მე-5 კლინიკური საავადმყოფო - ღია გულის სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი მამუკა ნემსაძე გვესაუბრება, რატომაა ორსულთათვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელი:
- ზოგად პოპულაციასთან შედარებით, ორსულ ქალებს ინფიცირების უფრო მაღალი რისკი არ აღენიშნებათ. მაგრამ, რადგან ორსულობა ორგანიზმის იმუნურ სისტემას ცვლის, შესაძლოა კოვიდ-19 უფრო მძიმე მიმდინარეობით გამოირჩეოდეს და მეტ პროცენტში დასრულდეს ლეტალობით. ორსულებში რისკ-ფაქტორები, რომლებიც უკავშირდება როგორც ინფიცირების სიხშირეს, ასევე ჰოსპიტალიზაციის ალბათობას, ესენია: სხეულის მასის ინდექსი - 25 კგ/მ2 ან მეტი, ორსულობამდე არსებული თანმხლები პათოლოგიები, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ქრონიკული ჰიპერტენზია, გულის დაავადებები და სხვა. 18 ქვეყნის 43 დაწესებულებაში კონსორციუმმა INTERGROWTH-21 - მა ჩაატარა კვლევა და 2020 წლის ოტომბრამდე არსებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ორსულ ქალებში კორონავირუსის დროს პრეეკლამფსიის, ეკლამფსიის რისკი ორჯერ მომატებულია. 3-4-ჯერ იზრდება ინფექციის მძიმედ მიმდინარეობის რისკი, ხოლო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხვედრის ალბათობა გაზრდილია 5-ჯერ, დედათა სიკვდილობის რისკი 22-ჯერ იზრდება. 3-ჯერაა გაზრდილი ნაადრევი მშობიარობის რისკი, 2-3-ჯერ იზრდება ახალშობილთა მძიმე ავადობის ინდექსი. შესაბამისად, ეს და სხვა გართულებები, რომლებიც სხვადასხვა კვლევითაა დადასტურებული, გვაიძულებს თავდაცვის ეფექტური გზები მოვძებნოთ. პირველ რიგში, ეს არის უკვე არსებული რეკომენდაციების შესრულება, სოციალური დისტანცია, ჰიგიენური ნორმების დაცვა და სამედიცინო ნიღბის ტარება და მეორეა ეფექტური სამედიცინო ღონისძიებები - მათ შორის კი ვაქცინაცია პრიორიტეტული და შეუცვლელია.
- ორსულობის რა ვადიდანაა რეკომენდებული ვაქცინაცია ან რომელ ვადაზეა საუკეთესო დრო?
- პირველ რიგში, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ორსულობის დროს აუცილებელია. ამ ეტაპზე, საქართველოში პფაიზერ/ბაიონტექის ვაქცინაა ხელმისაწვდომი. ძირითადი კლევები სწორედ მასზე და მოდერნაზეა ჩატარებული. ამ ვაქცინებით მსოფლიოს მასშტაბით 200 ათასზე მეტი ორსულია აცრილი. სწორედ, მიღებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე დაყრდნობით, ორსულებს შგვიძლია მივცეთ რეკომენდაცია, რომ ჩაიტარონ ვაქცინაცია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვაქცინაციის ჩატარებას ორსულობის ნებისმიერ ვადაზე უწევს რეკომენდაციას. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია ორსულთათვის შეთავაზებაა და თავს არ უნდა მოვახვიოთ. თუმცა, უნდა ავუსხნათ, რომ ეს არის საჭირო ღონისძიება, რომელიც ძალიან ბევრი გართულებისგან დაიცავთ. ჩვენი ქვეყნის განახლებული ეროვნული გაიდლაინი მუშავდება და ძალიან მალე გამოქვეყნდება. რაც შეეხება ვაქციანციის ვადებს: ქალბატონი, რომელიც გეგმავს ორსულობას, სასურველია ნაყოფის ჩასახვამდე იყოს ვაქცინირებული ან კიდევ ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან აიცრას, ისე, რომ ყველაზე რთული პერიოდისთვის, მესამე ტრიმესტრისთვის უკვე სრულად იყოს იმუნიზირებული და „შეიარაღებული“ კოვიდ-საწინააღმდეგო ანტისხეულებით, რითაც თავიდან აირიდებს ბევრ გართულებას.
- ორსულობის დროს ვაქცინაციამდე საჭიროა თუ არა წინასწარ რაიმე კვლევის ჩატარება?
- არც ორსულობის შემთხვევაში და არც მის გარეშე ვაქცინაციის წინ რაიმე ტიპის კვლევის ჩატარება არ არის საჭირო. სხვადასხვა დაავადება ვაქცინაციის უკუჩვენებას არ წარმოადგენს. მისი აბსოლუტური უკუჩვენება მხოლოდ ვაქცინის კომპონენტებზე ალერგიაა. ესეც ძალიან მცირე რაოდენობაში ვლინდება, მილიონიდან მხოლოდ 5 პაციენტში.
- ვაქცინაციით ნაყოფს ანტისხეულები გადაეცემა?
- ზოგადად, დედის ანტისხეულები ტრანსპლაცენტარულად გადადის, რითაც ნაყოფის პასიურ იმუნიზაციას უზრუნველყოფს. დედის სისხლში არსებული ანტისხეულების გადასვლა ძუძუთი კვების პერიოდშიც გრძელდება, რის გამოც ლაქტაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გამონაკლისი არც კოვიდ-ინფექციის წინააღმდეგ განვითარებული ანტისხეულების გადაცემაა დედიდან ბავშვზე. ის ფაქტი, რომ ვაქცინირებულ დედას ინფექციის განვთარების გაცილებით ნაკლები შანსი აქვს და შესაბამისად, მისი მდგომარეობა არ დამძიმდება, ესაა ვაქცინაციის ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელია. როგორია ვირუსის გადაცემის რისკები დედიდან ბავშვზე? კოვიდ-19 -ის ვერტიკალური გადაცემა, ანუ მუცლადმყოფი ნაყოფის ინფიცირება პლაცენტის გავლით ერთეულ შემთხვევებშია აღწერილი, თუმცა დაკვირვება და მონაცემების მოგროვება ამ მიმართულებით გრძელდება. კოვიდ-19-ის არსებობა დედის რძეში არ დასტურდება, არაა ნანახი ის საშოს ლორწოვანშიც, ამიტომ ნაყოფმა დაინფიცირების რისკის გარეშე, თავისუფლად შეიძლება გაიაროს სამშობიარო გზებშიც. ამიტომაც ბუნებრივი გზებით მშობიარობას კიდევ უფრო მეტი პრიორიტეტი ენიჭება საკეისრო კვეთასთან შედარებით, კოვიდ ინფიცირებული დედის სიცოცხლისათვის ეს უკანასკნელი გაცილებით მეტ ხიფათს წარმოადგენს.
- ორსულისთვის როდის არ შეიძლება ვაქცინაცია ან თუ არის თანმხლები დაავადებები და გარემოება, რის გამოც აცრა არ არის რეკომენდებული?
- უკუჩვენება არის მხოლოდ ვაქცინის კომპონენტებზე ალერგია. სხვა შემთხვევაში, ყოველთვის რეკომენდებულია. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ არ იზრდება გესტაციური შაქრიანი დიაბეტის, პრეეკლამფსიის, ეკლამფსიის, ნაყოფის ზრდის შეფერხების, ნაადრევი მშობიარობის რისკები. არ იზრდება ნაყოფის მცირე წონის, ნეონატალური სიკვდილობის რისკები. ვაქცინაცია არ ზრდის ანომალიების რისკს. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ანომალიების განვითარების რისკი გაცილებით დაბალია. თუ არავაქცინირებულ პოპულაციაში ეს მაჩვენებელიო 3,3%-ია, ვაქცინირებულებში ეს ციფრი 2,2 %-ს შეადგენდა. ამიტომ, ვაქცინაციას შემდგომ პერიოდში არანაირი ანომალიისა და გართულების გამოწვევა არ შეუძლია.
- ახლა რა მდგომარეობაა ჩვენ ქვეყანაში, ორსულთა რა რაოდენობაა დაახლოებით აცრილი და როგორია მომართვიანობა?
- აქტიურობა საკმაოდ დაბალია. თუმცა, ყოველდღიურად უფრო მეტი ორსული იცრება. არც ერთ მათგანს ვაქცინაციასთან ასოცირებული არანაირი გართულება არ აღენიშნება. გვერდითი მოვლენები, რაც ხშირად გამოიხატება არის: ტემპერატურის მომატება (შემთხვევათა 10%), ინექციის ადგილას ტკივილი, სისუსტე, შემცივნების შეგრძნება, კუნთების, სახსრებისა და თავის ტკივილი. აღნიშნული გვერდითი მოვლენები არანაირად არ წარმოადგენს საშიშ სიმპტომებს და 2-3 დღეში თავისით გაივლის.
- ლაქტაციის დროს რამდენად სასურველია ვაქცინაცია?
- აცრა ნებისმიერ ეტაპზე რეკომენდებულია, მათ შორის, ლაქტაციის დროს. თუ ორსულობის პერიოდში კვლევების მონაცემები მხოლოდ პფაიზერ/ბაიონტექსა და მოდერნას შესახებ გვაქვს, ლოგინობის ხანაში დედას ნებისმიერი ვაქცინით შეუძლია აიცრას, იქნება ეს უკვე ჩამოთვლილი, თუ სინოფარმი, სინოვაკი. ჩემი რჩევა იქნება, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ ასტრა-ზენეკას გამოყენებისას, რადგან, ამ ვაქცინას ზოგადად, და არა მაინცდამაინც მეძუძურ დედებში, ახასიათებს მცირე გვერდითი მოვლენები, მათ შორის, თრომბოზის განვითარება.
- ბავშვს დედის რძით ანტისხეულები გადაეცემა?
- ძუძუთი კვება შეუცვლელია და ახალშობილს შესაძლოა გადაეცეს არა მხოლოდ კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ანტისხეულები, არამედ ნებისმიერი სხვა ინფექციის. პირველ ეტაპზე, სწორედ ამ გზით ახერხებს ახალშობილი მათთან გამკლავებას. თუმცა, ეს არის პასიური იმუნიტეტი, რომელიც ბავშვს მცირე ხნით იცავს. შემდეგ აუცილებელია ყველა გეგმიური აცრა თავის დროზე ჩატარდეს.