან მშობიარობისწინა კურსებს. უამრავი დეტალია, რომელიც შეიძლება ორსულობაზე, მშობიარობასა და ბავშვის მოვლაზე თავდაპირველად არ იცოდეთ.
ჩვენ შემოგთავაზებთ 10 რჩევას, რომლებსაც მომავალ დედებს ხშირად არ აძლევენ:
 1. ავარჯიშეთ მკლავები
ორსულობისას ქალებს ურჩევენ გააკეთონ გაჭიმვები და ისეირნონ რეგულარულად, რათა მშობიარობას ფიზიკურად მომზადებული შეხვდნენ. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია გაიძლიეროთ მკლავის კუნთები, რომ ბავშვის წონას გაუძლოთ და მისი ხანგრძლივად ხელში ჭერა შეძლოთ. ასევე სასარგებლო იქნება, ზურგის კუნთებიც გაიმაგროთ.
 2. ახალშობილები ძალიან ხშირად იკვებებიან
ახალშობილს დღეში მრავალჯერ სჭირდება კვება. თქვენი დღის უმეტეს ნაწილს ძუძუთი კვება დაიკავებს. უნდა მოამზადოთ სივრცეები, სადაც ბავშვს გამოკვებავთ, რათა ეს ადგილები თქვენთვისაც კომფორტული იყოს და თქვენი პატარასთვისაც. არ ჩაიკეტოთ საძინებელში, სადაც არავითარი გართობის საშუალება რა გექნებათ, მოიმარაგეთ წიგნები, პლანშეტი, მობილური ტელეფონი, გქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. მოკალათდით  სავარძელში ან დივანზე, თუ ასე უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს. ბავშვისთვისაც უკეთესია განსხვავებულ პოზიციებში კვება. ამგვარად, თქვენც შეძლებთ განიტვირთოთ და შეინარჩუნო თქვენი მენტალური ბალანსი. ძუძუთი კვებისას გამოკვებეთ ბავშვი ორივე ძუძუდან, ასე თავს უფრო მსუბუქად იგრძნობთ.
 3. არ დააძინოთ ბავშვი სრულ სიჩუმეში
როდესაც ბავშვს დღისით დააძინებთ, არ შეუქმნათ მას სრულიად ჩუმი გარემო. მოასმენინეთ ჩვეული ხმები: ისაუბრეთ ჩვეულებრივად, ჩართეთ ფონად მუსიკა, სარეცხის მანქანა და ა.შ. თქვენი პატარა ამ ხმებს ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს შეეჩვია.
 4. არ შეიძინოთ ბევრი საბავშვო ნივთი
დასაწყისში აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს: საფენები, სველი ხელსახოცები, ტანსაცმელი, ქუდი, ხელთათმანები, პირსახოცები, პლედი, ბოთლები, წინსაფარი, ფრჩხილების საჭრელი, ჩხარუნა სათამაშოები, ქარ-სითი, ბავშვის დასაბანი საშუალებები, ტანის ლოსიონი და საწოლი. თავიდან ბევრი ტანსაცმლის შეძენას არ გირჩევთ. მათ ბავშვი ძალიან მალე გამოიცვლის, რადგან ძალიან სწრაფად იზრდება. ასევე ისეთი ნივთები, როგორიცაა ეტლი, კენგურუ, ბაუნსერი, სათამაშო ხალიჩა, ჭოჭინა, სათამაშოები, ჩვილის მონიტორი და ა.შ. არ დაგჭირდებათ. მათი დრო მხოლოდ ბავშვის დაბადებიდან 3 თვის შემდეგ მოვა. 
5. მოუსმინეთ, გაიღიმეთ და დაივიწყეთ
თქვენ უამრავი ადამიანისგან მიიღებთ რჩევებს ყველა წვრილმანის შესახებ, რაც თქვენი შვილის აღზრდას ეხება. შეგიძლიათ ეს რჩევები ღიმილით, მშვიდად მოისმინოთ და მაშინვე დაივიწყოთ. ენდეთ თქვენს დედობრივ ინსტინქტებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ზოგჯერ შეიძლება გიმტყუნონ. ამ შემთხვევაში იხელმძღვანელეთ მამობრივი ინსტინქტებით.
 6. ხელთ გქონდეთ სანიტაიზერი
როდესაც ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები გესტუმრებიან და ბავშვთან მიახლოებას მოინდომებენ, მოურიდებლად გაუწოდეთ მათ ხელის სანიტაიზერი, სანამ ბავშვს შეეხებიან. მთავარია თქვენი შვილი დაიცვათ გარე პათოგენებისგან. თუ თქვენი სტუმრები თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენ, ეს თქვენი პრობლემა არ არის.
 7. არ შეგრცხვეთ
როდესაც სამშობიაროში  შეხვალთ, დაინახავთ, რომ ირგვლივ უამრავი ექთანი და ექიმი გახვევიათ. შეიძლება ზოგი მათგანი მამრობითი სქესის იყოს. ექიმი რამდენიმეჯერ გაგსინჯავთ მშობიარობის პროგრესის შესაფასებლად. ამ დროს ყველაზე ნაკლებად სირცხვილისა და დაძაბულობის განცდა გჭირდებათ. ამიტომ, არაფრის შეგრცხვეთ და ანდეთ ექიმებს თავიანთი საქმის გაკეთება.
 8. მშობიარობის შემდგომი დეპრესია:
მშობიარობის შემდგომი დეპრესია და „ბეიბი ბლუზი“ ორი განსხვავებული მდგომარეობაა. „ბეიბი ბლუზის“  დროს დედებს აწუხებთ შფოთვა, უძილობა, აქვთ ტირილის ეპიზოდები, არიან განერვიულებული. თუმცა, ეს ყველაფერი დაახლოებით ერთ კვირაში, თავისით იწურება.ზოგ დედას აწუხებს მშობიარობის შემდგომი დეპრესია, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად აერთიანებს დეპრესიულ გუნებ-განწყობას, აქტივობების მიმართ ინტერესის დაკარგვას და სხვა ფიზიკურ და ემოციურ სიმპტომებს, რომლებიც ძალიან რთულს ხდის ყოველდღიური საქმეების შესრულებას. მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ექიმის და ფსიქოთერაპევტის ჩართვა და მკურნალობა სჭირდება.
 9. ძილის ნაკლებობა
ზოგჯერ ღამეში 2-4 საათი, კარგ შემთხვევაში კი - 6-7 საათი გეძინებათ, განსაკუთრებით ბავშვის ცხოვრების პირველ თვეებში. ამისთვის ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადოთ.
10.  გაანებივრეთ საკუთარი თავი
თქვენ იმსახურებთ დასვენებას, თუნდაც ის დღეში მხოლოდ ნახევარი საათი გრძელდებოდეს. მიიღეთ ხანგრძლივი თბილი შხაპი, მიირთვით გემრიელი საჭმელი, გაიკეთეთ მანიკური და პედიკური. გახსოვდეთ, როდესაც დედა ბედნიერია - ყველა ბედნიერია.