რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი გვიყვება, რა აუცილებელი გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო წყვილისთვის, რომელიც ორსულობას გეგმავს და არსებობს თუ არა რაიმე განსაკუთრებული აკრძალვები ორსულთათვის:
- თუ უშვილობა არ არის, ანუ რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტების დაწყებიდან არ გასულა 1 წელი და წყვილი გეგმავს ორსულობას, არაფერი აწუხებთ, არიან პრაქტიკულად ჯანმრთელები, ამ შემთხვევაში ქალს ვუტარებთ სტანდარტულ გინეკოლოგიურ კვლევებს, რომელიც ყველა ჯანმრთელ ქალს სჭირდება წელიწადში ერთხელ: გინეკოლოგიური ექოსკოპია და სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია, პაპტესტი, კოლპოსკოპია, ნაცხის ანალიზი ინფექციებზე და რამდენიმე ჰორმონი. მამაკაცს: სპერმის ანალიზი. თუმცა, ინდივიდუალურია ყველაფერი, მაგალითად, თუ წყვილის და განსაკუთრებულად, ქალის ასაკი 35 ან მეტია და სქესობრივი კონტაქტის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ 5-6 თვეა გასული, საჭიროა იმ კვლევების ჩატარება, რომლებიც უშვილობის გამოკვლევის პირველ ეტაპზეა რეკომენდებული, მათ შორის მილების გამტარობა.
- არსებობს თუ არა რაიმე განსაკუთრებული აკრძალვები ორსულისთვის?
- განსაკუთრებული აკრძალვები ორსულისთვის არ არსებობს და აკრძალვებიც ინდივიდუალურია, გააჩნია ქალი ასაკს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რეპროდუქციულ ისტორიას. ორსულობა ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, მაგრამ პასუხისმგებლობა ამ დროს არის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მომავალი ბავშვის მიმართ და ამიტომ ორსულმა ქალმა უნდა იცხოვროს ჯანმრთელი ცხოვრების წესით, რაც გულისხმობს სწორ კვებას, ზომიერ ფიზიკურ აქტივობას, სუფთა ჰაერს, ნაკლებ სტრესს და ა.შ. ქალებს, რომელთაც ორსულობამდე აქვთ მავნე ჩვევები, იკვებებიან არასწორად და დღის რეჟიმიც არა აქვთ ნორმალური, ორსულობის დროს უჭირთ მისი შეცვლა და ცხადია, ჩვენ მათ ამაში ვეხმარებით. ჯანსაღი ცხოვრების წესი ასევე მნიშვნელოვანია არა მარტო ნაყოფისთვის, არამედ თავად ქალისთვის და ორსულობის მიმდინარეობისთვის, მშობიარობისთვის.
- სქესობრივი კონტაქტი ორსულობის პერიოდში დასაშვებია, თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს და მიდგომა ინდივიდუალურია. არის შემთხვევები, როცა ქალს ვეუბნებით, რომ თავი შეიკავოს სქესობრივი ცხორებისგან ორსულობის გარკვეულ ეტაპზე და ეს შეიძლება იყოს ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე და შესაძლოა მთელი ორსულობაც. ამ საკითხს პაციენტთან მიმართებაში ექიმი წყვეტს ინდივიდუალურად.
- შემდგომი ორსულობებისგან თავის დასაცავად ზოგჯერ, ქალის სურვილით, ქირურგიული ოპერაციისას ხდება მილების გადაკეტვა, უფრო ზუსტად, აქ ხდება არა მილების „გადაკეტვა“, არამედ მისი მოკვეთა. ცხადია, ამ ოპერაციის შემდეგ ბუნებრივი გზით დაორსულება შეუძლებელია და მილების აღდგენაც არ ხდება. ორსულობა ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ინვიტრო განაყოფიერებით, რადგან ამ დროს ჩვენ არ გვჭირდება ფალოპის მილები.
- გარე ორსულობის მიზეზი ძირითადად საშვილოსნოს მილების ფუნქციური გაუმართაობაა, რაც ხშირად არის სხვადასხვა ინფექციის გადატანის შედეგი, რომლებიც ქალს ფარულად გადააქვს ხოლმე.
- როგორც აღვნიშნე, ორსულობა ფიზიოლოგიური მდგომარეობაა და რაიმე განსაკუთრებული პირობები არაა საჭირო, თუმცა აქაც ინდივიდუალურია მიდგომა. საჭესთან დაჯდომა შეიძლება, თუმცა მოგეხსენებათ, რომ საჭესთან ჯდომა ხშირად სტრესულია, ქალი შეიძლება იყოს ზედმეტად დაძაბული და ეს არ მოქმედებს დადებითად ორსულობის მიმდინარეობაზე.
- შეიძლება თუ არა საჰაერო მგზავრობა ორსულობის დროს?
- ცხადია, დასაშვებია და ნორმალურია, მაგრამ გააჩნია ორსულს. ნებისმიერი მგზავრობა შორ მანძილზე გარკვეული დაძაბულობის ანუ სტრესის მატარებელია და მიდგომა ინდივიდუალურია.
- როგორ შეიძლება ტოქსიკოზის ნიშნების შემსუბუქება?
- 12 კვირამდე ორსულობის ტოქსიკოზი ძირითადად გამოწვეულია ქალის ორგანიზმის ერთგვარი ადაპტაციით ორსული მდგომარეობისადმი. ნებისმიერი ორსული უნდა იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ორსულობის დადგენისთანავე. სამწუხაროდ, დღესაც მხვდება ორსულები, რომლებიც ექიმს მხოლოდ ორსულობის მე-3 თვეში მიმართავენ ან მაშინ, როცა რამე სერიოზულად შეაწუხებთ. 12 კვირამდე ტოქსიკოზის შესამსუბუქებლად ენიშნებათ გარკვეული პორეპარატები და ასევე ეძლევათ რეკომენდაცია, რომ სვან ბევრი სითხე და დილიდან, გაღვიძებისთანავე მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად საკვები მიიღონ. თუ მდგომარეობა მაინც გაუსაძლისია, ან გარკვეული მიზეზების გამო ორსული ვერ ღებულობს საკმარის სითხეს, ვატარებთ გადასხმებს ფიზიოლოგიური ხსნარითა და გარკვეული პრეპარატებით.
- ტოქსიკოზზე ამბობენ, რომ გოგოზე ორსულობამ უფრო იცის, მითია ეს თუ რეალობა?
- ტოქსიკოზი არაა დამოკიდებული ბავშვის სქესზე და შესაბამისად, ეს მითია.