რა არის ტურეტის სინდრომი და როგორია მკურნალობის გზები

04-03-2023

ტურეტის სინდრომის მკურნალობის მეთოდები

ტურეტის სინდრომი ტიური აშლილობის ერთ-ერთი სახეა. ტიკები არის უნებლიე, განმეორებადი მოძრაობები. ეს შეიძლება იყოს ამოჩემებული ფრაზის ბევრჯერ უნებილედ გამოეროება და წამოძახილი, თვალების ხამხამი და სხვ. ტიკები უკონტროლო ხასიათისაა და სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის სოციალურ ინტერაქციებზე, 

მართალია, თითოეული პაციენტის მკურნალობას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ ჩვენ ვისაუბრებთ ექვს საუკეთესო მკურნალობის მეთოდზე, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავენ.

ტურეტის სინდრომი, ტიკები,

ADHD-ის მედიკამენტები

მიუხედავად იმისა, რომ ტურეტის სინდომის განკურნება მედიკამენტური მკურნალობით შეუძლებელია, მისი სტრესული სიმპტომების შემცირება შეიძლება.
მსუბუქი და ზომიერი სიმძიმის ტიკების მკურნალობა მოიცავს ADHD-ისთვის განკუთვნილ მედიკამენტებს. ეს მედიკამენტები ამცირებს ჰიპერაქტიურობას, აუმჯობესებს ყურადღებას, ამცირებს შფოთვას და ტიკების ინტენსივობას.

დოფამინის მაბლოკირებელი მედიკამენტები

დოფამინის ბლოკატორებს საშუალო და მძიმე ხარისხის ტიკების სამართავად იყენებენ. თუმცა, მათ მიღებას არასასურველი გვერდითი ეფექტების უფრო მაღალი რისკი მოსდევს.
ტიკების წარმოშობა დაკავშირებულია თავის ტვინში დოფამინის უჩვეულოდ მაღალ დონესთან. დოფამინი არის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც აკონტროლებს კუნთების მოძრაობას. დოფამინის ბლოკატორები აბალანსებს ამ ნეიროტრანსმიტერების დონეს, შედეგად ტიკების სიხშირე მნიშვნელოვნად მცირდება.

ქცევითი ინტერვენციები

ქცევითი თერაპიის მიზანია ტიკების გამომწვევი სიტუაციების იდენტიფიცირება და მათი თავიდან არიდება. ის ეხმარება პაციენტს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს ტიკების კონტროლში. ტურეტის სინდრომის მქონე ბევრი ადამიანი წინასწარ გრძნობს ტიკების დაწყებას. თერაპიის საშუალებით შესაძლებელი ხდება ამ შეგრძნებების უკეთ გამოვლენა და იმ ქცევის შემუშავება, რომელიც შეაჩერებს ტიკის დაწყებას.

თანმხლები დაავადებების მკურნალობა

ტურეტის სინდრომის მქონე ბევრ ადამიანს ხშირად აქვს სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევა. ყველაზე ხშირი თანმხლები დაავადებებია:
•    დეპრესია
•    შფოთვითი აშლილობა
•    ყურადღების დეფიციტის  და ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD)
•    ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (OCD)
•    აუტისტური სპექტრის აშლილობა (ASD)
•    ოპოზიციური აშლილობა (ODD)
•    ქცევის დარღვევები (CD)

ტურეტის სინდრომის მკურნალობის პროცესი უნდა მოიცავდეს ყველა თანმხლები დარღვევის დიაგნოსტირებას და მკურნალობას.

თანმხლები დაავადებები დიდ გავლენას ახდენს სწორი მედიკამენტის არჩევაზე და ასევე ტიკების ხასიათსა და სიხშირეზე. მაგალითად, ცნობილია, რომ სტრესი და შფოთვა ტიკებს აუარესებს, შესაბამისად შფოთვითი აშლილობის მკურნალობას შეუძლია გააუმჯობესოს ტურეტის სიმპტომები.

დამხმარე ფსიქოთერაპია

ტურეტის სინდრომი დიდ ემოციურ და ქცევით გამოწვევებს უქმნის ადამიანს, განსაკუთრებით - ბავშვებს. ბავშვები და მოზარდები ხშირად თავს უხერხულად გრძნობენ ტიკების გამო, უქვეითდებათ თვითშეფასება და თავს არიდებენ სოციალურ ინტერაქციებს. თერაპია ხელს უწყობს პაციენტს, ისაუბროს თავის გრძნობებზე, იმუშაოს მრავალ საკითხზე და შეისწავლოს ახალი უნარები, რომლებიც გააუმჯობესებს მისი ცხოვრების ხარისხს. ამ გამოწვევების დაძლევამ ასევე შეიძლება დიდი როლი ითამაშოს ტიკების მართვაში.

ბოტოქსის ინექციები
ბოტოქსი უკვე მრავალი წელია უსაფრთხოდ და წარმატებით გამოიყენება კუნთების სპაზმის სამკურნალოდ. ბოტოქსის აქტიური ინგრედიენტი, ბოტულინის ტოქსინი, დროებით ადუნებს კუნთებს. ბოტოქსის მცირე დოზის კუნთებში შეყვანა იწვევს ტიკების მანერიზმში ჩართული კუნთების მოდუნდებას და ტიკების შეწყვეტას. ამ მკურანლობის ეფექტი, დაახლოებით, 3-6 თვის განმავლობაში გრძელდება.

წყარო:thinkkids