რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა მგალობლიშვილი გვიყვება, რა აუცილებელი გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო წყვილისთვის, რომელიც ორსულობას გეგმავს, რა უნდა გაითვალისწინონ რეზუს კონფლიქტის დროს.
- თუ უშვილობა არ არის, ანუ რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტების დაწყებიდან არ გასულა 1 წელი და წყვილი გეგმავს ორსულობას, არაფერი აწუხებთ, არიან პრაქტიკულად ჯანმრთელები, ამ შემთხვევაში ქალს ვუტარებთ სტანდარტულ გინეკოლოგიურ კვლევებს, რომელიც ყველა ჯანმრთელ ქალს სჭირდება წელიწადში ერთხელ: გინეკოლოგიური ექოსკოპია და სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია, პაპტესტი, კოლპოსკოპია, ნაცხის ანალიზი ინფექციებზე და რამდენიმე ჰორმონი. მამაკაცს: სპერმის ანალიზი. თუმცა, ინდივიდუალურია ყველაფერი, მაგალითად, თუ წყვილის და განსაკუთრებულად, ქალის ასაკი 35 ან მეტია და სქესობრივი კონტაქტის დაწყებიდან ჯერ მხოლოდ 5-6 თვეა გასული, საჭიროა იმ კვლევების ჩატარება, რომლებიც უშვილობის გამოკვლევის პირველ ეტაპზეა რეკომენდებული, მათ შორის მილების გამტარობა.
- როდესაც ქალი არის რეზუს უარყოფითი, ხოლო მამაკაცი - რეზუს დადებითი, რატომ ითვლება, რომ ასეთი ორსულობა საყურადღებოა?
- ადამიანის სისხლის ერითროციტებში არის ერთგვარი ცილა, რომელიც განსაზღვრავს რეზუს ფაქტორს. თუ ეს ცილა არსებობს, სისხლი რეზუს დადებითია და თუ არ არის, სისხლი რეზუს უარყოფითია. რეზუს კონფლიქტი ვითარდება ორსულობის დროს, როცა ქალი არის რეზუს უარყოფითი და მამაკაცი - რეზუს დადებითი, რადგან ამ შემთხვევაში ნაყოფი 60% შემთხვევაში არის რეზუს დადებითი. დედის იმუნურ სისტემაში გამომუშავდება ანტისხეულები რეზუს დადებითი ნაყოფის მიმართ, რომლებიც აღწევენ ნაყოფის სისხლს და იწვევენ ჰემოლიზს, ანემიას, ჰიპოქსიას და ხშირად ნაყოფის სიკვდილს. თუ ქალი და მისი მეუღლე, ორივე რეზუს უარყოფითია, ნაყოფიც რეზუს უარყოფითია და რეზუს კონფლიქტის საშიშროება არ არსებობს.
- რა შეიძლება გაკეთდეს ორსულობამდე იმისთვის, რომ არ წარმოიშვას რეზუს კონფლიქტი?
- ორსულობამდე რეზუს უარყოფით ქალებში არანაირი მკურნალობა არ ხდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველი შემდგომი ორსულობისას მატულობს რეზუს კონფლიქტის რისკი, ამიტომ, ყოველი მშობიარობის ან შეწყვეტილი ორსულობიდან 24 საათში ქალს უკეთდება ანტირეზუს ანტისხეულები იმისათვის, რომ შემცირდეს რეზუს კონფლიქტის რისკი შემდგომი ორსულობისას. რეზუს უარყოფით ქალს ორსულობის გარკვეულ ეტაპებზე ასევე უკეთდება ანტირეზუს ანტისხეულები იმისათვის, რომ შევამციროთ რეზუს კონფლიქტის განვითარების რისკი და შევამსუბუქოთ სიმპტომები.
- ხშირად ამბობენ, რომ წყვილი შეუთავსებელია, რას ნიშნავს ეს და როდის ხდება ეს შეუთავსებლობა, რაზე აისახება და რას იწვევს?
- შეუთავსებლობა ფართო გაგების ტერმინია, ზემოთ აღნიშნული რეზუს ჯგუფების შეუთავსებლობაც შეუთავსებლობაა, ასევე არსებობს სპერმატოზოიდისა და ქალის ცერვიკალური არხის ლორწოს შეუთავსებლობა, რაც არ აძლევს საშუალებას სპერმას, მოხვდეს ქალის რეპროდუქციულ ორგანოებში. ასევე არსებობს ქალის იმუნური სისტემის თავისებურება, როცა მის ორგანიზმში გამომუშავდება ანტისხეულები საკუთარი ნაყოფის, როგორც „უცხო სხეულის“ მიმართ.
- თუ დედა რეზუს უარყოფითია და ნაყოფი დაიბადა რეზუს დადებითი, საჭიროა თუ არა რაიმე მედიკამენტის მიღება და დასაშვებია თუ არა ძუძუთი კვება?
- რეზუს უარყოფითი ქალის მიერ რეზუს დადებითი ნაყოფის გაჩენის შემთხვევაში ხდება როგორც ორსულობის დროს, ასევე მშობიარობის შემდეგ ანტი-რეზუს იმუნოგლობულინის შეყვანა, რათა მოხდეს დედის ორგანიზმში არსებული ანტისხეულების განეიტრალება. ძუძუთი კვება დასაშვებია.
- ყველაზე ხშირად თქვენს პრაქტიკაში რა შემთხვევებს ხვდებით, რით არის გამოწვეული ყველაზე ხშირად ადრეულ ეტაპზე თვითნებითი აბორტები?
- მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თვითნებითი აბორტების 80% ხდება 12 კვირის ვადამდე და მათგან 70 % განპირობებულია ქრომოსომული ანომალიით, ასევე განაყოფიერებული კვერცხუჯრედების 50% ვერ აღწევს კლინიკურ ორსულობას, ანუ ნაყოფი იღუპება მანამდე, სანამ ქალი ამის შესახებ გაიგებს. კლინიკურად გამოვლენილი აბორტები გვხვდება 12%-დან 30%-მდე და მისი სიხშირე ასაკის მატებასთან ერთად მატულობს. არიან ქალები, რომლებიც ორსულდებიან, მაგრამ ორსულობა წყდება მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე და ეს მეორდება რამდენჯერმე, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ორსულობის განმეორებით დანაკარგებთან, რაც განპირობებულია: ქალის იმუნური სისტემის თავისებურებით - ანტიფოსფოლიპიდური სინდრომით, რომლის განვითარების მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ამ დროს ხდება ანტისხეულების გამომუშავება ფოსფოლიპიდების მიმართ, რაც იწვევს მიკროთრომბოზებს პლაცენტაში, ეს არღვევს სისხლის მიმოქცევას და ნაყოფის კვებას, შედეგად ნაყოფი იღუპება. გარდა ამისა, თვითნებითი დანაკარგების მიზეზი შესაძლოა იყოს ქრომოსომული ანომალიები, საშვილოსნოსშიდა პათოლოგიები: საშვილოსნოს განვითარების ანომალიები, პოლიპი, მიომა და ა.შ. და ასევე, ენდოკრინული დარღვევები.