როგორ შევამციროთ სწრაფი კვებით მიღებული ზიანი

03-07-2024

ბოლო 100 წელი კაცობრიობა იმდენად მჭიდრო გრაფიკში ცხოვრობს, რომ ადამიანები სულ იმაზე ფიქრობენ, როგორ გააკეთონ დროის ეკონომია, რათა ყველაფრის გაკეთება მოასწრონ. სწორედ ასე შეიქმნა ფასთ ფუდი, საკვები, რომელიც მალე მზადდება, არის კალორიული და ამავდროულად ძალიან გემრიელი. თუმცა, იგი იწვევს დამოკიდებულებას და ძალიან ბევრი ადამიანი ამაში  თავად დარწმუნდა. ყველამ ვიცით, რომ ასეთი საკვები, ანუ ფასთ ფუდი ძალიან ცუდია ადამიანის ორგანიზმისთვის და იწვევს სერიოზულ პრობლემებს. 

ფასთ ფუდი, კვება, ჯანმრთელობა, სწრაფი კვება,

სწრაფი კვების ობიექტების მიზანი ჩვენი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება ნამდვილად არ არის. მათი მიზანია მოამზადონ საკვები სწრაფად, იაფად, მარტივად, ლამაზად,  გემრიელად და რაც ყველაზე მთავარია, ისე, რომ არავინ მოიწამლოს. ასეთი დაწესებულებების მფლობელებს ნამდვილად არ უნდათ ჯარიმების გადახდა და სასამართლო პროცესებზე სიარული. არადა, საფრთხილო საქმე ნამდვილად არის, ასეთ ობიექტებს ხომ ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს და სულ პატარა შეცდომამაც კი შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიღოს.
ბაქტერიული ინფექციები საყოველთაოდ აღიარებულ და ცნობილ ფასთ ფუდებში ძირითადად გამორიცხულია, რამეთუ საკვები აქ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მზადდება, შეიცავს ძალიან ბევრ ნატრიუმს და ვალდებულები არიან, პროდუქტი წესების სრული დაცვით შეინახონ. ამიტომ სწრაფი კვების ცნობილ ობიექტებში მოწამვლის საშიშროება ნამდვილად არ არსებობს. 

ფასთ ფუდი, კვება, ჯანმრთელობა, სწრაფი კვება,

 

რაში იმალება ფასთ ფუდის მავნებლობა?

•    სწრაფი კვების კერძები შეიცავს ჭარბ ცხიმებს, ერთ ულუფაში იმაზე მეტი ცხიმია, ვიდრე ადამიანს მთელი დღე-ღამის განმავლობაში სჭირდება. 
•    ასევე შეიცავს ტრანს ცხიმებს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასეთი ცხიმები იწვევს გაცხიმოვნებას. 
•    ერთი ულუფა შეიცავს იმდენ მარილს, რამდენიც ადამიანს რამდენიმე დღის განმავლობაში სჭირდება. 
•    უსაფრთხო ნორმას აჭარბებს ასევე შაქრის შემადგენლობა გაზიან სასმელებში, კოქტეილებსა და ნაყინებში. 
•    ფასთ ფუდის საკვები  ასევე მაღალი კალორიულობით გამოირჩევა. 
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ  არ გახდეს რეკლამის მსხვერპლი და მსგავსი ობიექტების სტუმრობის შემდეგ საკუთარ ჯანმრთელობას მინიმალური ზიანი მიაყენოს? 
•    თავი აარიდეთ ისეთ კერძებს, რომელთა სახელწოდებაში არის სიტყვები: დიდი, სუპერი, სამეფო,  ორმაგი და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ულუფაში კალორიებიც ორმაგია. ამიტომ უმჯობესია არჩევანი სტანდარტულ ულუფაზე გააკეთოთ. 
•    უარი თქვით დამატებით შემოთავაზებებზე.  სწრაფი კვების ობიექტების მთავარი მიზანია შემოგთავაზოთ და გაყიდოს რაც შეიძლება მეტი. მაგალითად, ნაყინს გთავაზობენ ტოპინგით, შოკოლადით, მურაბით და ა.შ. არავის მოსდის აზრად, ამ დამატებით შემოთავაზებებზე უარი თქვას. არადა, ამით დამატებით კალორიებს და ზიანს ვიღებთ. 
•    ეცადეთ, რომ ბავშვს ულუფა გაუყოთ. თუ მთლიან ულუფაზე ვერ ათქმევინებთ უარს, ნახევარი მაინც მიირთვას. 
•    მაქსიმალურად აარიდეთ თავი ტკბილ გაზიან სასმელებს, რომელიც მედიცინაში თხევადი კალორიების სახით არის ცნობილი. ის ორგანიზმისთვის ძალიან მავნებელია. 
•    ფასთ ფუდით შეიძლება ისარგებლოთ საშუალოდ თვეში ერთხელ და ასე ნაკლებ ზიანს მიაყენებთ თქვენს ორგანიზმს, ხშირად ასე კვება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.

ფასთ ფუდი, კვება, ჯანმრთელობა, სწრაფი კვება,

როგორ დავიყვანოთ მინიმუმამდე ტკბილი გაზიანი სასმელების მიღებით გამოწვეული ზიანი? 
პირველი და ყველაზე ეფექტური ხერხი ულუფის შემცირებაა.
მაქსიმალურად ეცადეთ იგი რაიმე ბუნებრივი საშუალებებით ჩაანაცვლოთ, მაგალითად, ნატურალური წვენით, რომელიც არ შეიცავს შაქარს, მაგრამ ყველაფერს ჩვეულებრივი წყალი სჯობს. 

ფასთ ფუდი, კვება, ჯანმრთელობა, სწრაფი კვება,
 სწორად შეარჩიეთ სოუსი და გარნირი, უპირატესობა მიანიჭეთ გამომცხვარ საკვებს და არა შემწვარს. სოუსის არჩევის დროს კი ის შეარჩიეთ, რომელსაც დაბალი კალორია ექნება, მაგალითად მდოგვის სოუსში ბევრად ნაკლები კალორიაა, ვიდრე მაიონეზში.
ერთი სიტყვით, ფასთ ფუდი ის არის, რაზეც ადამიანები გიჟდებიან, განსაკუთრებით - ბავშვები, თუმცა მშობლებს ვურჩევთ, რაც შეიძლება გვიან გაასინჯონ ბავშვებს მსგავსი საკვები. ის კი, ვინც სტუმრობს მსგავს კვების ობიექტებს, თუ გაითვალისწინებს ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, ზიანს მინიმუმამდე დაიყვანს. არჩევანი თქვენზეა.