მილების გამტარიანობა და უშვილობა

28-05-2022

რა გავლენას ახდენს ფალოპის მილების ბლოკირება ქალის ფერტილობაზე? 

ბევრი ქალი ვერ აცნობიერებს, რომ აქვს ფალოპის მილის ბლოკირება მანამ, სანამ დაორსულების პრობლემა არ შეექმნება. ფალოპის მილების გამავლობის პრობლემები იწვევს ქალის უნაყოფობას 30 პროცენტ შემთხვევაში. დაბლოკილმა ან ნაწიბუროვანმა მილებმა შეიძლება გაართულოს სპერმატოზოიდის მიღწევა კვერცხუჯრედამდე და მისი განაყოფიერება, მაგრამ არსებობს მკურნალობის გზები, რომლებიც დაგეხმარებათ დაორსულებაში. 

რა იწვევს ფალოპის მილების ბლოკირებას?

ფალოპის მილები შეიძლება დაიბლოკოს, როდესაც ნაწიბური წარმოიქმნება მილში ან მილის ბოლოსა და საკვერცხეს შორის. ეს შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის რამდენიმე სხვადასხვა პრობლემამ. მაგალითად, ასეთი პრობლემებია:

  • მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება (PID) ბაქტერიული ინფექცია, რომელიც აზიანებს საშვილოსნოს, ფალოპის მილებს ან საკვერცხეებს. ინფექციამ შეიძლება დატოვოს ნაწიბური და დაახშოს ფალოპის მილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი ადექვატური მკურნალობა არ მოხდება.

  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ბაქტერიულმა სგგდ-ებმა, როგორიცაა ქლამიდია და გონორეა, შეიძლება გამოიწვიოს მენჯის ღრუს ორგანოების ანთება, ნაწიბურების წარმოაქმნა და ფალოპის მილების ბლოკირება.  

  • ენდომეტრიოზი ენდომეტრიოზის დროს საშვილოსნოსთვის დამახასიათებელი ქსოვილი იზრდება ისეთ უბნებში, სადაც ის არ უნდა იყოს - მაგალითად, ფალოპის მილებში. ამ წარმონაქმნებმა შეიძლება გამოიწვიოს მილების ბლოკირება ან ნაწიბურების წარმოქმნა.

  • მუცლის ან მენჯის ღრუზე ქირურგიული ჩარევები - ნებისმიერ ოპერაციას მუცლის ქვედა ნაწილში ან მენჯის არეში - მათ შორის ქირურგიულ ჩარევას საშვილოსნოს ფიბროიდების ან საკვერცხის ცისტების მოსაშორებლად - აქვს პოტენციალი გამოიწვიოს ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნა, რაც იწვევს ფალოპის მილის ბლოკირებას. აპენდიციტით გამოწვეულმა აპენდიქსის გასკდომამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბურები.   

 

რა სიმპტომები ახასიათებს ფალოპის მილების ბლოკირებას?

ფალოპის მილის ბლოკირება ხშირად სრულიად შეუმჩნეველი რჩება. ქალს შეიძლება ჰქონდეს მენსტრუაცია ბლოკირების დროს და ბლოკირება შეიძლება ყოველთვის არ იყოს მტკივნეული. 
ფალოპის მილების ბლოკირებამ შეიძლება გამოიწვიოს ქალის უნაყოფობა - ასე რომ, ბევრი ქალისთვის, დაორსულების პრობლემა პირველი ნიშანია. ასევე ფალოპის მილების დახშობამ შეიძლება გაზარდოს საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკი. ზოგიერთ შემთხვევაში ბლოკირებამ შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი. ზოგიერთი ქალი განიცდის რეგულარულ ტკივილებს მუცლის ან მენჯის არეში, რომელიც მენსტრუაციის დროს უარესდება, ასევე ახასიათებს უჩვეულო ვაგინალური გამონადენი ფალოპის მილების დახშობის სიმპტომია. 

როგორ ხდება დიაგნოზის დასმა? 

დიაგნოზი ისმება პროცედურით, რომელსაც ჰისტეროსალპინგოგრამა ან HSG ტესტი ეწოდება. ამ პროცედურის დროს ხდება თხევადი საღებავის შეყვანა საშვილოსნოში და რენტგენის გადაღება, რათა დავაკვირდეთ, თუ როგორ მოძრაობს სითხე ფალოპის მილებში. თუ სითხე უკან იხევს ან იწვევს მილების გაჭიმვას ან შეშუპებას, ეს ბლოკირების მაჩვენებელია.
ფალოპის მილების გამავლობის შემოწმების მეთოდები ასევე არის ულტრაბგერითი გამოკვლევა ან ლაპარასკოპიული ოპერაცია.

მილების გამტარიანობა, უშვილობა, ოვულაცია, ორსულობა,

მკურნალობის მეთოდები 

ფალოპის მილების ბლოკირების აღმოფხვრა ზრდის დაორსულების შანსებს. მკურნალობის რამდენიმე საშუალება არსებობს იმის მიხედვით, თუ სად მდებარეობს დახშული უბანი და რამდენად ადვილად შეიძლება მისი მოცილება.

  • ქირურგია 
  • ინ ვიტრო განაყოფიერება  
  • ჰისტეროსალპინგოგრამა (HSG)  


ბლოკირების გამომწვევი მიზეზის და სიმძიმის გათვალისწინებით თქვენმა ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს ნაწიბუროვანი ქსოვილის ქირურგიული ჩარევით ამოკვეთა, ან მილის გამავლობის სხვა მეთოდებით აღდგენა. უმეტეს შემთხვევაში მიმართავენ ლაპაროსკოპიულ მეთოდს, ზოგი შემთხვევა კი მოითხოვს ტრადიციული ქირურგიული განაკვეთის გაკეთებას. 

ოპერაციამ შეიძლება ეფექტურად ვერ აღადგინოს ძლიერ დაზიანებული ფალოპის მილები. ამ შემთხვევაში, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დაორსულების მცდელობა ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) საშუალებით. 

ჰისტეროსალპინგოგრაფიას, როგორც წესი, იყენებენ დაბლოკილი ფალოპის მილების დიაგნოზის დასასმელად და არა სამკურნალოდ, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ ბლოკირების მქონე ბევრი ქალი, რომლებიც გადიან HSG გამოკვლევას, ორსულდება პროცედურის შემდეგ სამიდან ექვს თვეში. ექსპერტებმა ბოლომდე არ იციან ამის მიზეზი. სავარაუდოდ, საღებავი, რომელიც გამოიყენება გამოკვლევის დროს ხელს უწყობს ფალოპის მილების გამავლობის აღდგენას. 

გართულებები ბლოკირებული ფალოპის მილებისგან 

ნაწიბუროვანი, ანთებითი ან ნაწილობრივ დაბლოკილი ფალოპის მილები ზრდის საშვილოსნოს გარე ორსულობის რისკს. საშვილოსნოს გარე ორსულობის შემთხვევების 50 პროცენტამდე გვხვდება ქალებში, რომლებსაც აქვთ დაზიანებული ფალოპის მილები. საშვილოსნოს გარე ორსულობა ხდება მაშინ, როდესაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იმპლანტირდება საშვილოსნოს გარეთ - ჩვეულებრივ, ერთ-ერთ ფალოპის მილში. საშვილოსნოს გარე ორსულობა არასოდეს არის სიცოცხლისუნარიანი და მკურნალობის გარეშე შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, როგორიცაა შინაგანი სისხლდენა. 


დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ საშვილოსნოს გარე ორსულობის შესაძლო სიმპტომებს, მათ შორისაა: სისხლდენა ან ყავისფერი გამონადენი საშოდან ორსულობის დადებითი ტესტის შემდეგ, მუცლის მწვავე ან მოვლითი ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას, ან წელის ტკივილი.  

პრევენცია

ყოველთვის არ არის შესაძლებელი ფალოპის მილების ბლოკირების თავიდან აცილება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი გამომწვევი ენდომეტრიოზი ან მუცლის და მენჯის მიდამოზე წარმოებული ოპერაციებია. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ზომები, რათა შეამციროთ ბლოკირების სხვა რისკ-ფაქტორების გავლენა, როგორიცაა მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები, ქლამიდია და გონორეა. 
•    მოერიდეთ ვაგინის გამორეცხვას - ამან შეიძლება გაანადგუროს საშოში არსებული მიკროფლორა და გაზარდიოს ინფექციების განვითარების რისკი.
•    მიმართეთ უსაფრთხო სექსს - გამოიყენეთ პრეზერვატივი სექსის დროს და ჰკითხეთ პარტნიორებს მათი სექსუალური ისტორიის შესახებ. 
•    საჭიროების შემთხვევაში გაიარეთ ტესტი სგგდ-ზე - 25 წლამდე ასაკის ქალებმა ყოველწლიურად უნდა გაიარონ ტესტი ქლამიდიაზე და გონორეაზე. 25 წელზე უფროსი ასაკის ქალებმა, რომლებსაც ჰყავთ ახალი ან მრავალი სქესობრივი პარტნიორი, ასევე ყოველწლიურად უნდა ჩაიტარონ ტესტირება. თუ თქვენ ხართ გონორეის ან ქლამიდიის რისკის ქვეშ, უნდა ჩაიტაროთ ტესტი ორსულობის ადრეულ პერიოდში. თქვენს ექიმს შეუძლია განსაზღვროს თქვენი ინდივიდუალური რისკი და გირჩიოთ, როდის გაიკეთოთ გამოკვლევები. 


წყარო: whattoexpect.com