თბილისის კლასიკური გიმნაზია
მისამართი:რუსთაველის გამზირი N 10
საკონტაქტო ნომერი: 032 299 72 43
სკოლის შესახებ:
თბილისის კლასიკური გიმნაზია რუსთაველის გამზირზე ქვაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ესაა პირველი გიმნაზია, რომელიც 1830 წელს გაიხსნა. მას ჯერ თბილისის გიმნაზია, შემდეგ თბილისის პირველი გიმნაზია, საბჭოთა ეპოქაში კი I საშუალო სკოლა ერქვა. 2011 წლიდან ძველი სახელი _ კლასიკური გიმნაზია დაუბრუნდა.
კლასიკური გიმნაზია XIX ს-ის II ნახევარში მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო. მას უმდიდრესი ბიბლიოთეკა ჰქონდა, სცენა, სადაც სპექტაკლები იდგმებოდა, ჰყავდა თავისი ორკესტრიც; გიმნაზიაში შეიქმნა საქართველოში პირველი მეტეოროლოგიური ობსერვატორიაც. სხვადასხვა დროს აქ სწავლობდნენ შემდგომში ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, პოეტები თუ მეცნიერები - გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი, ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინი, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო და მრავალი სხვა.
გიმნაზიისთვის შენობა 1833 წელს აშენდა. მოგვიანებით, 1872 წელს არქიტექტორმა, ოტო სიმონსონმა მისი რეკონსტრუქცია განახორციელა და შენობამ დღევანდელი სახე მიიღო. სამსართულიანი ნაგებობა კლასიცისტური სტილისაა. იგი ქუჩის სიღრმეში დგას და წინ პატარა სკვერი აქვს. სკვერში ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ქანდაკებებია აღმართული.
გიმნაზიის შენობა 1991-1992 წწ. თბილისში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების დროს დაზიანდა. იგი მალევე აღადგინეს პირვანდელი სახით.
1995 წ. 1 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა აღდგენილი შენობა. განახლებულმა პირველმა კლასიკურმა გიმნაზიამ გააგრძელა მემკვიდრეობით მიღებული საუკეთესო ტრადიციები. აღდგენილ იქნა გიმნაზიის ბიბლიოთეკა, რომელიც კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა სასკოლო ბიბლიოთეკებს შორის. ისევ განახლდა სკოლის მუზეუმი, სასწავლებელში მოქმედებს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 1994 წლიდან თბილისის კლასიკური გიმნაზია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში იუნესკოს ასოცირებული წევრი გახდა. 2011 წლიდან სკოლას ისტორიული სახელი "თბილისის კლასიკური გიმნაზია" დაუბრუნდა