10 თვე - რა შეუძლია ბავშვს ამ ასაკში და რას განიცდის

05-05-2022

გარე სამყაროს შეცნობისკენ სწრაფვა და ჩარჩოებს გაცდენა - აი, რა ამოძრავებს 10 თვის ბავშვს. 

ფიზიოლოგია
ათი თვის ასაკისთვის შენელებულია სიმაღლეში ზრდისა და წონის მატების პროცესი. ამ პერიოდში ბავშვმა შესაძლოა საერთოდ არ მოიმატოს არც სიმაღლეში და არც წონაში.  ეს ნორმალურია. ამ პერიოდში ბავშვი ენერგიას სამყაროს შეცნობასა და ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ხარჯავს. ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად დაჯდეს და იჯდეს მყარად. შეუძლია გადაადგილდეს რაიმეზე დაყრდნობით და რამდენიმე წამით დამოუკიდებლადაც იდგეს.  ბევრი ბავშვი პირველ ნაბიჯებს 10-11 თვის ასაკში დგამს, თუმცა თუ ასე არ მოხდა, არ შეშინდეთ. ეს ინდივიდუალური პროცესია, ბევრი ბავშვი სიარულს 15 თვის, ზოგჯერ კი - 2 წლის ასაკისთვისაც იწყებს. ბავშვს შეუძლია აიღოს პატარ-პატარა საგნები. ცდილობს საჭმლის თეფშიდან აღებას.  მხარი დაუჭირეთ მის დამოუკიდებლობას, ნუ შეეცდებით, რომ მისი ყველა მოქმედება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო. სწორედ ამ პერიოდში უვითარდება ბავშვს წვრილი მოტორიკა. ეცადეთ ამ პროცესს თამაშებით შეუწყოთ ხელი. ათი თვის ასაკისთვის ბავშვის ძილი შესაძლოა იყოს ცოტა შფოთიანი. ზოგი ბავშვი ძილში ტირის ან ყვირის, თუმცა მას შემდეგ, რაც ბავშვს დედა აიყვანს ხელში, მალევე მშვიდდება. ბაშვის ასეთი სენსიტიურობა დედასთან განშორების შფოთვის გამოა. ეს ბავშვის ფსიქიკის განვითარების ნორმალური ეტაპია. 

ფსიქოლოგია
ბავშვი იწყებს სიტყვიერი ინსტრუქციების აღქმას, მაგალითად: „მომეცი“, „მომიტანე“, „აიღე“, „დადე“ და ა.შ.  ეცადეთ ბავშვს დაუწესოთ გონიერი საზღვრები და აკრძალვები.  აკრძალვას არ უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი,  ამ დროს აკრძალვა ფასს კარგავს. ბავშვი ამ დროს იწყებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ფორმირებას. ამ პერიოდისთვის მას შეუძლია აზრებისა და მოძრაობების კოორდინირება. ანუ ახლა მისი უმეტესი მოქმედება მიზანმიმართულია. ზოგიერთ ბავშვს უყალიბდება ერთ-ერთი ხელის უპირატესად ხმარება, ზოგი კი ორივე ხელს თანაბრად მოიხმარს. თუ შეატყობთ, რომ თქვენი შვილი მარცხენა ხელს უფრო აქტიურად ხმარობს, არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ გადაჩვევას თუ გამოსწორებას. დიდი ალბათობით, თქვენი შვილი მემერცხენეა. 

10 თვის ბავშვს შეუძლია:
•    დაჯდეს დამოუკიდებლად ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
•    შეუძლია დამოუკიდებლად დაეყრდნოს რამეს და გადაადგილდეს კიდეც.
•    სათამაშოებს დანიშნულებისამებრ იყენებს: მაგ. მანქანას ატარებს, თოჯინას აძინებს და ა.შ.  
•    უყალიბდება ნივთის ორი თითით ატაცების უნარი  (ცერა და საჩვენებელი თითი). 
•    ორივე ხელს მიზანმიმართულად მოიხმარს.
•    რეაგირებს მარტივ მითითებებზე.

ეცადეთ  გააგრძელოთ დაწესებული რიტუალების შესრულება, იქნება ეს ძილის, სეირნობის, თამაშის თუ სხვა. თუ ბავშვს ღამე ეღვიძება მოეფერეთ და აგრძნობინეთ, რომ დედა მის გვერდით არის. 

როგორ ვეთამაშოთ
ეცადეთ აქტიურად ეთამაშოთ სხვადასხვა სათამაშოთი. ეცადეთ თამაშში გამოიყენოთ ისეთი სათამაშოები, რომლებიც ბავშვს გეომეტრიული ფიგურებისა და ფერების აღქმაში დაეხმარება. დაიწყეთ რგოლებით. გახსოვდეთ, რომ შექება ძალიან მნიშვნელოვანია, ეცადეთ წაახალისოთ ბავშვი, ასე ის მეტად პროდუქტიული იქნება. 

რას ფიქრობს და რას გრძნობს
ამ ეტაპზე ბავშვი ძალიან კარგად ხედავს წვრილ ნივთებს. შეუძლია ხანგრძლივად და ყურადღებით ათვალიეროს წიგნი, რომელსაც უკითხავთ, განსაკუთრებით  იმ შემთხვევაში, თუ ეს ნივთი მისთვის ახალია.  ამ პერიოდში ბავშვს ემოციათა მთელი პალიტრა აქვს. 

როგორ განვუვითაროთ მეტყველება
ბავშვი სრულყოფილად აღიქვამს ყველა სიტყვას და ცდილობს გაიმეოროს, თუ ამ პერიოდისთვის მას შეუძლია ერთი სიტყვა მაინც წარმოთქვას სრულყოფილად, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი კარგად ვითარდება. 

როგორ აღვზარდოთ
თუ ბავშვი ისეთს არაფერს აკეთებს, რომ ავნოს ვინმეს ან საკუთარ თავს, ან არ აფუჭებს რამეს, ბევრი აკრძალვა საჭირო არ არის. ბავშვი უნდა მიაჩვიოთ იმის კეთებას, რაც მისთვის ნებადართულია. ნუ ეცდებით ამ ასაკში მიაჩვიოთ ქოთანს, ეს მისთვის ცოტა ადრეა. უბრალოდ ეცადეთ ნელ-ნელა გააცნოთ ქოთანი და დაამეგობროთ მასთან, დაუდეთ აბაზანში, რომ ხშირად დაინახოს.