გაიცანით თქვენი ახალშობილი - რას ხედავს, რას გრძნობს და რა ესმის

07-07-2021

ყველა დედას ძალიან აინტერესებს, რას ხედავს ბავშვი, რა ესმის და რას გრძნობს. უნდა იცოდეთ, რომ მხედველობა, თვალის ნერვი და თავად თვალი ახალშობილ ბავშვს ჩამოყალიბებული არ აქვს. ახალშობილი არჩევს დღეს და ღამეს, თუმცა იმას, ვინ იქნევს მის წინ ხელს, ბებია თუ ბაბუა, ნამდვილად ვერ ხვდება. 

რაც შეეხება სმენას, ბავშვს დაბადებისთანავე არც ისე კარგად ესმის, თუმცა სახლში მიყვანილს სმენა ისეთივე აქვს, როგორც ზრდასრულ ადამიანს, უბრალოდ მას არ ესმის რას ეუბნებიან და ამიტომ არ რეაგირებს. ხმაურზე ხტება და შესაძლოა გულისცემაც აუჩქარდეს. 
ყნოსვა აქვს, გრძნობს, მაგრამ დედის და მამის სუნამოს სუნებს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს. ამიტომ ახალბედა დედებს ვურჩევთ ფრთხილად იყვნენ.ჰიგიენური საშუალებების გამოყენების დროს, ეცადონ, რომ მას მძაფრი სუნი არ ჰქონდეს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გაღიზიანება. ამ დროს ნეიტრალური, უსუნო საშუალებები ბევრად გამართლებულია.     
რაც შეეხება გემოს, აქ ჩვილს ყველაფერი წესრიგში აქვს, ტკბილი მასზე დამამშვიდებლად მოქმედებს, ბავშვი ილოკავს ტუჩებს და ტკბება გემოთი. მლაშე და მწარე არ უყვარს. ამ დროს წყვეტს ძუძუს წოვას და იწყებს ტირილს. 
შეხების გრძნობა ჩვილს კარგად აქვს განვითარებული, თუმცა არათანაბრად, ეს უკავშირდება ნერვულ დაბოლოებებს, რომელიც პატარა ასაკში ჯერ არ არის გადანაწილებული სრულყოფილად. 

გრძნობის ორგანოებთან დაკავშირებით ასე თუ ისე გავერკვიეთ, ახლა მოკლედ მიმოვიხილოთ დანარჩენი ფაქტორები. 

  • კანი - მშვენივრად მარაგდება სისხლით. ყველაზე წვრილი სისხლძარღვები, კაპილარები, შედარებით ფართოა, ვიდრე ზრდასრულებში. საკმაოდ განუვითარებელია საოფლე ჯირკვლები. სწორედ ამ ორ ფაქტორთან არის დაკავშირებული ახალშობილის მგრძნობელობა სხვადასხვა ფაქტორის მიმართ, მაგალითად გადახურების, თუმცა ჩვილებს აქვთ ერთი დიდი უპირატესობა, ასე ვთქვათ პლუსი, მათ აქვთ აღდგენის სწრაფი უნარი.     
  • კუნთები - სპეციფიური მახასიათებელი გახლავთ კუნთოვანი ტონუსის მომატება, თუმცა თავად კუნთები განუვითარებელია. ახალშობილის კუნთოვანი მასა საერთო წონის 20-25 %-ს შეადგენს, ზრდასრულებში ეს მაჩვენებელი 40 %-ია.  
  • სასუნთქი სისტემა  მოგეხსენებათ, ნაყოფს ფილტვითი სუნთქვა თითქმის არ გააჩნია. დაბადებისთანავე ჩვილი პირველად ჩაისუნთქავს ჰაერს, ზედა სასუნთქი გზები და ფილტვები ივსება ჰაერით და ჩვილი იწყებს სუნთქვას ისე,როგორც ვსუნთქავთ ჩვენ. ჩვილებს ძალიან ვიწრო და მგრძნობიარე სასუნთქი გზები აქვთ, იქნება ეს ცხვირის ნესტო, ტრაქეა თუ ლორწოვანი გარსი, რომელიც აქტიურად მარაგდება სისხლით. ახალშობილს დაცემინება შეუძლია, ცხვირიდან ლორწოს გამოდევნას კი ვერაფრით მოახერხებს.  
    იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ოთახი არ არის საკმარისად დატენიანებული ან არის მტვრიანი,  ჩვილის სასუნთქი გზები წარმოქმნის დამცავ ლორწოს, რომლის გამოყოფასაც ჩვილი ვერ ახერხებს და წარმოიქმნება პრობლემა. სწორედ ამიტომ არის საჭირო ბავშვის ოთახის მუდმივად სველი წესით დალაგება. 
  •  გულ-სისხლძარღვთა სისტემა - ბავშვის დაბადებისთანავე წყდება პლაცენტარული სისხლის მიმოქცევა. ბავშვის გულის და სისხლძარღვების მუშაობა საგრძნობლად იცვლება. ფილტვები სისხლით ივსება. ზოგიერთი სისხლძარღვი წყვეტს ფუნქციონირებას და იხურება.    ახალშობილის გული ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი ორგანოა. ის საკმაოდ მდგრადია დატვირთვისა და უჰაერობის მიმართ. ჩვილის გულისცემა წუთში 110-დან 140-მდე მერყეობს, ცვლილება ფიქსირდება ნებისმიერი აქტივობის დროს. 
  • მომნელებელი სისტემა -  ბავშვი იბადება ძალიან კარგად განვითარებული საღეჭი კუნთებით და შედარებით დიდი ზომის ენით, რაც ხელს უწყობს ხანგრძლივ და აქტიურ წოვის პროცესს. რაც შეეხება სანერწყვე კუნთებს, ის განუვითარებელია და ნერწყვიც მცირე რაოდენობით აქვს. მომნელებელი სისტემის ორგანოები ძალიან სწრაფად იზრდება. მაგალითად, სიცოცხლის პირველ დღეს ჩვილის კუჭი იტევს მხოლოდ 20 მლ. რძეს, ერთი კვირის შემდეგ - 50-ს, ახალშობილობის პერიოდის დასრულებისთვის კი - 100 მლ-ზე მეტს. გამომდინარე იქიდან, რომ ახალშობილის ორგანიზმი ორიენტირებულია რძის მონელებაზე, კუჭისა და ნაწლავების ფერმენტებიც, თავისი ხარისხითა და რაოდენობით, მზად არის სწორედ რძის გადასამუშავებლად.   
  • სიცოცხლის პირველი 10-20 საათის განმავლობაში ახალშობილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტი სტერილურია, თუმცა ის ძალიან მალე ივსება მიკრობებით. კუჭ-ნაწლავში გამრავლებული ბაქტერიები ცვლის ფეკალიების ფერს, ის თავდაპირველად  ყავისფერია, შემდეგ - მომწვანო-მოყვითალო, კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ ღია ყვითელი, ფაფისებური, მომჟავო სუნით.
  • გამომყოფი სისტემა - დაბადებისთანავე ჩვილის შარდის ბუშტში არსებობს გარკვეული რაოდენობის შარდი. დაბადებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში ჩვილი შედარებით ნაკლებს შარდავს, დღე-ღამეში 4-5-ჯერ და ეს ნორმალურია, თუმცა სიცოცხლის მეორე კვირიდან მოშარდვის რაოდენობა საგრძნობლად იზრდება და დღე-ღამეში 15-დან 20-მდე ადის. ახალშობილის შარდის ბუშტის მოცულობა 50-დან 80 მლ-ია, თუმცა ჩვილს ამ რაოდენობის შარდის დაგროვება არ შეუძლია, 10-15 მლ საკმარისია იმისთვის, რომ მოშარდოს. რაც შეეხება თირკმელებს, მართალია, ის ჩვილის დაბადებისთანავე მზად არის შეასრულოს თავისი ფუნქცია, თუმცა მაინც განუვითარებელია. 
     

წყარო: ევგენი კომაროვსკი, "ახალშობილის პირველი წელი"