აქვს თუ არა ყველა ბავშვს ცისფერი თვალები დაბადებისას? 

23-04-2022

ბავშვის თვალების ფერის გაგებას ბევრი მშობელი სულმოუთქმელად ელის. გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ყველა ბავშვი ლურჯი თვალებით იბადება და მათი ფერი ასაკთან ერთად იცვლება. 
ცისფერი თვალი ბევრი მშობლის ფავორიტია, მაგრამ საინტერესოა, ნამდვილად ყველა ბავშვი ცისფერი თვალებით იბადება თუ არა, ასევე, შეიძლება თუ არა ბავშვი ლურჯი თვალებით დაიბადოს მაშინაც კი, თუ არც ერთ მშობელს არ აქვს ცისფერი თვალები? გავიგოთ მეტი თვალის ფერის განმსაზღვრელი და მარეგულირებელი ფაქტორების შესახებ. 

ყველა ბავშვს ცისფერი თვალები აქვს დაბადებისას? 
არა, ყველა ბავშვი არ იბადება ცისფერი თვალებით. თვალის ფერი განისაზღვრება მე-15 ქრომოსომაში განთავსებული გენებითა და მათთან ზოგიერთი სხვა გენის ურთიერთქმედებით.  თითოეულ მშობელს აქვს თავისი უნიკალური გენების ნაკრები, ამიტომ შეუძლებელია, რომ ყველა ბავშვი ცისფერი თვალებით დაიბადოს.

რა განსაზღვრავს თვალის ფერს? 
თვალის ფერადი გარსი განივზოლიანი ქსოვილია, რომელიც გუგის დიამეტრს აკონტროლებს და თვალის ფერს ქმნის. თვალის ფერს, პირველ რიგში, განსაზღვრავს გენები სახელწოდებით OCA2 და HERC2, რომლებიც მე-15 ქრომოსომაში გვხვდება. ისინი არეგულირებენ მელანინის შემცველობას თვალის ფერად გარსში.  თვალის მელანინი არის იგივე პიგმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი კანის ფერს. ყავისფერ თვალებში მელანინი ყველაზე დიდი რაოდენობითაა, ხოლო ცისფერ თვალებში - ყველაზე ნაკლები. ბავშვი თითო ალელს (გენის ვარიანტს) თითოეული მშობლისგან იღებს და შედეგად იქმნება ალელთა წყვილების ნაკრები. მუქი თვალების ალელები მეტი მელანინის შემცველობით, როგორიცაა ყავისფერი, ითვლება დომინანტურად ნაკლები მელანინის მქონე თვალების მიმართ (ცისფერი). შეიძლება არსებობდეს შემდეგი ვარიაციები:
•    ორ ცისფერთვალა მშობელს უფრო მეტი შანს აქვს გააჩინოს ცისფერთვალება შვილი. 
•    ორ ყავისფერთვალა მშობელს მეტი შანსი აქვს, ყავისფერთვალება ბავშვი გააჩინოს. 
•    ერთ მშობელს ცისფერი თვალებით და მეორეს ყავისფერი თვალებით აქვს თითქმის თანაბარი შანსი, გააჩინოს ცისფერთვალება ან ყავისფერთვალება ბავშვი, თუმცა ყავისფერთვალება ბავშვის გაჩენის შანსი ოდნავ უფრო მეტია.
•    ორ ყავისფერთვალა მშობელს აქვს ცისფერთვალება ბავშვის გაჩენის მცირე შანსი, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ბავშვის ბებია-ბაბუას ცისფერი თვალები აქვს. 

რა შემთხვევაში იბადება ბავშვი ცისფერი თვალებით?
1. გენეტიკა
•    ოჯახური დამემკვიდრება: ბავშვი ყველაზე ხშირად ცისფერი თვალებით მაშინ იბადება, როცა მის წინაპარს აქვს ცისფერი თვალები.
•    ალელის რანდომული ექსპრესია: იშვიათად ყავისფერი თვალების მქონე მშობლებსაც უჩნდებათ ცისფერთვალება შვილი. ასეთ შემთხვევებში, ერთ-ერთი მშობელი შეიძლება იყოს ცისფერი თვალის ალელის მატარებელი, რომელიც მას გადმოეცა წინაპრებისგან, მაგრამ მასში არ გამოვლენილა. ის შეიძლება ბავშვში გამოვლინდეს.
•    სხვა გენებთან ურთიერთქმედება: კვლევების შედეგად დადგინდა, რომ თვალის ფერის გენეტიკა იმაზე უფრო რთულია, ვიდრე აქამდე სჯეროდათ, რადგან თვალის ფერის გენები შეიძლება ურთიერთქმედდეს სხვა გენებთან, რომლებიც მონაწილეობენ თმისა და კანის ფერის განსაზღვრაში. მათი გავლენით ბავშვი შეიძლება დაიბადოს ცისფერი თვალებით ოჯახური ისტორიის ან მიძინებული ლურჯი ალელების არსებობის გარეშეც კი. 

2. სინდრომები და დაავადებები
არსებობს გარკვეული გენეტიკური დაავადებები, სინდრომები ან დარღვევები, რომლებიც ბავშვის თვალების ცისფერ შეფერილობას იწვევს. ამ დროს ხშირად ბავშვს დაბადებისას ცისფერი თვალები არ აქვს და ის მხოლოდ რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ვლინდება. 
•    ოკულური ალბინიზმი: ეს არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც იწვევს თვალის ფერად გარსში მელანინის სრულად გაქრობას. თვალის შეფერილობა ღიავდება და საბოლოოდ ცისფერი ხდება. მდგომარეობა გენეტიკური მუტაციების შედეგია და ის შეიძლება იყოს თანდაყოლილი (დაბადებისას), რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ბიჭებში, ვიდრე გოგონებში. ოკულური ალბინიზმის მქონე ბავშვებს ყოველთვის არ აღენიშნებათ კანის ან თმის ალბინიზმი, თუმცა, ხშირია მხედველობის პრობლემები, როგორიცაა ბუნდოვანი მხედველობა. იშვიათ შემთხვევებში ბავშვმა შეიძლება მხედველობა დაკარგოს. 
•    ვაარდენბურგის სინდრომი: ეს არის გენეტიკური დარღვევა, რომელიც თანდაყოლილია. არსებობს ვაარდენბურგის სინდრომის სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა ნიშნით. მას ახასიათებს სმენის დაქვეითება ერთ ან ორივე ყურში, ღია ცისფერი თვალები, თვალების განსხვავებული შეფერილობა, პიგმენტაცია ფერადი გარსის გასწვრივ.
•    ჰეტეროქრომია: ეს არის მდგომარეობა რომელიც თვალის ფერის ცვალებადობას იწვევს. ზოგიერთი ბავშვი იბადება მხოლოდ ერთი ცისფერი თვალით. ჰეტეროქრომია შეიძლება იყოს შემთხვევითი გენეტიკური მუტაციის შედეგი, რომელიც არ არის დაკავშირებული რაიმე პრობლემასთან. იგი ცნობილია როგორც კეთილთვისებიანი ჰეტეროქრომია. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს გენეტიკური დარღვევის ნიშანი, როგორიცაა ვაარდენბურგის სინდრომი, სტურგ-ვებერის სინდრომი, ჰირშპრუნგის დაავადება და ჰორნერის სინდრომი.

იცვლება თუ არა ბავშვის თვალის ფერი დაბადების შემდეგ?
დიახ. პირველი წლის განმავლობაში ბავშვის თვალის ფერადი გარსი თანდათან ვითარდება. თვალის ფერის ძირითადი ცვლილებები ცხოვრების პირველი ექვსი თვის განმავლობაში ვითარდება. თვალის ფერის საბოლოოდ ჩამოყალიბება, ჩვეულებრივ, 9-დან 12 თვის ასაკამდე ხდება.
რა შემთხვევაში არსებობს შეშფოთების საფუძველი?
მიმართეთ პედიატრს ან ოფთალმოლოგს, თუ შეამჩნევთ შემდეგ ნიშნებს:
•    ჰეტეროქრომიის განვითარება
•    თვალის ფერის სწრაფი ცვლილება
•    თვალის ფერად გარსზე ღარების და წერტილების გაჩენა
•    თვალის ფერის შეცვლა სკლერის სიწითლესა და გუგების გაფართოებასთან ერთად
•    გენეტიკური ანომალიების ნიშნები, როგორიცაა სხეულის უჩვეული ნაკვთები
•    თვალის ფერის ცვლილება რომელიც ტრავმას მოყვება

momjunction.com