მონონუკლეოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს. მას მონოს ან „კოცნის დაავადებასაც“ უწოდებენ. მონონუკლეოზის გადაცემა ხშირად კოცნით, საერთო ჭურჭლის ან ნადა-ჩანგლის გამოყენებით ხდება. ის საკმაოდ გადამდებია, თუმცა არა იმდენად გადამდები, როგორც სხვა ინფექციები, მაგალითად, უბრალო გაციება.მონო, როგორც წესი, სერიოზულ დაავადებას არ იწვევს. თუმცა, ზოგ შემთხვევაში მას სერიოზული გართულებები მოჰყვება. მონონუკლეოზის სიმპტომები შეიძლება მსუბუქად ან მძიმედ იყოს გამოხატული. მან შეიძლება რამდენიმე კვირით გაგირთულოთ ყოველდღიური აქტივობების შესრულება.
უმეტესად ადამიანებს ეპშტეინ-ბარის ვირუსთან ექსპოზიცია ბავშვობაში აქვთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი მონონუკლეოზით ავადდება. ადამიანი შეიძლება მთელი ცხოვრება ვირუსის მტარებელი იყოს და არანაირი სიმპტომი არ გამოუვლინდეს. ეპშტეინ-ბარის ვირუსი ჰერპეს ვირუსების ოჯახის წარმომადგენელია. ადამიანთა უმეტესობას ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აქვს მასთან ექსპოზიცია. მაგალითად, აშშ-ში ზრდასრული მოსახლეობის 85-90% 40 წლის ასაკისთვის ვირუსის მტარებელია.
ეპშტეინ-ბარის ვირუსის გავრცელება ფიზიოლოგიური სითხეების მეშვეობით ხდება. ძირითად, ნერწყვით, ამიტომ არის გადაცემის ყველაზე ხშირი გზა კოცნა. ასევე დაინფიცირება დაავადებულ ადამიანთან საკვების, ჭურჭლის და დანა-ჩანგლის გაზიარების გზით ხდება. იშვიათ შემთხვევაში გადაცემა მაშინაც შესაძლებელია, თუ დაავადებული ადამიანი თქვენთან ახლოს დაახველებს ან დააცემინებს. ეპშტეინ-ბარის ვირუსის გავრცელება სისხლით ან სპერმითაც ხდება - სქესობრივი კავშირის ან სამედიცინო პროცედურების დროს, როგორებიცაა სისხლის ტრანსფუზია და ორგანოების ტრანსპლანტაცია.
მონონუკლეოზის დროს სხვადასხვა ადამიანში შეიძლება სხვადასხვა სიმპტომები გამოვლინდეს. ეპშტეინ-ბარის ვირუსით დაინფიცირების შემდეგ სიმპტომები 4-7 კვირაში ვლინდება. ხშირი სიმპტომებია:
• ცხელება
• დაღლილობა
• ყელის ტკივილი
• ლიმფური კვანძების შესივება
• კუნთების ტკივილი
• მადის დაქვეითება
• ზოგ ადამიანს საერთოდ არ უვლინდება სიმპტომები, ან ისინი ისე მსუბუქადაა გამოხატული, რომ ვერც კი ამჩნევენ.
• უმეტესად, გამოჯანმრთელება 2-4 კვირაში დგება. ხანდახან, დაღლილობა გამოჯანმრთელების შემდეგ რამდენიმე კვირა გრძელდება, ზოგ შემთხვევაში 6 თვე ან მეტიც კი.
ექიმი, როგორც წესი, სიმპტომებზე დაყრდნობით სვამს მონონუკლეოზის დიაგნოზს. გასინჯვისას ექიმი ამოწმებს ლიმფურ კვანძებს, ნუშურებს, ღვიძლს და ელენთას.მონონუკლეოზის დიაგნოზის დასაზუსტებლად იყენებენ შემდეგ ანალიზებს:
• სისხლის საერთო ანალიზი: ექიმის აკვირდება სისხლის თეთრი უჯრედების, ანუ ლეიკოციტების რაოდენობის და სხვა პარამეტრების ცვლილებებს.
• ანტისხეულების ტესტი: ამ ტესტით ექიმი შეაფასებს იმ პროტეინების არსებობას, რომლებსაც იმუნური სისტემა ეპშტეინ-ბარის ვირუსთან საბრძოლველად ქმნის.
მონოს გართულებები შეიძლება საკმაოდ სერიოზული იყოს. მათ შორისაა:
• ნუშურების შესივება. შედეგად შეიძლება სასუნთქი გზები შევიწროვდეს, გართულდეს ყლაპვა ან პირით სუნთქვა.
• ელენთის გადიდება: რთულ შემთხვევაში შეიძლება ელენთა გასკდეს. ეს იწვევს უეცარ, მკაფიო ტკივილს მუცლის ზედა მარცხენა მხარეს და გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობას წარმოადგენს.
• ღვიძლის დაზიანება: შეიძლება განვითარდეს ჰეპატიტი ან სიყვითლე.
• ცვლილებები სისხლში: შეიძლება განადგურდეს ძალიან დიდი რაოდენობის სისხლის წითელი უჯრედები - ერითროციტები. ამას ჰემოლიზური ანემია ეწოდება. ან შეიძლება განვითარდეს თრომბოციტების ნაკლებობა - თრომბოციტოპენია.
• გულის პრობლემები: შეიძლება გულის კუნთის ანთება - მიოკარდიტი ან გულის რითმის დარღვევა განვითარდეს.
• ნერვული სისტემის პრობლემები: გულყრები, ტვინის ანთება - ენცეფალიტი ან ტვინის გარსების ანთება- მენინგიტი.
გართულებების განვითარების უფრო მაღალი შანსი იმ პირებს აქვთ, ვისი იმუნური სისტემაც დასუსტებულია, მაგალითად აივ ინფექციით ან შიდსით დაავადებულებს ან პირებს, რომლებიც იმუნოსუპრესიულ მედიკამენტებს იღებენ.
მონონუკლეოზის სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. ანტიბიოტიკები და ანტივირუსული მედიკამენტები მონონუკლეოზის საწინააღმდეგოდ ეფექტური არ არის. მკურნალობის გეგმა შემდეგნაირია:
• ბევრი დასვენება.
• დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
• პარაცეტამოლის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება ცხელების და ტკივილის შესამსუბუქებლად.
• კორტიკოსტეროიდები ყელში არსებული შეშუპების ჩასაცხრობად.
მონონუკლეოზის ვაქცინა არ არსებობს. ეპშტეინ-ბარის ვირუსი ნერწყვში დაინფიცირებიდან თვეების შემდეგაც რჩება, ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი თუ სიმპტომები არ გაქვთ, შეიძლება ვირუსის გამავრცელებელი აღმოჩნდეთ.მონონუკლეოზით დაავადების რისკის შესამცირებლად ხშირად დაიბანეთ ხელები და ეცადეთ, არ გამოიყენოთ სხვის მიერ ნახმარი ჭურჭელი, დანა-ჩანგალი, კბილის ჯაგრისი და ა.შ.
წყარო: webmd.com