აი, რას ამბობენ მეცნიერები ამასთან დაკავშირებით. არაფერი შეედრება ბავშვის სურნელს: ვერც ერთი მშობელი დაივიწყებს იმ ნაზ სურნელს, რომელიც ახალშობილს ასდის. შეგიძლიათ დაუსრულებლად კოცნოთ და რაც უფრო მეტს შეისუნთქავთ და შეიგრძნობთ, მით მეტ სიყვარულს განიცდით ამ პაწაწინა არსების მიმართ. ასეთი სუნი მხოლოდ ახალშობილებს აქვთ.
1987 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დედების 90%-ს შვილის ამოცნობა მხოლოდ სუნითაც კი შეუძლია. ჩვილებიც სურნელით ცნობენ დედას. ეს არის დედასა და პატარას შორის განუყოფელი კავშირის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ნაწილი. 2013 წელს ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალშობილის სუნი დედების ტვინში "სიამოვნების ჰორმონის", დოფამინის გამოყოფას იწვევს. ტვინში ირთვება ე.წ. „დაჯილდოების სისტემა“, ბუნებრივი რეაქცია რაიმე სასიამოვნო, გემრიელზე. დედებში დოფამინის მოზღვავება ბავშვთან კიდევ უფრო მეტად მიჯჭვულობას იწვევს.
„ახალშობილის სუნი უდავოდ ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს დედასა და შვილს შორის ემოციური კავშირის ფორმირებასა და განვითარებაში, ის ააქტიურებს დედათა მოვლის ფუნქციას, - განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, - დედასა და შვილს შორის კავშირი, რომელიც დედობრივი სიყვარულის გრძნობის ნაწილია, ბუნებრივი გადარჩევის ევოლუციური პროდუქტია. ასეთი ძლიერი კავშირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალშობილისთვის, რადგან ის უზრუნველყოფს მის გადარჩენას“.
ანუ, ევოლუციის თვალსაზრისით, ეს საოცარი სურნელი არის გარანტი იმისა, რომ ახალშობილი გადარჩება, დედას კი ეხმარება დამშვიდებაში, მოდუნებაში და მშობიარობის შემდგომი დეპრესიისგანაც კი იცავს.
მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ მომავალში ახალშობილთა სუნს დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებენ.
ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა 30 ქალს შეაყნოსინეს ახალშობილის პაწაწინა ქუდები. როდესაც ქალები სურნელს ისუნთქავდნენ, მეცნიერებმა გამოიყენეს მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება, რათა დაენახათ, რა ხდებოდა მათი ტვინის სხვადასხვა ნაწილში. შემდეგ მიღებული სკანირება შეადარეს სურათებს, გადაიღეს მაშინ, როდესაც მონაწილეებს სთავაზობდნენ სხვა სუნამოებს.
შედეგები შოკისმომგვრელი იყო: ქალის ტვინი ბავშვის ქუდების სუნზე ისევე რეაგირებდა, როგორც ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ გამოყენებულ წამლებზე.
მკვლევარებმა ჯერ ზუსტად არ იციან, რატომ უყვარს ჩვენს ტვინს ასე ძალიან ახალშობილთა სუნი, მაგრამ მათ უკვე დაადგინეს, რომ ეს სურნელი შეიცავს დაახლოებით 150 სხვადასხვა ქიმიურ ნაერთს. მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ რა იწვევს თავის ტვინის ასეთ სპეციფიკურ რეაქციას.