როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საწოვარას

27-04-2022

რა სარგებლობა აქვს საწოვარას?

საწოვარა საოცარი ნივთია,  მას შეუძლია დაამშვიდოს გაღიზიანებული, ატირებული ბავშვი, ეხმარება დაძინებაში, გართობაშიც კი. თუმცა, დგება მომენტი, როდესაც ბავშვმა მასზე უარი უნდა თქვას. ეს კი რაც უფრო ადრე მოხდება მით უკეთესი. 

ამერიკელი პედიატრი ჰავრი კარპი  მიიჩნევს, რომ საამისოდ ყველაზე ოპტიმალური პერიოდი ბავშვისთვის 6-7 თვეა. საქმე ის გახლავთ, რომ მოგვიანებით, დაახლოებით 9 თვისთვის ბავშვს საწოვარას მიმართ ემოციური მიჯაჭვულობა უჩნდება და მასზე უარის თქმა ბევრად რთული იქნება.  მიუხედავად ამისა, თუ გადაწყვიტეთ, რომ მისცეთ თქვენს შვილს უფლება საწოვარათი იმდენი ხანი ისარგებლოს, რამდენიც თავად გაუხარდება, იცოდეთ, რომ ის თავადაც იტყვის მასზე უარს.  თუმცა  ეს შეიძლება მოხდეს უკვე სამი წლის ასაკში და ამასობაში მას გაუჩნდება პრობლემა გემოს აღქმასთან ან დაკავშირებით, ასევე პირის აპარატის სწორად ჩამოყალიბების და თანკბილვის განვითარების კუთხით. ამიტომ დაფიქრდით, რომ ამის გაკეთება ორი წლის ასაკისთვის იქნება უმჯობესი. ჩვენ კი გირჩევთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება. 

საწოვარა, სოსკა, მატყუარა,

სამდღიანი მეთოდი

ეს არის ყველაზე სწრაფი მეთოდი, თუმცა მოითხოვს ხასიათის სიმტკიცეს.სანამ ბავშვს დასაძინებლად დააწვენთ უთხარით, რომ ხედავთ, როგორ უნდა, რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს. დაარწმუნეთ, რომ ეს ძალიან კარგი იდეაა და თუ საწოვარას დაემშვიდობება, ეს ბევრად სწრაფად მოხდება. თქვენი სამოტივაციო საუბარი 30 წამზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს. არც ისე უნდა ჟღერდეს, თითქოს ბავშვისგან ნებართვის აღება გსურთ. თუ ბავშვი წუწუნს დაიწყებს, უბრალოდ უთხარით, რომ იცით რამდენად რთულია ეს და შეეშვით. არ გეგონოთ, რომ ბავშვი წინასწარ მიღებული ინფორმაციის გამო ინერვიულებს. მისთვის საჭიროა ეს ინფორმაცია, რომ ფსიქოლოგიურად გადაეწყოს.  მეორე დღეს ისევ ისე ესაუბრებით ბავშვს და ახსენებთ, რა უნდა გააკეთოს მესამე დღეს.მესამე დღეს კი უბრალოდ აიღეთ საწოვარა, ბავშვთან ერთად მოათავსეთ ყუთში და ერთად გააგზავნეთ გადასამუშავებელ ქარხანაში, სადაც მისგან ლამაზ სათამაშოს გააკეთებენ. 
მოემზადეთ ბავშვის ისტერიკისთვისაც. თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, ამ  სიახლესთან შესაგუებლად ბავშვისთვის 2 დღე საკმარისია. 

საწოვარა, სოსკა, მატყუარა,

ნელ-ნელა გადაჩვევა

ეცადეთ ბავშვს საწოვარაზე უარი ეტაპობრივად ათქმევინოთ. მაგალითად, დაიწყეთ იმითი, რომ თამაშის დროს საწოვარა საჭირო არ არის, ასევე მანქანით მგზავრობის დოს. ნელ-ნელა მიხვალთ იქამდე, რომ საწოვარა დასაშვები მხოლოდ დღის ძილის დროს იქნება. მოგვიანებით კი არც დღის ძილის დროს უნდა დაგჭირდეთ. ამასობაში ნუ ჩაუნაცვლებთ დაზიანებულ, ძველ საწოვარას ახლით. 

საწოვარა, სოსკა, მატყუარა,

კეთილი ფერიას მეთოდი

და ბოლოს, თუ არსებობს კბილის ფერია, რატომ არ შეიძლება არსებობდეს საწოვარას ფერია, რომელიც მოვა ღამე და ჩუმად წაიღებს ბალიშის ქვეშ დატოვებულ საწოვარას. ეს მეთოდი გაგიმარტივებთ პროცესს, ჯერ ერთი, რომ ფერია მოვა განსაკუთრებულ დღეს, მაგალითად ბავშვის დაბადების დღეს და მეორეც, ის უბრალოდ კი არ წაიღებს საწოვარას, წაუღებს სხვა ბავშვს, უფრო პატარას, ვისაც მეტად სჭირდება და სანაცვლოდ დატოვებს ახალ სათამაშოს. დეტალები მშობელმა შესაძლოა დახვეწოს თავად, ბავშვის ხასიათის გათვალისწინებით.