ყოველდღიური ტუალეტი ჩვილის ყოველდღიური ტუალეტი დილით პირის და ხელების დაბანით იწყება. სახეს ბანენ გამდინარე თბილი წყლით, თვალები უნდა გაიწმინდოს გარეთა კუთხიდან შიგნითა კუთხისაკენ, გადადუღებულ წყალში დასველებული სხავადასხვა ბამბის ტამპონით. ყური იწმინდება ბამბის ფთილით ან სპეციალური საბავშვო ყურის ჩხირით, რომელიც ღრმად ვერ შედის ყურში. ცხვირი სუფთავდება ბამბის ტამპონის ბრუნვითი მოძრაობით, თუ ცხვირის ღრუში არის
ქერქები, გამოსუფთავებამდე შეიძლება ფიზიოლოგიური ხსნარის ჩაწვეთება. კანის ფიზიოლოგიური ნაოჭები (ყურის უკანა, კისრის, იღლიის, საზარდულის) უნდა დამუშავდეს სპეციალური ბავშვის ზეთით. მიზანშეწონილი არ არის სპირტის გამოყენება.
ჭიპის მოვლა – ახალშობილი სამშობიაროდან ჭიპლარის ტაკვით ეწერება. კვლევები ადასტურებენ, რომ აღნიშნული ტაქტიკა მკვეთრად ამცირებს ინფიცირების რისკს. მშობელმა უნდა უზრუნველყოს ჭიპის სისუფთავე და სიმშრალე, უნდა დაიცვას ტაკვი შარდისა და განავლის ნაწილაკებისგან. დაბინძურების შემთხვევაში, გასუფთავება ხდება გადადუღებული ან საპნიანი წყლით, შესაძლებელია (არ არის აუცილებელი) ანტისეპტიკური ხსნარების (მაგ.: სპირტი) გამოყენება. ჭიპის ტაკვი არ უნდა მოხვდეს ბავშვის ერთჯერადი საფენის ქვეშ, ამისთვის ერთჯერადი საფენი უნდა ჩაიკეცოს, არ არის რეკომენდებული მისი შეხვევა ან მასზე ლეიკოპლასტის დაწებება. სწორი მოვლის პირობებში ჭიპის ტაკვის მოვარდნას 7-14 დღე სჭირდება. ასეთი მოვლის პირობებში, ტაკვის მოვარდნის შემდეგ ჭრილობა არ რჩება და ჭიპის სპეციალური მოვლა აღარ არის საჭირო. თუ ჭიპის ტაკვიდან აღინიშნება გამონადენი, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
ჩაბანა და ჰიგიენური აბაზანა – ჩვილის ჩაბანა აუცილებელია ყოველი ნაწლავთა მოქმედების შემდეგ. არ არის რეკომენდებული მხოლოდ სველი ხელსახოცით გაწმენდა, რადგან განავლის ნაწილაკები მაინც რჩება კანზე და შეიძლება კანის გაღიზიანება/გამოყელვა გამოიწვიოს. გოგონების ჩაბანა აუცილებელია წინიდან უკანა მიმართულებით, შარდ-სასქესო ორგანოები განავლით რომ არ დაისვაროს და შემცირდეს ინფიცირების რისკი.
ჰიგიენური აბაზანა – 6 თვემდე ასაკის ჩვილს უტარდება ყოველდღე, 6 თვის შემდეგ – დღეგამოშვებით. აბაზანის ხანგრძლივობაა 5-10 წუთი. წყლის ტემპერატურა – 36,5-37° (ახალშობილებში 37-37,5°), აუცილებლად წყლის თერმომეტრით უნდა გაკონტროლდეს.საპნის გამოყენება საკმარისია კვირაში 2-ჯერ, დასაბანად გამოიყენება რბილი ღრუბელი ან ნაჭერი. ბანაობის დროს აუცილებელია ბავშვის თავისა და კისრის დაჭერა. დასაშვებია როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური აბაზანა.
ჩვილის ჩაცმა – ჩვილს ისე უნდა ეცვას თავისუფალი, ბამბის ქსოვილის სეზონის შესაბამისი ტანსაცმელი, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს და თავისუფლად იმოძრაოს – მაისური ან „ბოდი“, ერთჯერადი საფენი, შარვალი, წინდები. თავზე ქუდის დახურვა არ არის საჭირო.
ფრჩხილის მოვლა - ფრჩხილი უნდა მოიჭრას მოკლედ, რომ ბავშვმა კანი არ დაიზიანოს. ხელის თითებზე ფრჩხილს მომრგვალებული ფორმა უნდა მიეცეს, ფეხის ფრჩხილს – სწორხაზოვანი, ფრჩხილის ჩაბრუნების თავიდან ასაცილებლად.
ოთახის ტემპერატურა – ახალშობილობის (პირველი 1 თვე) პერიოდში თუ ბავშვს ვაშიშვლებთ, ოთახის ტემპერატურა უნდა იყოს 20-22°, შემდეგ ასაკში კი – 19-20° ძილისდროს რეკომენდებული ტემპერატურაა 16-20°. უფრო მაღალი ტემპერატურა ზრდის ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის რისკს.
ძილი – ძილის დროს ჩვილი უნდა იწვეს საკუთარ საწოლში ზურგზე. არ არის რეკომენდებული მუცელზე ან გვერდზე ძილი, ვინაიდან ასეთი პოზიციის დროს იზრდება ჩვილის უეცარი სიკვდილის სინდრომის განვითარების რისკი.
მუცელზე წოლა – დღის განმავლობაში, სიფხიზლეში აუცილებელია ჩვილის მუცელზე დაწვენა მყარ ზედაპირზე უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს ხელს უწყობს ზურგის და კისრის კუნთების განვითარებას.
ჰაერზე სეირნობა – ზაფხულში დაბადებიდან 2-3 კვირის შემდეგ, ზამთარში კი, ერთი თვის ასაკიდან, აუცილებელია ბავშვის სუფთა ჰაერზე ყოველდღიურად გასეირნება. სეირნობის დროს ბავშვს სეზონის შესაბამისად უნდა ეცვას.
მზის სხივები – 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მზის სხივების პირდაპირი მოქმედება არ არის რეკომენდებული. 6 თვის შემდეგ რეკომენდებულია მზის სხივების პირდაპირი მოხვედრა სახეზე დღეში 17 წთ (კვირაში 2 სთ), ხოლო შიშველ მდგომარეობაში (ერთჯერადი საფენით)– 4 წთ დღეში (30 წთ კვირაში). არ არის სასურველი ბავშვის გარეთ გაყვანა ძლიერი ყინვისა და ქარის დროს.
წყარო: Unicef „ზრდისა და განვითარების მონიტორინგი“