როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ბავშვს გადაუდებელი დახმარება სჭირდება - აუცილებელი ინფორმაცია მშობლებისთვის!

16-01-2023

ჩვილს თუ უკვე მოზრდილ ბავშვს ყველანაირი პირველადი დახმარება შეიძლება დასჭირდეს, იქნება ეს უცხო სხეულის გადაცდენა სასუნთქ გზებში, ტრავმა (სიმაღლიდან ვარდნა, ორ ობიექტს შორის მოჭყლეტვა, ავტოსაგზაო შემთხვევები), სისხლდენა, მაღალი ტემპერატურა თუ კანის დაზიანება სხვადასხვა მიზეზით (დამწვრობა, დერმატიტები). სწორედ ამის შესახებ, თუ როგორ შეიძლება იყოს მზად მშობელი პირველადი დახმარებისთვის, რის გაკეთება შეუძლია თავად და როდის არის აუცილებელი სამედიცინო ჩარევა, გვპასუხობენ პირველადი დახმარების სპეციალისტები.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ბავშვს ძალიან მაღალი ტემპერატურა აქვს და დამწევს არ ემორჩილება?

  • ბავშვებში მაღალი ტემპერატურით მიმდინარე ავადობები ხშირია, სახლის პირობებში შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი: 
  • მიეცით ბავშვს სითხეეები ადეკვატური რაოდენობით;
  • გადაამოწმეთ ტემპერატურა ღამის განმავლობაში რამდენჯერმე;
  • გამოიყენეთ არარეცეპტული მედიკამენტები - პარაცეტამოლი ან იბუპროფენი (აუცილებლად გაეცანით ანოტაციას და გაესაუბრეთ ფარმაცევტს ან ექიმს, რომ სწორად შეარჩიოთ დოზირება და ნახოთ, თუ არის რაიმე წინააღმდეგჩვენება თქვენი ბავშვისთვის);
  • ბავშვს ჩააცვით სეზონის/გარემოს შესაბამისად.(უმეტეს შემთხვევაში, ეს ინტერვენციები ეფექტურია და ტემპერატურა კონტროლირებადი);
  • თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, დაუკავშირდით ექიმის;
  • თუკი პირველი შემთხვევაა, დაუკავშირდით ექიმს;
  • ეცადეთ მოარიდოთ სხვა ბავშვებს და იყავით სახლში. 

პირველადი დახმარება, გადაუდებელი დახმარება,

რა არ გავაკეთოთ:

  • არ ჩასვათ ბავშვი გრილ წყალში;
  • არ ჩააცვათ ბევრი ტანსაცმელი;
  • არ მისცეთ ბავშვს ანალგინი და დიმედროლი;
  • არ მისცეთ ასპირინი 16 წლამდე ბავშვებს;
  • არ მისცეთ ბავშვს პარაცეტამოლი და იბუპროფენი ერთად, ექიმის კონსულტაციის გარეშე;
  • 6 თვემდე ასაკის ბავშვს მედიკამენტი მიეცით მხოლოდ ექიმის კონსულტაციით;
  • ექიმის რეკომენდაციის გარეშე, არ მისცეთ ბავშვს იბუპროფენი თუ მას აქვს ასთმა.

როდის მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ:

  • 6 თვემდე ბავშვი ტემპერატურით > 38⁰C.
  • თუ ტემპერატურასთან ერთად აღენიშნება სხვა მკვეთრი სიმპტომატიკა (მაგალითად, გამონაყარი);
  • თუ ბავშვი ვერ იკვებება და ვერ იღებს სითხეებს;
  • თუ ტემპერატურის გამო მიცემული პარაცეტამოლი არაეფექტურია;
  • დეჰიდრატაციის (გაუწყლოების) ნიშნების შემთხვევაში - გამომშრალი კანი, „ჩავარდნილი“ თვალები, ტირილისას ცრემლის არარსებობა, შარდვის შემცირება;
  • თუ განვითარდა გულყრა;
  • თუ აღენიშნება ნებისმიერი ის სიმპტომი, რომელიც გაეჭვებთ და ფიქრობთ, რომ არის მნიშვნელოვანი.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ბავშვს აქვს ცრუ კრუპი?

თუ განვითარდა კრუპის შეტევა, მყეფავი შეტევითი ხასიათის ხველა, პირველ რიგში:

  • ბავშვი უნდა წამოვაყენოთ, ამოვუდოთ დამატებითი ბალიშები თავქვეშ ან დავსვათ (ავიყვანოთ ხელში, ვერტიკალურად);
  • გამოვაღოთ ფანჯარა და ვეცადოთ მივცეთ გრილი ჰაერი;
  • დავამშვიდოთ ბავშვი, ვეცადოთ, რომ ნაკლები იტიროს (ტირილი ამწვავებს სიმპტომებს);
  • ვაკონტროლოთ ტემპერატურა და მივცეთ სითხეები;

თუ ეს ქმედებები არ არის ეფექტური, სიმპტომები მწვავდება, სახეზეა სუნთქვის და/ან მეტყველების გაძნელება აუცილებლად უნდა დავუკავშირდეთ ექიმს. 
მნიშვნელოვანია ასევე საპრევენციო ღონისძიებები: მოერიდეთ ვირუსული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტს, არ მოწიოთ სიგარეტი სახლში და მიყევით გრიპის საწინააღმდეგო სეზონურ ვაქცინაციას.

როგორ უნდა მოვიქცეთ ფებრილური გულყრის დროს?

პირველ რიგში, გვახსოვდეს, რომ აბსოლურტურ უმრავლეს შემთხვევაში კონტოლირებადია და ფებრილური გულყრის დროს ტვინის დაზიანება არ ხდება.
უმეტეს შემთხვევაში, ეს გრძელდება რამდენიმე წთ (<5), ბავშვი თავისთავადვე მოდის გონებაზე და შესაძლოა, განვითარდე მოთენთილობა და ძილიანობა.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ განვითარდა გულყრა:

  • დააწვინეთ ბავშვი უსაფრთხო პოზიციაში (გვერდულად);
  • დაიცავით მეორე დაზიანებებისგან (არ მიარტყას თავი მყარ საგანს);
  • არ ეცადოთ პირის ძალით გახსნას და არ ჩაუყოთ ბავშვს პირში თითი;
  • დაუკავშრდით ექიმს.

პირველადი დახმარება, გადაუდებელი დახმარება,

როგორ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან გაგ რეფლექსი და საჭმლის გადაცდენა, რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? 

გაგ რეფლექსი გულის რევის რეფლექსია, ამ დროს ბავშვს სუნთქვა (ისმის ხმიანობა, ტირის) შენარჩუნებული აქვს და შესაძლოა შევნიშნოთ პირნაღები მასების გადმოსვლა.
საკვების გადაცდენისას, შესაძლოა განვითარდეს ორი სცენარი:
1 - ეფექტური ხველა - რა დროსაც ბავშვი ახველებს, ტირის, ისმის სუნთქვის ხმიანობა;
2 - არაეფექტური ხველა - ამ დროს პირის მოძრაობა გავს ხველას თუმცა ხმა არ ისმის, ბავშვი ვერ ტირის, ვერ ლაპარაკობს, სუნთქვითი ხმიანობა არ არის და სახეზე იწყება შეფერილობის ცვლილება. ეფექტური ხველის დროს დარჩით ბავშვთან, დაამშვიდეთ, თუ ითხოვს წყალს და შეუძლია დალიოს, მიეცით წყალი, თუ პატარაა, შეგვიძლია ხელში ჭერისას წინ გადავხაროთ და ზურგზე ხელის დარტყმით დავეხმაროთ.
რაც შეეხება არაფექტურ ხველას, ის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაა, ჩვილ ბავშვებში უნდა ჩატარდეს ე.წ. სენდვიჩის მეთოდი, რა დროსაც ხელზე დაწვენილ ბავშვს თავი აქვს ქვემოთკენ მიმართული და ბეჭებს შორის ხორციელდება 5 ძლიერი დარტყმა ხელის გულით, შემდეგ გულმკერდზე 5 ზეწოლა, მანამ, სანამ ბავშვი არ ამოაგდებს უცხო სხეულს. დიდ ბავშვებზე შესაძლებელია ჰეიმლიხის მანევრის ჩატარება, რა დროსაც მაშველი დგას დაზარალებულის უკან და მუცლის ზედა ნახევარში ახორციელებს ზეწოლებს.
მნიშვნელოვანი და აუცილებელია პირველადი დახმარების ცოდნა.
რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს 112-ში დარეკვა.

როგორ მოვიქცეთ, თუ ძუძუთი ან ბოთლით კვების დროს ჩვილს სცდება საკვები? 

მოაცილეთ ბავშვი საკვებს, რამდენიმე წამით შეუცვალეთ პოზიცია და წამოწიეთ ვერტიკალურად. თუ ბავშვმა ვერ მოახერხა სასუნთქი გზების გათავისუფლება, უნდა მიმართოთ ‘’სენდვიჩის მეთოდს’’

როგორ უნდა მოვიქცეთ დამწვრობის შემთხვევაში?

დამწვრობა არ არის მხოლოდ კანის ლოკალური დაზიანება, მას შესაძლოა მძიმე გართულებები მოჰყვეს, შესაბამისად, პატარა ასაკში ყოველთვის ჯობს ექიმმა შეაფასოს დამწვრობა. დაუკავშირდით 112-ს.
სანამ ექიმთან მიხვალთ:

  • მოაშორეთ ტანსაცმელი დამწვრობის ადგილიდან (თუ მიკრულია დამწვრობის გამო, ნუ ეცდებით აძრობას);
  • მოაშორეთ ნებისმიერი სამკაული დამწვრობის ადგილიდან;
  • ოთახის ტემპერატურის მქონე გამდინარე წყლით გააგრილეთ დამწვარი არე;
  • არ გახეთქოთ ‘’ბუშტუკები’’;
  • დაზიანებული არე დაფარეთ სუფთა ბინტით ან საკვების შესაფუთი ფირით (არ უნდა მოხდეს ფირი დახვევა, მხოლოდ დაფენა ზემოდან);

რა არ გავაკეთოთ:

ნუ მიმართავთ ე.წ. ხალხურ მეთოდებს, არ წაუსვათ სხვადასხვა კრემები, მაწონი, კბილის პასტა,  კარაქი ან შარდი, მათი ეფექტურობა არ არის დადასტურებული, მეტიც, მსგავსი ქმედებები შესაძლოა გახდეს ჭრილობის ინფიცირების მიზეზი.

როგორია ძილის ყველაზე უსაფრთხო პოზა ჩვილისთვის?

ამერიკის პედიატრთა ასოციაცია რეკომენდაციას უწევს ზურგზე წოლას, მყარ მატრასზე, რომელზეც თეთრეული მჭიდროდ არის დამაგრებული, ბავშვს უნდა ეძინოს საკუთარ საწოლში, მისი გადმოყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ კვებისთვის.
ბავშვს უნდა ეძინოს ბალიშის, საბნისა და სათამაშოების გარეშე. ასევე, არ არის რეკომენდებული ბავშვის საწოლის მოაჯირების დამცავი ფენებით გარშემორტყმა.
თუმცა, თუ ბავშვი იმ ასაკის არის, რომ თავად მარტივად შეუძლია გადაბრუნება და გადმობრუნება, ამ შემთხვევაში ძილში მუცელზე გადაბრუნებისას არ ვერევით ძილის პოზიციაში.

როგორ მოვიქცეთ როდესაც ჩვილი ბჟირდება?

ჩაბჟირება ეს არის ამოსუნთქვის ბოლოს სუნთქვის დროებითი, რეფლექსური გაჩერება, რომელიც საშუაოდ გრძელდება 1 წთ და ბავშვისთვის აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში არის უსაფრთხო.
მიზეზი შესაძლოა იყოს ტკივილი, ტრავმა ან გაბრაზება/გაჯიუტება.
პირველადი დახმარება მოიცავს სიმშვიდის შენარჩუნებას, მეორადი დაზიანების პრევენციასა და ბავშვთან ყოფნას.
მნიშვნელოვანია, რომ სიჯიუტეზე განვითარებული ჩაბჟირება არ წავახალისოთ (მაგალითად, ბავშვს სურს უყიდოთ სათამაშო, თქვენ უარი უთხარით და შემდეგ განვითადა ჩაბჟირება, რის შემდეგაც თქვენ შეიცვლით აზრს და უყიდით მას), წახალისებით ჩაბჟირების ეპიზოდებმა შესაძლოა მოიმატოს.
სხვა განსაკუთრებული ჩარევა საჭირო არ არის, ჩაბჟირება თავისთავადვე დამთავრდება და ბავშვი გააგრძელებს სუნთქვას.
როდის მივმართოთ ექიმს:

  • თუ ჩაბჟირების პირველი ეპიზოდია;
  • თუ გრძელდება 1 წუთზე მეტხანს;
  • თუ ჩაბჟირება გადადის გონების კარგვაში ან გულყრაში;
  • თუ ჩაბჟირება ვითარდება დიდ ასაკში > 6 წელი;
  • თუ ჩაბჟირება იმატებს და ვითარდება ძალიან პატარა ასაკში < 5 თვე.

რა აუცილებელი მედიკამენტები ან სამედიცინო აპარატი უნდა იყოს სახლში, სადაც ჩვილი ბავშვია? 

სახლის აფთიაქის ჩამონათვლის ოქროს წესი არ არსებობს, ნებისმიერ შემთხვევაში დგინდება ინდივიდუალურად, ინვენტარი კი იმის მიხედვით, თუ რა ცოდნა აქვთ ამ სახლში მცხოვრებ ადამიანებს.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სახლში გვქონდეს:

  • ტკივილგამაყუჩებლები - ისეთი, როგორიც არის იბუპროფენი და/ან პარაცეტამოლი;
  • ანტისეპტიკური ხსნარები ჭრილობის ჩამოსაბანად;
  • სხვადასხვა ზომისა და ფორმის მწებავი პლასტირები;
  • სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბინტი;
  • მზისგან დამცავი კრემი;
  • ხელთათმანები;
  • პინცეტი;
  • ანტიბაქტერიული მალამო;
  • თერმომეტრი / მაკრატელი;

აფთიაქის გამრავალფეროვნება ყოველთვის შეიძლება ცოდნის გაღრმავებით და ასევე, იმის მიხედვით, თუ ოჯახის რომელიმე წევრს აქვს ქრონიკული დაავადება, რომელიც მოითხოვს სხვადასხვა მედიცკამენტების მარაგის ქონას.

პირველადი დახმარება, გადაუდებელი დახმარება,

როგორ მოვიქცეთ თერმომეტრის გატეხვის დროს? 

როდესაც ძველი თერმომეტრი ტყდება სახლში ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ და ზოგადად რეკომენდებულია თუ არა ისევ ძველი თერმომეტრების გამოყენება.
ვერცხლისწყლის თერმომეტრი აკრძალული არ არის, შესაბამისად პირადი გადაწყვეტილებით შესაძლებელია მისი გამოყენება.
(თუმცა, გვახსოვდეს, რომ ყველაზე ადეკვატურ მონაცემს იძლევა რექტალური და შემდეგ ენისქვეშა თერმომეტრები)
იმ შემთხვევაში, თუ თერმომეტრი გატყდა და მცირე რაოდენობის ვერცხლისწყალი დაიღვარა ოთახში:

  • ჩაიცვით ხელთათმანები;
  • მარტივად შესამჩნევი ნამსხვერევები და ვერცხლისწყალი აიღეთ ქაღალდის ხელსახოცით, შეახვიეთ და მოათავსეთ ცელოფნის პარკში;
  • ნაკლებადგანათებულ ოთახში გამოიყენეთ ფანარი, რათა ანარეკლით მარტივად მიაგნოთ ვერცხლისწყალს;
  • დაიმახსოვრეთ, რომ ვერცხლისწყალს აქვს უნარი საკმაოდ დიდ მანძილზე გაგორდეს ოთახში, ამიტომ კარგად დაათვალიერეთ ყოველი კუთხე;
  • გამოიყენეთ პიპეტი ვერცხლისწყლის მცირე წვეთების მოსაგროვებლად;
  • ძალიან მცირე წვეთების მოსაგროვლებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ მწებავი ლენტის წებოვანი მხარე;
  • ალაგებაში არ დაიხმაროთ ბავშვები და გაანიავეთ ოთახი;
  • არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი;
  • ყველა ნივთი, რომელსაც გამოიყენებთ ვერცხლისწყლის ასაგროვებლად, ბოლოს მოათავსეთ ცელოფნის სქელ პარკში და გადაყარეთ.

პირველადი დახმარება, გადაუდებელი დახმარება,

 

თუ გინდა იცოდე, როგორ მოიქცე გადაუდებელი შემთხვევის ადგილზე და ისწავლო, როგორ გადაარჩინო სიცოცხლე - დარეგისტრირდი ბავშვთა პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგზე ფასდაკლებით

21 იანვარს ტრეინინგის ღირებულება Modern Moms club-ის წევრებისთვის 90 ლარის ნაცვლად 70 ლარია. 

სარეგისტრაციო ბმული https://forms.gle/PsBBzZqrqst747LUA 

რეგისტრაციის დროს მიუთითეთ პრომოკოდი Modernmoms.ge