როგორ მოვიქცეთ თერმომეტრის გატეხვის დროს? 

27-01-2023

როდესაც ძველი თერმომეტრი ტყდება სახლში ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ და ზოგადად რეკომენდებულია თუ არა ისევ ძველი თერმომეტრების გამოყენება? გვპასუხობენ პირველადი დახმარების ცენტრის სპეციალისტები.

ვერცხლისწყლის თერმომეტრი აკრძალული არ არის, შესაბამისად პირადი გადაწყვეტილებით შესაძლებელია მისი გამოყენება.
(თუმცა, გვახსოვდეს, რომ ყველაზე ადეკვატურ მონაცემს იძლევა რექტალური და შემდეგ ენისქვეშა თერმომეტრები)
იმ შემთხვევაში, თუ თერმომეტრი გატყდა და მცირე რაოდენობის ვერცხლისწყალი დაიღვარა ოთახში:

  • ჩაიცვით ხელთათმანები;
  • მარტივად შესამჩნევი ნამსხვერევები და ვერცხლისწყალი აიღეთ ქაღალდის ხელსახოცით, შეახვიეთ და მოათავსეთ ცელოფნის პარკში;
  • ნაკლებადგანათებულ ოთახში გამოიყენეთ ფანარი, რათა ანარეკლით მარტივად მიაგნოთ ვერცხლისწყალს;
  • დაიმახსოვრეთ, რომ ვერცხლისწყალს აქვს უნარი საკმაოდ დიდ მანძილზე გაგორდეს ოთახში, ამიტომ კარგად დაათვალიერეთ ყოველი კუთხე;
  • გამოიყენეთ პიპეტი ვერცხლისწყლის მცირე წვეთების მოსაგროვებლად;
  • ძალიან მცირე წვეთების მოსაგროვლებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მწებავი ლენტის წებოვანი მხარე;
  • ალაგებაში არ დაიხმაროთ ბავშვები და გაანიავეთ ოთახი;
  • არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი;
  • ყველა ნივთი, რომელსაც გამოიყენებთ ვერცხლისწყლის ასაგროვებლად, ბოლოს მოათავსეთ ცელოფნის სქელ პარკში და გადაყარეთ.