როგორ უნდა იკვებებოდეს ბავშვი, რომელიც სპორტით არის დაკავებული ან ინტენსიურად არის ფიზიკურად დატვირთული? 

04-07-2024

პირველი და მთავარი წესი ასეთ შემთხვევაში არის ის, რომ ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მშიერი ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპორტსმენს რამე განსაკუთრებული რაციონი სჭირდება, პირიქით, ისეთი ბავშვის გამოკვება უფრო რთულია, რომელიც საერთოდ არ არის დაკავებული სპორტით. აბა, წარმოიდგინეთ, ბავშვმა მიირთვა შოკოლადი და წამოსკუპდა ტელევიზორთან ან კომპიუტერთან. დროთა განმავლობაში მას აუცილებლად შეექმნება  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, იქნება ეს ზედმეტი წონა თუ სხვა. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს იმ თანატოლებთან შედარებით, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები. 

რით განსხვავდება სპორტსმენი ბავშვის კვების რაციონი ზრდასრულის რაციონისგან?
ზრდასრულებში, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები, ძალიან არის გავრცელებული სპორტული რაციონი, მაგრამ სპორტსმენის მშობელს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ბავშვი და სპორტული კვება ჯანმრთელობის ორი სხვადასხვა პოლუსია, ანუ კიდევ უფრო გასაგებ ენაზე რომ აგიხსნათ, თუ მწვრთნელი შეეცდება თქვენს შვილს შეუდგინოს განსაკუთრებული, სპორტული რაციონი, ამ მწვრთნელს აუცილებლად უნდა დაემშვიდობოთ და ეძებოთ ახალი.

ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება, ბავშვები, მოზარდის კვება, რაციონი,

რა უნდა მიირთვას ბავშვმა ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ?

ვარჯიშამდე სამი საათით ადრე ბავშვმა უმჯობესია მიირთვას ცილები, მაგალითად, ფაფა და ხორცი. სამი საათის განმავლობაში რეკომენდებულია წყლის დალევა, მაგრამ არა ჭამა. თუ ბავშვს ძალიან მოშივდა, შეუძლია შეჭამოს ძალიან ცოტა, წაიხემსოს მცირე ულუფით, ხემსი უნდა შედგებოდეს ნახშირწყლებისგან - ეს შეიძლება იყოს ბანანი, ვაშლი ან ტკბილი იოგურტი. 
ნებისმიერი სპორტსმენის რაციონში უნდა შედიოდეს რკინის შემცველი პროდუქტი, რამეთუ ვარჯიშის დროს ყველაზე მეტი დატვირთვა სისხლის მიმოქცევაზე მოდის. შესაბამისად, ორგანიზმს სჭირდება მეტი ჟანგბადი, რომელიც ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოს ჰემოგლობინმა უნდა მიაწოდოს, რომელსაც თავის მხრივ აუცილებლად სჭირდება რკინა. ამ მხრივ კი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ხორცია, რომლისგანაც ადამიანის ორგანიზმი ყველაზე კარგად შეიწოვს რკინას. 

ზოგიერთი ბავშვი უარს ამბობს ხორცის პროდუქტების მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში ბავშვი აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ექიმთან, ჩააბაროთ ანალიზები და დარწმუნდეთ, რომ ჰემოგლობინის დონე ორგანიზმში არ არის დაბალი. თუ ჰემოგლობინის მაჩვენებელი დაბალი აღმოჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს აღენიშნება რკინის დეფიციტი და აუცილებელი გახდება რკინის შემცველი პრეპარატების მიღება, მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. 

ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება, ბავშვები, მოზარდის კვება, რაციონი,

ნორჩი სპორტსმენის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ასევე კალცი, რასაც შეიცავს რძის პროდუქტები, თუმცა გვინდა გაგახსენოთ, რომ კალციუმი და რკინა ერთგვარი კონკურენტები არიან, რომელთაც ადამიანის ორგანიზმი ერთდროულად ვერ ითვისებს, ამიტომ ხორცის და რძის პროდუქტების ერთდროულად მიღება არ ღირს, ჯერ ერთი უნდა მიირთვას ბავშვმა და მერე - მეორე. 
უმთავრესი კი სპორტსმენის რაციონში არის არა საკვები, არამედ სასმელი. ბავშვებში სასმელი საკვებზე მნიშვნელოვანია, რადგან წყლის მარაგი ბავშვის ორგანიზმში ბევრად სწრაფად ამოიწურება ხოლმე. სითხის დეფიციტმა ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს ძალიან ბევრი პრობლემა,  მაგალითად:
•    ზეწოლა სისხლძარღვებზე
•    ზეწოლა თირკმელებზე
•    ლორწოვანი გარსის გამოშრობა და სხვა. 
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ნებისმიერ დროს უპრობლემოდ შეძლოს წყლის დალევა. კარგი იქნება, ეს 15 წუთში ერთხელ მაინც თუ მოხდება ან მინიმუმ საათში ერთხელ. 
თუ ბავშვი აქტიური სპორტით არის დაკავებული და ვარჯიშის დროს 45 წუთი, ერთი საათი ვერ ახერხებს სითხის მიღებას, უმჯობესია მიიღოს ისეთი წყალი, რომელიც შეიცავს ელექტროლიტებს - კალიუმს და მაგნიუმს. შესაძლებელია ასევე კომპოტების, ჩირის ნახარშის, წყალში გაზავებული (პროპორციით 1:1-ზე) ხილის წვენების მიღება.  

ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება, ბავშვები, მოზარდის კვება, რაციონი,

თუ ბავშვის სპორტზე შეყვანა მხოლოდ იმის გამო გეშინიათ, რომ შესაძლოა ბავშვმა კვებაზე უარი თქვას, გარწმუნებთ, პირიქით მოხდება, ერთი-ორი გაკვეთილის შემდეგ მისი მადა ერთიორად გაიზრდება. 
ამიტომ პასუხი კითხვაზე, როგორ უნდა ვკვებოთ სპორტსმენი ბავშვი პასუხი ელემენტარულსია  - სპორტსმენი ბავშვი მშიერი ბავშვია, რომელსაც სულ შია.