არ არსებობს ერთი კონკრეტული ტესტი, რომელსაც შეუძლია დისლექსიის ზუსტად დიაგნოსტირება. დიაგნოზის დასმისას მთელი რიგი ფაქტორები განიხილება, როგორიცაა:
ბავშვის განვითარების დონე; განათლების პროცესი და სამედიცინო ისტორია - ექიმი დაგისვამთ შეკითხვებს ამ სფეროების შესახებ და ასევე, ოჯახში არსებული ნებისმიერი სამედიცინო მდგომარეობის, მათ შორის დისლექსიის ან სხვა ტიპის დასწავლის უნარის დაქვეითების შესახებ.
კითხვარები - დისლექსიის შეფასების პროცესში ექიმი ბავშვს, მასწავლებელს, მშობელს, ან აღმზრდელს სთხოვს შეავსონ კითხვარები. თქვენს შვილს შეიძლება სთხოვონ ტესტების ჩაბარება კითხვისა და მეტყველების უნარების შესაფასებლად.
გამოკვლევები - ტარდება მხედველობის, სმენის და ნევროლოგიური გამოკვლევები. ეს საჭიროა იმის დასადგენად, სწავლის პროცესის, ან კითხვის სირთულე სხვა სამედიცინო მდგომარეობით ხომ არ არის გამოწვეული.
ფსიქოლოგიური შეფასება - ბავშვის შესაძლებლობების შეზღუდვის სხვა მიზეზების გამოვლენის მიზნით ტარდება ფსიქოლოგიური შეფასება. ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის უკეთ შესაცნობად ექიმი თქვენ და თქვენს შვილს დაგისვამთ შეკითხვებს, რათა განსაზღვროს შესაძლო სოციალური პრობლემები, შფოთვა, დეპრესია და ა.შ.
აკადემიური ტესტები - ბავშვი გაივლის საგანმანათლებლო/აკადემიური უნარების შესაფასებელ ტესტების ნაკრებს და კითხვის ექსპერტი გააანალიზებს შედეგებს.
სამწუხაროდ, დღესდღეობით არ არსებობს ერთი მეთოდი, რომელიც აღმოფხვრის დისლექსიის პრობლემას. თუმცა მისი ადრეული გამოვლენა, კონკრეტული საჭიროებების შეფასება და შესაბამისი მკურნალობის დადგენა გამოსავალს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ხშირ შემთხვევაში მკურნალობა ეხმარება ბავშვებს, გახდნენ კომპეტენტური მკითხველები.
დისლექსია მოითხოვს სპეციფიკური საგანმანათლებლო მიდგომებისა და ტექნიკის გამოყენებით სწავლებას და რაც უფრო ადრე დაიწყება ის, მით უკეთესი. ბავშვის კითხვის და სხვა აკადემიური უნარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება დაეხმარება მის მასწავლებლებს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის შემუშავებაში.
კითხვის უნარების გასაუმჯობესებლად მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ტექნიკა, რომელიც მოიცავს სმენას, ხედვას და შეხებას, ანუ ამ დროს ბავშვი სწავლის პროცესში იყენებს რამდენიმე გრძნობას - მაგალითად, ჩაწერილ გაკვეთილს ისმენს, კითხულობს გაკვეთილის მანუსკრიპტს და წარმოთქმული სიტყვებს თითს აყოლებს.
მკურნალობა ფოკუსირებულია ბავშვის დახმარებაზე, რათა მან:
• ამოიცნოს და გამოიყენოს სტყვის შემადგენელი უმცირესი ნაწილაკები (ფონემები)
• გაიგოს, რომ ასოები და ასოების სტრიქონები წარმოადგენს ამ ბგერებსა და სიტყვებს (ფონიკა)
• გაიაზროს წაკითხული
• გაიმდიდროს ლექსიკონი
დისლექსიის მქონე ბავშვები, რომლებიც სათანადო დახმარებას იღებენ საბავშვო ბაღში ან პირველ კლასშივე, ხშირად ახერხებენ აითვისონ კითხვის უნარები საკმარისად კარგად, რათა საშუალო სკოლაში წარმატებით ისწავლონ. ბავშვებს, რომლებიც არ იღებენ დახმარებას მაღალ კლასებამდე, შეიძლება უფრო გაუჭირდეთ კითხვისთვის საჭირო უნარების შეძენა. ისინი, სავარაუდოდ, ჩამორჩებიან თანატოლებს აკადემიურად და შეიძლება ვერასოდეს დაეწიონ მათ.
ემოციური მხარდაჭერა და ისეთ აქტივობებში წარმატებისთვის შექება, რომლებიც არ მოიცავს კითხვას, მნიშვნელოვანია დისლექსიის მქონე ბავშვებისთვის.
სწავლის სირთულემ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი შვილის თვითშეფასებაზე. აუცილებლად გამოხატეთ თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა მის მიმართ. წაახალისეთ მისი ნიჭისა და ძლიერი მხარეების შექებით. ესაუბრეთ სკოლის პერსონალს, რათა მათ შეძლონ ისეთი სერვისების და მხარდაჭერის შეთავაზება, რომლებიც თქვენს შვილს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
წყარო: mayoclinic