ცხადია, თქვენს შვილს ყველა სხვა ბავშვში გამოარჩევთ. ყველა ფილმის სცენარი, სადაც დედას თავისი შვილი შემთხვევით სხვა ბავშვში ერევა, მტკნარი სიცრუეა. მაგრამ საინტერესოა, რა ასაკიდან იწყებენ პატარები დედის ცნობას?
შეიძლება, ამ კითხვაზე პასუხმა გაგაოცოთ. პატარები იმაზე უფრო ადრე გცნობენ, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.
ექსპერტების უმეტესობა ამტკიცებს, რომ ბავშვებს ადამიანების ცნობის უნარი დაბადებიდანვე დაჰყვებათ. მართალია, თავდაპირველად ეს უნარი დახვეწილი არ არის და ახალშობილებს სახეების დიდი სიზუსტით ამოცნობა არ შეუძლიათ, მაგრამ ამის შესაძლებლობა მათ ძალიან სწრაფად უვითარდებათ. ჩამოგითვლით ნიშნებს, რომლებიც მოწმობს, რომ თქვენი პატარა სხვებისგან გასხვავებთ და ზუსტად იცის, თუ ვინ ხართ:
ის გიყურებთ სახეში: თუ თქვენი შვილი პირდაპირ სახეში გიყურებთ, მოფერების, ბანაობის ან კვების დროს, ესე იგი მან იცის, რომ თქვენ მისთვის განსაკუთრებული პიროვნება ხართ.
ის თვალს ვერ გწყვეტთ: ეს თითქმის იგივეა, რაც უკვე ვახსენეთ, თუმცა, თუ თქვენი პატარა სხვა ადამიანების გარემოცვაში მუდმივად თქვენ გიყურებთ და სხვას არავის, ესე იგი მან იცის, რომ მისი მთავარი დამცველი და მომვლელი თქვენ ხართ.
მას შეუძლია თქვენი რძის ამოცნობა: ეს უნარი ოდნავ უფრო მოგვიანებით ვითარდება, მაგრამ ახალშობილი, როგორც წესი, ცნობს დედის რძეს და უარს ამბობს ხელოვნური საკვების ან სხვა ქალის რძის მიღებაზე.
ის ცნობს თქვენს ხმას: დამტკიცებულია, რომ ახალშობილებს ადამიანის ხმის ამოცნობის უნარი გააჩნიათ. თქვენი პატარა დაბადებიდანვე ცნობს თქვენი ხმის ტემბრს და საუბრის მანერას.
რას ამბობს მეცნიერება?
ზოგი კვლევის მიხედვით, ნაყოფი ჯერ კიდევ დაბადებამდე ცნობს დედის ხმას. ერთ-ერთ კვლევაში ახალშობილებს დედის ხმის ჩანაწერს და ორ სხვა ჩანაწერს ასმენინებდნენ. მათმა უმრავლესობამ მყისიერად იცნო დედის ხმა, რაც მოწმობს იმას, რომ მუცლად ყოფნის პერიოდში ბავშვი ისმენს და იმახსოვრებს დედის ხმას, ხოლო დაბადების შემდეგ ყოველგვარი სირთულის გარეშე გამოარჩევს მას ყველა სხვა ხმისგან.