პოდაგრა ბავშვები - სიმპტომები და მკურნალობა

27-04-2023

პოდაგრა სახსრების ანთებითი დაავადებაა, რომელიც დაზიანებული სახსრის ტკივილსა და შეშუპებას იწვევს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა უმეტესად მოზრდილებში გვხვდება, ის შეიძლება ბავშვებსაც აწუხებდეთ, რასაც "პედიატრიულ პოდაგრას" უწოდებენ.

რა არის პოდაგრა?

პოდაგრა არის ართრიტის, ანუ სახსრების ანთების, განსაკუთრებული ფორმა, რომელსაც ორგანიზმში შარდმჟავას ჭარბი რაოდენობით დაგროვება და სახსრებში მისი კრისტალების წარმოქმნა იწვევს. დაზიანებული სახსარი შეიძლება გახდეს მტკივნეული, შეშუპებული და შეიზღუდოს მისი მოძრაობა.
პედიატრიული პოდაგრა საკმაოდ იშვიათად გვხვდება და მისი გამომწვევი მიზეზი ხშირად სხვა სამედიცინო მდგომარეობაა.

პოდაგრა, პოდაგრა ბავშვებში,

პედიატრიული პოდაგრის სიმპტომები:

პოდაგრა ჩვეულებრივ იწყება ფეხის ცერა თითიდან, მაგრამ ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს სხეულის სხვა სახსრებზეც. პოდაგრის სიმპტომები ლოკალიზებულია დაზარალებული სახსრების არეებში და შეიძლება გამოვლინდეს როგორც:
•    მწვავე ტკივილი
•    შეშუპება
•    სიწითლე
•    გახურება
•    მოძრაობის შეზღუდვა

პოდაგრის გამომწვევი მიზეზები

პოდაგრა ჰიპერურიკემიის შედეგად ვითარდება. ეს სამედიცინო ტერმინი სისხლში შარდმჟავას რაოდენობის მომატებას აღნიშნავს. შარდმჟავა ქიმიურ ნაერთების, პურინების დაშლისას წარმოიქმნება, რომელიც ორგანიზმში საკვებიდან აღწევს. სამედიცინო მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება სისხლში შარდმჟავას დონის გაზრდა გამოიწვიოს, შემდეგია:
•    სიმსუქნე
•    მეტაბოლური სინდრომი
•    დაუნის სინდრომი
•    გულის თანდაყოლილი მანკები
•    თირკმლის დაავადებები
•    ლეშ-ნიჰანის სინდრომი

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჰიპერურიკემია ყოველთვის არ იწვევს პოდაგრას და ყოველთვის არ საჭიროებს მკურნალობას.

პოდაგრა ბავშვებში, პოდაგრა,

როგორ ხდება დიაგნოსტიკა

პოდაგრის დიაგნოსტირებისთვის ხდება პაციენტის ანამნეზის შეგროვება, მისი ფიზიკური გასინჯვა ორთოპედის მიერ და დიაგნოსტიკური ტესტების დანიშვნა. მათ შორისაა:
•    წვრილი ნემსით ასპირაცია - ექიმი დაზიანებული სახსრიდან ნემსით სითხეს იღებს, შემდეგ მას შეისწავლიან მიკროსკოპის ქვეშ, რათა აღმოაჩინონ ურატის კრისტალები და სხვა ნიშნები, რომლებიც ჰიპერურიკემიაზე მიუთითებს.
•    რენტგენი და ულტრაბგერითი სკანირება - დაზიანებული სახსრის  ვიზუალიზაცია ინსტრუმენტული გამოკვლევით.
•    სისხლის ანალიზები - სისხლში შარდმჟავას დონის განსაზღვრა. 

რა მეთოდები გამოიყენება მკურნალობისთვის? 

მკურნალობის პროცესში ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი ცხოვრების წესის შეცვლაა, რადგან სიმსუქნე პოდაგრის ერთ-ერთი რისკფაქტორია. 
ბავშვებს, რომლებსაც სიმსუქნესთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, აძლევენ წონის შემცირების, დიეტის და ფიზიკური აქტივობის გაზრდის რეკომენდაციებს.
ზოგიერთ ბავშვს შეიძლება დასჭირდეს პურინების შემცველი საკვების მიღების შემცირება ან სრულიად შეწყვეტა.

პოდაგრის გამწვავების მკურნალობა

შემდეგი სამკურნალო მეთოდები ხელს უწყობს პოდაგრის გამწვავების დროს ტკივილისა და შეშუპების შემცირებას:
•    დაზიანებულ სახსარზე ცივი კომპრესის დადება
•    დაზიანებული სახსრის მაღლა მოთავსება
•    ისეთი აქტივობების თავიდან აცილება, რომლებიც ზეწოლას ახდენს დაზიანებულ სახსრებზე
•    სტრესის შემცირება, რადგან სტრესმა შეიძლება გააუარესოს პოდაგრის შეტევა
•    ბევრი სითხის დალევა და გაზიანი სასმელების გამორიცხვა


ექიმმა შეიძლება ასევე გირჩიოთ მედიკამენტები, რომლებიც ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას, როგორიცაა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ან კორტიკოსტეროიდები. მნიშვენლოვანია იმის აღნიშვნა, რომ მკურნალობის გარეშე, პოდაგრისგან გამოწვეული ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს, სახსრის დაზიანების ხარისხი გაუარესდეს და საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.

წყარო: medicalnewstoday