ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ საყოფაცხოვრებო გაზის მოწყობილობებს შეუძლიათ გაზარდონ ჰაერში ქიმიური ბენზოლის დონე, ცნობილი კანცეროგენი, რომელიც სიგარეტის კვამლშიც გვხვდება. კვლევაში საუბარია იმაზე, რომ გაზქურის ალიდან წარმოქმნილი ბენზოლის კონცენტრაცია ოთახში შესაძლოა უფრო მაღალი იყოს, ვიდრე მეორადი კვამლის საშუალო კონცენტრაცია.
ამერიკის კიბოსთან ბრძოლის საზოგადოება დიდი ხანია აფრთხილებს ადამიანებს, რომ გაზის მოწყობილობებთან დაკავშირებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ბენზოლის გამოყოფა, რაც იწვევს ბავშვთა ასთმას და ასევე ზრდის გარკვეული ტიპის კიბოს განვითარების რისკს, მათ შორის ლეიკემიას და ამას ახალი კვლევაც ადასტურებს.
ბენზოლი ოთახის ტემპერატურაზე აალებადი სითხეა, რომელიც სწრაფად ორთქლდება ჰაერში. ის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ქიმიური ნაერთია, რომელიც გვხვდება პლასტმასებში, სარეცხ საშუალებებში, პესტიციდებში, ბენზინში, სიგარეტის კვამლში და ა.შ.სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის ფარგლებში კალიფორნიასა და კოლორადოში 87 სახლი შეისწავლეს, რათა მეთანისა და პროპანის გამოყენებით სამზარეულოებსა და საძინებლებში ბენზოლის საშუალო დონე დაედგინათ. კვლევებმა დაადასტურა, რომ ზოგიერთ სახლში ბენზოლის შიდა კონცენტრაცია ბევრად აღემატებოდა ჯანმრთელობის უსაფრთხო რეკომენდებულ დონეს მაშინაც კი, როდესაც მოწყობილობები გამორთული იყო.
შესწავლილი შემთხვევების 29%-ში, ერთმა მაღალ ტემპერატურაზე ანთებულმა ქურამ ან 180 გრ-ზე დაყენებულმა ღუმელმა ბენზოლის კონცენტრაცია სამზარეულოში პასიური მოწევის შედეგად გამოყოფილი სიგარეტის კვამლზე მეტად ასწია. ეს კვლევა აღმოჩნდა პირველი, რომელშიც დაფიქსირდა ბენზოლით დაბინძურება გაზის მოწყობილობებით სარგებლობის დროს, ეს კონცენტრაცია წინა ტესტების შედეგებზე 100-ჯერ მეტი აღმოჩნდა, ეს ტესტები კი ფოკუსირებული იყო დაუწვავი გაზის გაჟონვაზე.
თუ გაზის მოწყობილობეით სარგებლობთ, მაშინ, ექსპერტები გირჩევენ, შეამოწმოთ სახლის ვენტილაციის სისტემა, რათა დარწმუნდეთ, რომ ის ოპტიმალურად მუშაობს. თუ შესაძლებელია, უკეთესია ელექტროქურებზე გადახვიდეთ.