სანამ ახალშობილზე საუბარს დავიწყებდეთ, მოდით ჯერ განვსაზღვროთ ტერმინი "ახალშობილი", რადგან, როგორც წესი, ამ გამოთქმაში ხშირად სხვადასხვა რამ იგულისხმება ხოლმე. თუ ახალდაქორწინებულები აღარ ითვლებიან ახალდაქორწინებულებად თაფლობის თვის შემდეგ, ახალშობილებისთვის ეს დრო 28 დღით განისაზღვრება, ასეა დამტკიცებული მედიკოსების მიერ. 28 დღე დაბადების მომენტიდან, უფრო სწორად კი ჭიპლარის გადაჭრის მომენტიდან, მომენტიდან, როდესაც ნაყოფი შორდება დედის სხეულს.
მას შემდეგ, რაც ახალშობილთან ერთად დატოვებთ სამშობიარო სახლს, ბავშვი ხდება თქვენი და მასზე პასუხისმგებლობაც მხოლოდ თქვენ გეკისრებათ.
პირობები, რომელიც ბავშვს სახლში დახვდება, ძალიან მნიშვნელოვანია მისი შემდგომი განვითარებისთვის.
ხალხში არსებობს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალშობილი არის ძალიან სუსტი არსება, რომლის სიცოცხლეც ბეწვზე კიდია.
ასე ფიქრობს ძირითადად უფროსი თაობა, მათ შორის მედპერსონალიც კი, თუმცა, გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ასე არ არის.
ასე რომ, მოდით შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვისაუბრებთ ჯანმრთელ ახალშობილზე, რომელიც დაიბადა თავის დროზე გარკვეული გართულებების გარეშე ფიზიოლოგიური გზით.
ბავშვის პირველადი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება ექიმების მიერ უშუალოდ სამშობიარო ბლოკში. აღნიშნული ინფორმაცია ფიქსირდება საბუთებში, რომელიც გადაეცემა მშობელს სამშობიაროდან გაწერის დროს, იქ მითითებული იქნება, რომ ბავშვი შეფასდა მაგალითად 8-9 ქულით აპგარის შკალით.
ყველამ არ იცის, ვინ არის ან რა არის აპგარი. ბევრს ჰგონია, რომ ეს აბრევიატურაა და მის გაშიფვრას ცდილობენ ხოლმე, თუმცა გეტყვით, რომ ეს გახლავთ ამერიკელი ქალბატონის, ანესთეზიოლოგის გვარი. სწორედ ქალბატონმა აპგარმა წარმოადგინა შკალა, რომლიც მოიცავს შეფასების 5 კომპონენტს. ამ კომპონენტების მეშვეობით შეიძლება დადგინდეს რამდენად ჯანმრთელია ბავშვი, ან პირიქით. ეს კომპონენტები გახლავთ: გულისცემა, სუნთქვა, კუნთოვანი ტონუსი, რეფლექსები და კანის შეფერილობა. თითო კომპონენტი ფასდება 2-3 ქულით და საბოლოოდ ჯამმა უნდა შეადგინოს 10.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ხაზგასმით, რომ აპგარის მიხედვით შეფასება მხოლოდ თეთრხალათიანთა საქმეა. მაშ ასე, თქვენ უკვე სახლში ხართ და იწყება მთავარი თავგადასავალი.