გნეისი - სებორეული დერმატიტი ბავშვებში

23-08-2021

რატომ აქვთ ჩვილებს თავზე ფუფხი? 

გნეისი, ასვე ცნობილი როგორც აკვნის ქუდი, არის სებორეული დერმატიტის ფორმა, რომელიც  ჩვილ ბავშვებში ვითარდება. სებორეული დერმატიტი ზრდასრულებში ქერტლს იწვევს, ჩვილ ბავშვებში კი თავის კანის გასქელებას, ფუფხის წარმოქმნას  და აქერცვლას.

გნეისი ძალიან გავრცელებული და პრაქტიკულად უვნებელი მდგომარეობაა. ის, როგორც წესი, 1 წლის ასაკისთვის გაივლის. თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება 2-4 წლის ასაკამდე პერიოდულად ჩნდებოდეს. 4 წლის ასაკის შემდეგ კი ის პატარას აღარ შეაწუხებს.

გნეისი ყველაზე ხშირად თავის ქალაზე ან ყურის უკან ჩნდება. ზოგჯერ ცხვირის ან წარბების ქვეშ, იღლიების ან საზარდულის არეში. ქერქი შეიძლება მშრალი ან ცხიმოვანი, თეთრი ან ყვითელი შეფერილობის იყოს.

გნეისი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უვნებელია თქვენი პატარასთვის  და არ მოითხოვს რაიმე სახის სამედიცინო ჩარევას. მაგრამ, თუ თქვენ მისი მოცილება გსურთ, არსებობს რამდენიმე უსაფრთხო მეთოდი, რომელიც სახლის პირობებში შეგიძლიათ სცადოთ. მაგრამ, იცოდეთ, რომ ეს მეთოდები მეცნიერულად არ არის დასაბუთებული და მხოლოდ დროებით შედეგს მოგცემთ. 

ყოველთვის ძალიან ფრთხილად იყავით ჩვილის კანთან. თუ მას გააღიზიანებთ, შეიძლება პატარა ნახეთქები წარმოიშვას და ინფექცია განვითარდეს.

დავარცხნეთ პატარას თმა, სპეციალური რბილი სავარცხლით

ფრთხილად დავარცხნა მოაშორებს ქერქს თავის კანიდან. არ დაატანოთ ძალა ფუფხს, იყავით ფრთხილად, არ გაკაწროთ კანი. არსებობს სპეციალურად გნეისის მოცილებისთვის განკუთვნილი სავარცხელი, თუმცა ახალი, რბილი კბილის ჯაგრისიც გამოგადგებათ ამ საქმისთვის.

გამოყენების ინსტრუქცია:

დავარცხნეთ ერთი მიმართულებით, ნელი მოძრაობებით. შეგიძლიათ დავარცხნოთ მშრალი ან სველი თმა. დავარცხნეთ დღეში ერთხელ. თუ კანზე სიწითლეს ან გაღიზიანებას შეამჩნევთ, გააიშვიათეთ ეს პროცედურა.  

დაატენიანეთ ბავშვის თავის კანი

დატენიანებით ფუფხი დარბილდება. გამოიყენეთ სუფთა მცენარეული ზეთი, როგორიცაა ზეითუნის, ქოქოსის, ჟოჟობის ან ნუშის. პირველ ჯერზე ზეთი კანზე დაიტანეთ მცირე რაოდენობით და დააკვირდით, ხომ არ იწვევს კანის გაღიზიანებას. ეს დეტალები აუცილებლად შეათანხმეთ თქვენს ექიმთან. 

დაიცავით თმის ჰიგიენა

უბრალოდ თმის სისუფთავის დაცვა და თავის ადეკვატური სიხშირით დაბანაც ეფექტურია გნეისის მოსაცილებლად. არ გამოიყენოთ ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი ექიმის ნებართვის გარეშე:

თავის დაბანის სიხშირე განსაზღვრეთ პედიატრის რეკომენდაციით. თავის ძალიან ხშირმა დაბანამ შეიძლება თავის კანის სიმშრალე გამოიწვიოს და ფუფხი პირიქით - გაიზარდოს.

მალამოები

განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ სამკურნალო მალამოები: სოკოს საწინააღმდეგო მალამო, ჰიდროკორტიზონის ან თუთიის შემცველი კრემი. ზედმიწევნით მიჰყევით ექიმის ინსტრუქციებს მალამოს  წასმისას.

გამომწვევი მიზეზები

გნეისი ჩვილ ბავშვთა 9.5-10%-ს უჩნდება.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გავრცელებული მოვლენაა, ცოტა რამ არის ცნობილი მის გამომწვევ მიზეზებზე. ზოგი მეცნიერის მოსაზრებით მიზეზი ჰორმონების სიჭარბეა, რადგან გნეისი დაბადებისას ჩნდება, შემდეგ გაივლის ხოლო გარდატეხის ასაკისთვის ისევ იჩენს თავს. ზოგ, ძალიან იშვიათ შემთხვევაში გნეისის გენერალიზებული ფორმა იმუნოდეფიციტურ მდგომარეობას ახლავს თან. თუმცა, ამ დროს სხვა სიმპტომებიცაა სახეზე.

როდის დავუკავშირდეთ ექიმს?

მხოლოდ გნეისის გამო ექიმთან მისვლა საჭირო არ არის. მასზე პედიატრს შემდგომი, რუტინული ვიზიტისას შეგიძლიათ ესაუბროთ.თუ კანი გაწითლებული ან ინფიცირებულია, ასევე, თუ ფუფხი სახეზე ან სხეულზე გავრცელდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გნეისი თუ ეგზემა?

გნეისი ჩვილ ბავშვთა ეგზემას ძალიან ჰგავს. მათი მთავარი განმასხვავებელი ძლიერი ქავილია, რომელიც მხოლოდ ეგზემას ახასიათებს.

წყაროhealthline.com