ახალშობილის ნერვული სისტემა და რეფლექსები - რა შეუძლია თქვენს პატარას

07-07-2021

ახალშობილის ნერვულ სისტემას მთელი რიგი თავისებურებები ახასიათებს. ეს სწორედ ის სისტემაა, რომელიც ყველაზე მეტ ცვლილებას განიცდის ჩვილის სიცოცხლის პირველ თვეებში. რეფლექსები, აღგზნებადობა, რეაქცია გარემოზე მუდმივად  იცვლება. კუნთოვანი ტონუსი მეტწილად გამოხატულია სწორედ კუნთებში, როდესაც ჩვილი მუშტებს კრავს და ხსნის და ფეხებს ჭიმავს. ზოგიერთი ქცევა, რომელიც არ ითვლება ნორმად ზრდასრულებში, ნორმაა ჩვილებისთვის. მაგალითად კიდურების კანკალი, იგივე ტრემორი, გაღიზიანებული ზრდასრული ადამიანისთვის უჩვეულოა, თუმცა ჩვილისთვის ეს მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმალურია.    

 
ძვალსახსროვანი რეფლექსი - რეფლექსი, რომელსაც ექიმი ნევროპათოლოგი ჩაქუჩით სინჯავს, ახალშობილს არამდგრადი აქვს გარდა მუხლის რეფლექსისა, რომელიც ყველას აქვს ყველა ასაკში. 
არსებობს კიდევ განსაკუთრებული რეფლექსი, ე.წ ახალშობილის ფიზიოლოგიური რეფლექსები, რომელიც აიხსნება ახალშობილის თავის ტვინის განუვითარებლობით.  ეს რეფლექსები აქვს ყველა ჯანმრთელ ახალშობილს, რომელიც თავის ტვინის განვითარებასთან ერთად, 4-5 თვის ასაკისთვის, ქრება. ეს რეფლექსები ყველა მშობელმა შეიძლება აღმოუჩინოს თავის შვილს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ახალშობილს პრობლემა აქვს. 

ფიზიოლოგიურ რეფლექსებში შედის: 
ჩაჭიდების რეფლექსი
- თუ ზრდასრული ადამიანი ბავშვის ხელისგულის შიგნითა მხარეს თითს მიუტანს, ჩვილი მას ჩაეჭიდება, ჩაეჭიდება ისე ძლიერად, რომ თითით მისი აწევა იქნება შესაძლებელი. ეს არის ჩვილისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ფიზიოლოგიური რეფლექსი. 
შემოხვევის რეფლექსი - ეს რეფლექსი წარმოიქმნება იმ მაგიდაზე დარტყმის დროს, რომელზეც ბავშვი წევს. რეფლექსი შედგება ორი ფაზისგან - პირველად ბავშვი თავს წევს უკან, იშლება მხრებში და ხელებს განზე შლის. მეორე ფაზაში ხელები მკერდთან მიაქვს.    


ხოხვის რეფლექსი - თუ ბავშვს დააწვენთ მუცელზე და დიდი ადამიანი ხელის გულს ფეხებზე მიადებს, ბავშვი კრავს ფეხებს.
დაყრდნობისა და სიარულის რეფლექსი - ვერტიკალურ მდგომარეობაში ბავშვი ეყრდნობა მაგიდას. ცოტა წინ გადახრის შემთხვევაში კი აკეთებს მოძრაობას, რომელიც სიარულს ჰგავს. 
რეფლექსების სია ამ ჩამონათვალით არ მთავრდება, თუმცა ახლბედა მშობლისთვის, ვფიქრობთ, ეს აბსოლუტურად საკმარისი ინფორმაციაა. 
ეს ინფორმაცია იძლევა შესაძლებლობას ადამიანმა გარკვეული წარმოდგენა შეიქმნას იმაზე, თუ რა შეუძლია ახალშობილს. ერთი შეხედვით უმწეო ჩვილს რეალურად ძალიან ბევრი რამ შეუძლია. 


მისი მთავარი შესაძლებლობა კარგის და ცუდის გარჩევა და ამის სხვისთვის გადაცემა და დახმარების თხოვნაა. როდესაც ჩვილს შია, სცივა, სწყურია, ეშინია ან მოწყენილია, ის ტირის და ამით ნიშანს აძლევს მშობელს, რომ მისი დახმარება სჭირდება. 


ჩვილს ასევე შეუძლია წოვა, ყლაპვა, მოშარდვა, კუჭში გასვლა, დღის და ღამის გარჩევა, ხმაურის და სიჩუმის აღქმა და ა.შ. არც ისეთი უმწეო ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ახალშობილის უნიკალურ თვისებად შეიძლება ასევე ჩაითვალოს მისი უნარი ადაპტირდეს გარემოსთან. 
თუ ბავშვს ზედმეტად კომფორტულ გარემოს შეუქმნით, ის ამ გარემოსთან ადაპტირდება, მიეჩვევა კომფორტს, ცხოვრება კი გრძელია და არავინ იცის, ვის როდის რა დასჭირდება და საჭიროების შემთხვევაში ასეთ ადამიანს ძალიან გაუჭირდება სირთულეების გადალახვა. ამიტომ ეცადეთ ბავშვი ზომიერად გაანებივროთ, სოციუმთან კონტაქტი, იქნება ეს ბაღი, სკოლა თუ სხვა რამ აუცილებელია სრულყოფილი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.  


თუმცა, სანამ აქამდე მიხვალთ, ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია გარკვეული საფეხურების გავლა, რომელიც ასაკთან ერთად იცვლება, იქნება ეს ბავშვის კვება, ჰიგიენა, დასვენება, განვითარება თუ სხვა რამ. 

წყარო: ევგენი კომაროვსკი, "ახალშობილის პირველი წელი"