ჩვილ ბავშვთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, დედა მას უნდა ესაუბრებოდეს, თუმცა ისიც კარგად უნდა იცოდეს, რომ დღის განმავლობაში ოჯახის სხვა წევრებსაც, მაგალითად ქმარსაც უნდა ეკონტაქტოს. ბავშვიც ესაუბრება დედას, თავისებურად, როგორც შეუძლია. ეს საუბრები იქნება ჯერ ღუღუნის, წამოყვირების სახით და ნელ-ნელა, ასაკის მატებასთან ერთად დაიხვეწება.
ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ბავშვის მიერ გამცემულ ხმებს დედები აღიქვამენ როგორც განგაშის მიზეზს, თუმცა ასე როდია. ბავშვი დედასთან ამყარებს კონტაქტს ისე, როგორც შეუძლია. ასე გრძელდება 2-3 თვემდე, 3 თვიდან კი ბავშვი იწყებს ღუღუნს, ამბობს აღუს და კონტაქტი უფრო თვალსაჩინო ხდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველივე თვეებიდან გამოიმუშავოთ ბავშვთან ურთიერთობის პრინციპები, არ არის საჭირო ნებიმსიერ წამოძახილზე ბავშვის ხელში ატაცება და მისი გადარჩენა გაურკვეველია, რისგან. არაფერი არ არის იმაში ცუდი და მიუღებელი, თუ ბავშვი ისწავლის მოთმინებას და მოცდას. მან უნდა გამოიმუშავოს, რომ თუ რამე უნდა, იმას უნდა მიაღწიოს. თუ ბავშვს შია, ცოტა წაიტიროს, იწრიალოს, ამაში საოცარი არაფერია, თქვენ კი მშვიდად მოუმზადეთ საკვები.
რაღა თქმა უნდა, ყველა დედას ძალიან უნდა, რომ მისმა შვილმა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ლაპარაკი. საამისოდ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ - ბავშვს უნდა ელაპარაკოთ, წაუკითხოთ ხმამაღლა და რაც შეიძლება ბევრი. კომენტარი გაუკეთეთ ყველა მოვლენას, აღუწერეთ ბავშვს ყველაფერი, გააცანით ადამიანები, გარემო, სადაც სეირნობთ. ნუ იფიქრებთ, რომ ეს ფუჭი დროის ფლანგვაა. დაგვერწმუნეთ, ეს ყველაფერი გამოიღებს სათანადო შედეგს. დაუსვით ბავშვს შეკითხვები კითხვით ფორმაში და მერე უპასუხეთ ამ შეკითხვებს.
გაუღიმეთ ბავშვს და ისე ესაუბრეთ, რომ შეიგრძნოს სიკეთე, სითბო. და კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი - ბავშვს ენის მოჩლექით ნუ ესაუბრებით, ელაპარაკეთ ისე, როგორც დიდს, მშვიდად, წყნარად, გამართული ენით. ისწავლეთ ბავშვის მოსმენა და მისი შექება, როდესაც ის რამე ახალს გააკეთებს. თუ რამის თქმა უნდა, არ გააწყვეტინოთ აზრი, მოთმინებით აღიჭურვეთ და დაელოდეთ, როდის ჩამოაყალიბებს აზრს.