ამის თავიდან აცილება შეუძლებელია - თქვენი შვილის ცხოვრების რაღაც მომენტში მას აუცილებლად დასჭირდება სისხლის ანალიზი. ზოგჯერ ეს დიაგნოზისთვის არის საჭირო, ხან კი - საბავშვო ბაღისთვის ან სკოლისთვის საბუთების მომზადების დროს, სტომატოლოგთან მკურნალობის დროსაც. ეს პროცესი არავის მოსწონს, თუმცა ბავშვებს განსაკუთრებით ეშინიათ.
ერთის მხრივ, ეს მარტივი, ბანალური პროცედურაა, მაგრამ ბავშვის მომზადება სისხლის ასაღებად აუცილებელია. ალბათ ყველა მშობელს აინტერესებს, როგორ შეიძლება მოამზადოს ბავშვი ამ მანიპულაციისთვის ტკბილეულით (რაც არცთუ ჯანსაღი გამოსავალია) მოსყიდვის გარეშე, რომ ანალიზის აღების პროცესმა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ და სტრესის გარეშე ჩაიაროს.
პროცედურასთან დაკავშირებით მშობელმა უნდა მოაგვაროს ორი მხარე - ბავშვის ფიზიკური მომზადების და ფსიქოლოგიური მომზადების.
სანამ დეტალურად განვიხილავდეთ ამ ორ საკითხს, მოდით ჯერ ის გავარკვიოთ ზუსტად, რას წარმოადგენს სისხლის ანალიზი და რისთვის არის ის საჭირო.
სისხლის ანალიზი ძალიან ზოგადი ცნებაა. სისხლში უამრავი, რამდენიმე ასეული პარამეტრია, რომელზე საუბარიც ცალკე არის შესაძლებელი. მიმართვაში ექიმმა აუცილებლად უნდა ჩაწეროს, რა მიმართულებით სჭირდება იმ კონკრეტულ მომენტში სისხლის გამოკვლევა.
ეს შეიძლება იყოს:
• ანთების გამოვლენა
• იმუნიტეტის შეფასება
• ჰორმონების, ვიტამინების და სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებების დონის განსაზღვრა
• ღვიძლის, თირკმელების და სხვა ორგანოების გამოკვლევა
როგორც ხედავთ, ანალიზი მრავალნაირია და მისთვის მოსამზადებლად ერთი უნივერსალური მეთოდი უბრალოდ არ არსებობს.
სისხლის საერთო ანალიზი ბავშვებში ყველაზე გავრცელებული მიმართვაა და ის თითიდან სისხლის გარკვეული რაოდენობის აღებას გულისხმობს. ამ ანალიზის აღებას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება. ამ ანალიზისთვის ბავშვს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება, დედამ ბავშვს აღნიშნული ანალიზი მისთვის და ბავშვისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს შეიძლება აიღოს. არც ის არის საჭირო, რომ ანალიზის გაკეთების დროს ბავშვი იყოს მშიერი, ამას შედეგზე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. შიმშილით გამოწვეულმა სტრესმა და ნერვიულობამ კი შესაძლოა იმოქმედოს ანალიზის შედეგებზე.
დედა უნდა ეცადოს, რომ სისხლის აღების დროს ბავშვი იყო მშვიდად, ჰქონდეს თბილი ხელები და არ იყოს მშიერი.
რა თქმა უნდა, არსებობს ისეთი ანალიზები, რომლის დროსაც პაციენტმა უნდა დაიცვას გარკვეული შეზღუდვები ერთი დღით ადრე. მაგალითად, ქოლესტერინის ან გლუკოზის დონის ანალიზი განსაკუთრებულ მომზადებას მოითხოვს. ამ დროს პაციენტმა საკვები ნამდვილად არ უნდა მიირთვას. რაც შეეხება სითხის არმიღებას, იგულისხმება ნებისმიერი სითხე წყლის გარდა! უფრო მეტიც, სითხის ნაკლებობა ორგანიზმში ძირეულად ცვლის ანალიზის შედეგებს. და ეს არის ზუსტად ის მწვავე პრობლემა, რომელსაც პედიატრები და თერაპევტები აწყდებიან თავიანთ სამედიცინო პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ხარვეზის თავიდან აცილება, რათა მივიღოთ ამომწურავი სურათი. სჯობს პაციენტმა ზედმეტი წყალი დალიოს, ვიდრე გაუწყლოება დაემართოს.
ანუ ძირითადი დასკვნა შემდეგნაირია - ანალიზის დროს აუცილებელია სამი ძირითადი რეკომენდაციის დაცვა - სითხის დეფიციტის თავიდან აცილება, თბილი ხელი უშუალოდ სისხლის აღების დროს და, თუ აუცილებელია, საანესთეზიო საშუალების გამოყენება - ეს არის ის რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ ბავშვს აარიდოთ ზედმეტი სტრესი და შედეგად მიიღოთ ანალიზის უტყუარი პასუხები.
ასევე სასურველია, ბავშვს წინასწარ ესაუბროთ, არა დაშინებით და არც მოტყუებით, არამედ როგორც დიდს აუხსნათ, რისთვის სჭირდება მას ეს პროცედურა და ფსიქოლოგიურადაც მომზადებული მიიყვანოთ.