შეცდომები, რომლებსაც მშობლები ცხელ დღეებში ბავშვის ჩაცმის დროს უშვებენ 

27-04-2023

სამწუხაროდ, ზაფხულობით საკმაოდ ხშირია ბავშვების მზისგან გადახურების შემთხვევები. როგორც ექიმები ამბობენ, ამ პრობლემის თავიდან აცილება მარტივად იქნება შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ მშობლები გარკვეულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ. პირველი და ყველაზე მთავარი გახლავთ ის, რომ ზაფხულში, როცა ტემპერატურა მაღალია, მზიან ამინდში, დღის საათებში ბავშვის მზეზე გარეთ გაყვანა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა აცვია ბავშვს სიცხეში. 
ექსპერტებმა დაასახელეს მშობლების მიერ დაშვებული ყველაზე გავრცელებული 4 შეცდომა, რისი გაკეთებაც არ შეიძლება გაზაფხულზე და ზაფხულში, მზიან დღეებში. 

სინთეტიკის და პოლიესტერის სამოსი

რაც გინდა ლამაზი კაბა ან მაისური ნახოთ თქვენი შვილის საყვარელი გმირის გამოსახულებით, გვერწმუნეთ, ზაფხულში, მზეზე ყოვლად დაუშვებელია ბავშვს ეცვას ხელოვნური ქსოვილისგან შეკერილი სამოსი, მზეში ბავშვის სხეული  მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილით უნდა იყოს დაფარული. საუკეთესოა ტილო, ბამბა, ბამბუკი, ასევე ტრიკოტაჟი, რომლის შემადგენლობაში ელასტინი არ იქნება 8 %-ზე მეტი. 

რამდენიმე ფენა ერთად

რამდენიმე ფენა სამოსი დასაშვებია ზამთარში, ზაფხულობით კი ეს სქემა არ მუშაობს. ცხელ დღეებში  ბლუზის ქვეშ მაისურმაც კი შეიძლება გააღიზიანოს ბავშვის კანი  და გამოიწვიოს გადახურება. ამიტომ სიცხეში უმჯობესია ბავშვმა ატაროს თავისუფალი, მსუბუქი და გრილი ტანსაცმელი. არ დაგვიწყდეთ ქუდიც, კარგი იქნება, თუ ბავშვს თავზე ექნება კეპი ან შლაპა. 

ბავშვის ქცევის იგნორირება

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ თუ ბავშვი ერჩის საკუთარ სამოსს, ქაჩავს მას, ცდილობს გახდას, იფხაჭნის სხეულს, აღენიშნება კანზე სიწითლე და გამონაყარი, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არასწორად აცვია და სერიოზულ დისკომფორტს განიცდის. თუ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, აუცილებლად წაიყვანეთ სახლში, ეცადეთ დაალევინოთ ბევრი წყალი, გააგრილეთ შენობა ვენტილატორის მეშვეობით და იმ დღეს მზეზე აღარ გაიყვანოთ. 

მუქი ფერის ტანსაცმელი

განსაკუთრებით ეს ქუდებს, თავსაფარს და კეპს ეხება. საქმე ის არის, რომ მუქი ფერი იზიდავს მზის სხივებს, შთანთქავს მას, ღია ფერი კი ფანტავს. ამიტომ მაგალითად შავმა კეპმა შესაძლოა ისეთივე გადახურება გამოიწვიოს, რაც  მცხუნვარე მზეზე კეპის გარეშე ყოფნამ. გარდა ამისა, სასურველია, თუ ბავშვის სამოსს არ ექნება მეტალის ელემენტები, ელვაშესაკრავები და სხვა დეტალები, რომელიც მზეზე შესაძლოა ძალიან გაცხელდეს და გამოიწვიოს არც მეტი, არც ნაკლები, დამწვრობა. 

ასევე დაგაინტერესებთ: