განავლის ფერი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთ-ერთი ინდიკატორია. სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ბავშვის განავლის ფერი რამდენიმეჯერ იცვლება, რასაც კვების რაციონის ცვლილება განაპირობებს. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ზრდასრულთა განავალი განსხვავებულია. პატარებში განავლის ფერის და ტექსტურის სხვაგვარი ნორმები არსებობს, ამიტომ ისინი ერთმანეთს არ უნდა შევადაროთ.
შავი ფერის განავალი
ახალშობილის ფეკალური მასები არის შავი, კუპრისებრი. მას მეკონუმი ჰქვია და შეიცავს ლორწოს, კანის უჯრედებს და ამნიონურ სითხეს. განავალს ფერი მომდევნო 2 დღის განმავლობაში უნდა შეეცვალოს.
მდოგვისფერი ყვითელი განავალი
მეკონიუმის ფაზის გასვლის შემდეგ განავალმა შეიძლება მიიღოს მდოგვისფერი ყვითელი შეფერილობა. განსაკუთრებით, თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზეა.
კაშკაშა ყვითელი
ღია ყვითელი განავალი ხშირია და ნორმალურია ძუძუზე ან ხელოვნურ კვებაზე მყოფი ჩვილებისთვის. თუმცა, თუ ის ზედმეტად თხიერი კონსისტენციისაა და დეფეკაცია ძალიან ხშირია, შეიძლება დიარეაზე მიანიშნებდეს. დიარეა საშიშია ჩვილებში, რადგან ზრდის დეჰიდრატაციის რისკს.
ნარინჯისფერი განავალი
ნარინჯისფერი შეფერილობა განავალს ეძლევა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებული პიგმენტებისგან. ის ძუძუზე და ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშებისთვის ნორმალურია.
წითელი განავალი
მუქი წითელი შეფერილობის საკვების ან სასმელის (როგორიცაა პომიდორი ან ჭარხალი) მიღების შემდეგ შეიძლება განავალის ფერი შეიცვალოს და გაწითლდეს. თუმცა, განავლის წითელი შეფერილობა შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ სისხლდენაზე ან ნაწლავურ ინფექციაზე მიუთითებდეს, რა შემთხვევაშიც აუცილებელია ექიმის ჩარევა.
წითელი განავალი ასევე შეიძლება რძის ალერგიაზე ან ანალურ ნახეთქებზე მიანიშნებდეს.
თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვის განავალი წითელია, უმჯობესია ყველა შემთხვევაში დაუკავშირდეთ პედიატრს. თუ წითელი საკვები აქვს ბავშვს ნაჭამი, შეგიძლიათ დაელოდოთ ნაწლავების შემდგომ მოქმედებას, ნახოთ, დაუბრუნდება თუ არა განავალს ნორმალური შეფერილობა და ამის შემდეგ დაუკავშირდეთ პედიატრს.
მომწვანო ყავისფერი განავალი
ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვთა ფეკალური მასები ხშირად არის მომწვანო ყავისფერი და ყვითელი. კონსისტენცია კი უფრო მყარია, ვიდრე ძუძუთი ნაკვებ ჩვილებში.
მუქი მწვანე განავალი
მუქი მწვანე განავალი ხშირად აქვთ ბავშვებს, რომლებიც პირველად იღებენ მწვანე ფერის მყარ საკვებს, როგორიცაა ბარდა ან ისპანახი. განავალს მომწვანო შეფერილობას ასევე რკინის დანამატებიც აძლევს.
თეთრი განავალი
თეთრი განავალი მიანიშნებს, რომ ბავშვის ღვიძლი საკმარისი რაოდენობის ნაღველს ვერ გამოიმუშავებს. ეს სერიოზული პრობლემაა. ნებისმიერ სტადიაზე გამოვლენილი თეთრი ფერის, ანუ აქოლიური განავალი ყოველთვის პედიატრის ყურადღების ქვეშ უნდა მოექცეს.
ნაცრისფერი განავალი
როგორც თეთრი ფერის შემთხვევაში, ნაცრისფერი განავალიც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემაზე მიანიშნებს. აუცილებლად დაუკავშირდით პედიატრს, თუ ბავშვის განავალი არის ნაცრისფერი ცარცისებური კონსისტენციით.
რას გვეუბნება განავლის კონსისტენცია?
ფერთან ერთად მნიშვნელოვანია ყურადღება განავლის კონსისტენციას და ტექსტურასაც მივაქციოთ.
ახალშობილის განავალი არი სქელი, კუპრისებრი კონსისტენციის. ეს ნორმალურია. მისი ფერიც და კონსისტენციაც დაახლოებით 2 დღეში შეიცვლება. თუ ბავშვის განავალმა 2 დღეში არ მიიღო ყვითელი შეფერილობა და უფრო თხელი კონსისტენცია, შეატყობინეთ პედიატრს.
ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვის განავლის კონსისტენცია
ძუძუთი ნაკვები ბავშვების განავალი არის უფრო თხელი და ხშირად მარცვლების მსგავს სტრუქტურებს შეიცავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს დიარეა აქვს.
ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვის განავლის კონსისტენცია
ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს აქვთ უფრო მყარი, მომწვანო-მოყავისფრო განავალი. თუ ბავშვს უჭირს დეფეკაცია, განავალი არის ზედმეტად მაგარი, ხოლო ნაწლავთა მოქმედება იშვიათი, მას შეიძლება შეკრულობა აწუხებდეს.
მყარ საკვებზე გადასვლის შემდეგ -მყარი საკვების მიღების შემდეგ პატარას განავალი სულ უფრო დაემსგავსება ზრდასრული ადამიანისას.
ყაბზობა - ძალიან მყარი კონსისტენციის განავალი და დეფეკაციის გართულება ყაბზობაზე მიანიშნებს. ასევე ყაბზობის ნიშანია, მცირე ზომის, კენჭისმაგვარ ფეკალურ მასებზე გასვლა.
თუ ამ სიმპტომებთან ერთად ბავშვს ღებინებაც აქვს, შეიძლება ყველაფრის მიზეზი დეჰიდრატაცია იყოს. თუ დეჰიდრატაციაზე გაქვთ ეჭვი, აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს. დეჰიდრატაციის სხვა ნიშნებია:
• 6-ზე ნაკლები გამოცვლილი საფენი დღეში
• მოუსვენრობა
• ხასიათის ცვლილება
• ტირილი ცრემლების გარეშე
• ლეთარგიულობა
• კანის დანაოჭება
• ყიფლიბანდის ჩაზნექვა
• ჩაცვენილი თვალები
დიარეა
ჩვილ ბავშვებში დიარეის დროს განავალი არის ძალიან თხელი, თხიერი კონსისტენციის, ნაწლავების მოქმედება კი თითო კვებაზე 1-ზე მეტი. ადრეული ჩვილობის ასაკში შეიძლება გაგვიჭირდეს დიარეის აღმოჩენა, რადგან ამ დროს განავალი უფრო თხელია, ვიდრე მყარ საკვებზე გადასული ბავშვების შემთხვევაში.
ლორწოვანი ან ქაფიანი განავალი
ლორწოვანი ან ქაფისებრი ტექსტურა შეიძლება აღმოჩნდეს განავალში, თუ ბავშვს კბილების ამოსვლის პერიოდში დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოეყოფა, რომელსაც ის შემთხვევით ყლაპავს.
თუ ბავშვს ეს პერიოდი არ უდგას, მაშინ განავალში ლორწოს ან ქაფის აღმოჩენა ნაწლავურ ინფექციაზე მიანიშნებს და პედიატრის ყურადღება სჭირდება.
რამდენად ხშირად აქვთ ჩვილ ბავშვებს ნაწლავთა მოქმედება?
თუ თქვენს პატარას ყოველდღე არ აქვს დეფეკაცია, ეს ყველა შემთხვევაში რაიმე პრობლემას არ გულისხმობს. ახალშობილების ნაწლავთა მოქმედება, თავიდან, საკმაოდ იშვიათია.
ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს 4-6 კვირის შემდეგ შეიძლება კვირაში ერთხელ ჰქონდეთ დეფეკაცია. ხელოვნური კვების დროს კი - სულ მცირე ყოველდღე.
მყარ საკვებზე გადასვლის შემდეგ, პატარას ყოველდღიურად აქვს ნაწლავების მოქმედება. ნებისმიერ სტადიაზე, თითო კვებაზე 1-ზე მეტი დეფეკაცია შეიძლება მიანიშნებდეს დიარეაზე.
ბავშვის განავალზე დაკვირვება მნიშნელოვანია. ის გვაძლევს სასარგებლო ინფორმაციას, რომელსაც ჩვენი პატარები ჯერ თავად ვერ გადმოგვცემენ.
წყარო:healthline.com
სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.