ცისფერი - ბიჭებს, ვარდისფერი - გოგონებს - საიდან მოდის ეს ტრადიცია? 

29-01-2023

საიდან მოდის ეს ტრადიცია?

წლამდე  და ოდნავ მოზრდილი ასაკის ბავშვის მშობლებს ყველა ფერთან  ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ. უფროსებს შორის გამოკითხვამ კი ცხადყო, რომ ქალებისა და კაცების უმეტესობას  ცისფერი და ვარდისფერი უფრო მოსწონს, ვიდრე  წითელი და ვარდისფერი. აბა, რატომ იყოფა ეს ორი ფერი ბიჭების და გოგონების ფერებად? 

როგორც ირკვევა, ოდითგანვე ბავშვის სამოსში მთავარი ფაქტორი მისი პრაქტიკულობა იყო. არჩევანზე მოქმედებდა სამი მნიშვნელოვანი რამ - ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, ასევე მალე ისვრებიან და ოჯახში ბევრნი არიან ხოლმე. მშობლები ყიდულობდნენ ისეთ სამოსს, რომელსაც პირველის შემდეგ მეორე ბავშვი იხმარდა, მეორეს შემდეგ - მესამე, მეოთხე და ა.შ. ბავშვის გარდერობში იდეალურ ვარიანტად კაბა მიიჩნეოდა. კაბით მოსახერხებელი იყო ბავშვის ქოთანზე უპრობლემოდ დასმა,  ჩაბანა, სხვა ტანსაცმლის გადაცმა, თეთრი ფერი კი გასარეცხად უფრო ადვილი იყო. აი, რატომ არის რთული ძველ ფოტოებზე ბიჭების და გოგოების ერთმანეთისგან გარჩევა. ყველას თეთრი კაბა აცვია და თან, ყველას გრძელი თმა აქვს. 

ცისფერი ქერებს, ვარდისფერი კი შავგვრემნებს

ჩვილ ბავშვებში თეთრი სამოსი აქტუალური გახლდათ თითქმის მე-19 საუკუნის შუამდე. როდესაც ქიმიის ცოდნამ მისცა ადამიანებს საშუალება, ქსოვილები სხვადასხვა ფერად შეეღებათ, ბავშვის სამოსი სხვადასხვა, ძირითადად ღია ფერებში იღებებოდა, თუმცა ბიჭებად და გოგონებად დაყოფა მაინც არ არსებობდა. 
მსგავსმა დამოკიდებულებამ ფერთა მიმართ თავი მე-19 საუკუნის ბოლოს იჩინა. ეს აშშ-ში მოხდა და მიზანი გაყიდვების რიცხვის ზრდა გახლდათ. თუ მშობელს დაარწმუნებ, რომ უფროსი ბიჭის ნივთები უმცროს გოგონას არ გამოადგება მხოლოდ იმიტომ, რომ ის ბიჭია, ეს კიდევ გოგო, გაყიდვების რიცხვი მართლაც საგრძნობლად მოიმატებს.   

ვარდისფერი და ცისფერი,

ვის რომელი ფერი? 

თავდაპირველად ცისფერს გოგონებს სთავაზობდნენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის შედარებით ნაზი და სადა ფერი იყო, ვარდისფერი კი ბიჭის ფერი უნდა ყოფილიყო, რამეთუ უფრო ახლოს იყო წითელთან, ე.ი. ძალასთან, ენერგიასთან.  არსებობდა ასევე მოსაზრება, რომ ცისფერი ქერებისთვის ყოფილიყო განკუთვნილი, ვარდისფერი კი შავგვრემნებისთვის.  აზრთა სხვადასხვაობა მე-20 საუკუნემდე არსებობდა. საბოლოოდ კი ჩამოყალიბდა საკმაოდ მკაცრი ნორმა, რომელსაც საფუძვლად ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი ედო:

მამაკაცური შრომის ფერი  - ცისფერი

1921 წელს ამერიკელმა მილიონერმა ჰენრი ჰანტინგტონმა  ორი ნახატი შეიძინა - ტომას გეინსბოროს „ბიჭი ცისფერში“ და ტომას ლოურენსენის „სარა ბარეტ მაულტონი  - ფინქი“. ამ ტილოებმა და შენაძენმა პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მშობლები, რომლებიც აქტიურად ადევნებდნენ თვალს ცნობილი ადამიანების გატაცებებს, ამ ინფორმაციის შემდეგ ბიჭებისთვის ცისფერ სამოსს ყიდულობდნენ, გოგონებისთვის კი - ვარდისფერს. 

ვარდისფერი და ცისფერი,
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ფერთა დაყოფაში დიდი როლი ითამაშა ამერიკელების საფრანგეთით გატაცებამ. მიიჩნეოდა, რომ ფრანგები ცისფერს ბიჭების, ხოლო ვარდისფერს გოგონების ფერად მიიჩნევდნენ, მათ კი ეთქმოდათ სიტყვა მოდაში. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც მეორე მსოფლიო ომს უკავშირდება -  როდესაც 6 მლნ-ზე მეტმა ქალმა მამაკაცების ადგილი დაიკავა წარმოებაში, მათ სათანადო სამოსის ჩაცმა მოუწიათ, იძულებულები გახდნენ მუქი ცისფერი ტანსაცმელი მოერგოთ. ასე დაუკავშირდა ლურჯი, ცისფერი მამაკაცურ ძალასა და შრომას. 
როდესაც ომი დამთავრდა და ქალები მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდნენ, ჩამოყალიბდა  მოსაზრება - ცისფერი კაცებს, ვარდისფერი - ქალებს. 

მომავალმა თაობამ, 1960 წლის ახალგაზრდობამ, ე.წ. ჰიპებმა, უარყვეს მშობლების მოსაზრებები ნორმებთან დაკავშირებით. შაბლონური ცისფერის და ვარდისფერის ნაცვლად მათ უპირატესობა ნეიტრალურ ფერებს მიანიჭეს. თუმცა როდესაც ეს „ნეიტრალური“ ბავშვები გაიზარდნენ, 1980-იან წლებში  დაუბრუნდნენ ბებიების და ბაბუების ვარდისფერს და ცისფერს, ამას დაემატა ულტრაბგერითი გამოკვლევები, რომელიც ხედავდა ბავშვის სქესს,  ეს მარკეტოლოგებმა სათავისოდ გამოიყენეს და გადაწყვიტეს, სარფიანად ეთამაშათ მომავალი მშობლების ემოციებზე.  მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ 1980 წელს გამყარდა ამ ორი ფერისადმი დამოკიდებულება და მარკეტოლოგებისა და რეკლამის წყალობით დღემდე არ კარგავს აქტუალობას.